ზამთრის ბოლო დღის სევდა

დღიური რომ მქონდეს ასე დავწერდი :

ზამთრის ბოლო დღეა.

სამყარო სავსეა ომით, სიკვდილით, შიშით, ბოროტებით.
ეს ჩვენი 80 წელი, რაც ამ დიდ ცისფერ ბურთზე უნდა გავატაროთ, არ არის ბედნიერებითვის მონიჭებული.

ბედნიერება ხომ ილუზიაა.

და ჩვენ ძალიან პატარები და ძალიან მარტოსულები ვართ ამისათვის.

ჩემნაირებისთვის ტრაგედია ცხოვრებაა.
იმათ იკითხონ, ვისაც აქ რამე დარჩენია.

“სიკვდილი მე არ დავიჩემე, სიკვდილმა თვითონ დამიჩემაო” – ერთი ბიჭი ამბობდა.

ხოდა- მეც არ დამიჩემებია სევდა.
სევდამ დამიჩემა თვითონ!

ქვეყანა თავზე გვენგრევა და არ მეშინია.

იმიტომ კი არა , რომ “მაინც ყველანი დავიხოცებით” ადრე თუ გვიან და მსგავსი სისულელეები.. არა. ამიტომ არა.

არ მეშინია ისე, უბრალოდ. მეც კი არ ვიცი რატომ.

თებერვლის ბოლოსავით უაზრო და ნაცრისფერია ყველაფერი.

მხოლოდ პოეზია გადაგვარჩენს.
მხოლოდ პოეზია გვიშველის.

და სიტყვები..

“ყვითელი ფოთლები,
თან მიაქვს
ქარს..”
-რაღაც ასეთი.

სხვა ყველაფერი სისულელეა.

დეკემბერი

“ნეტავ, რა იქნება თუ გეტყვი, რომ ახლა, 2023 წლის 17 დეკემბერია. დილის 4 საათი და 30 წუთი . ახლა ნახევარ ქვეყანას სძინავს,
ნახევარი კი ათენებს.

მე სადღაც შუაში ვარ. ანუ -არც მძინავს და არც ვათენებ.
შენც სადღაც შუაში ხარ. ანუ -არც ჩემთან და არც სხვასთან.

ვწევარ, სადღაც შუაში,
არც სიცოცხლისკენ და არც სიკვდილისკენ.
არც ეშმაკისკენ და არც ღმერთისკენ.
არც კარგად და არც ცუდად.
ვწევარ და ვფიქრობ, რა იქნება , თუ კი ამ ყველაფერს გეტყვი,
მერე იქნებ, სადღაც კი არა , ჩემთან იყო. “

მე მომწონს ჩემნაირი გოგოები

გამარჯობა. ჩემი სახელია ანა და 90-იანების გოგო ვარ. ისეთივე, როგორიც სხვა ჩემი თაობის გოგოები არიან. გამორჩეული მხოლოდ სისხლის ჯგუფი და წინასწარმეტყველური სიზმრები მაქვს. სხვა არაფერი.
ნოემბერში დავიბადე და უჟმურ ხასიათს და ფერფლიდან აღდგომის უნარს ზოდიაქოს ვაბრალებ ხოლმე.
(ნევროზულ გამოხტომებს კი ამინდს) . მიყვარს სასიყვარულო მელოდრამები და ცხოველები. მოკლედ- არაფრით გამორჩეული გოგო ვარ . ჩვეულებრივი გოგოების კლუბი რომ არსებობდეს იქაც ვივლიდი და სათვალიან, თმაგადაწეულ შუახნის ფსიქოთერაპევტს სისხლს გავუშრობდი.
ბიჭებს ყოველთვის მოვწონვარ, მაგრამ არასოდეს ვუყვარდები. ესაც როგორი ბანალურია, არა ? ამასაც ზოდიაქოს ვაბრალებ ხოლმე და ჩემს სიძლიერეს. თუმცა, არც ერთის ბრალია და არც მეორესი.
ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა იმ ბიჭმა მითხრა, ბრმა უნდა იყოს შენ რომ ადამიანს არ უყვარდეო. მაინც ბრმა აღმოჩნდა , თუმცა სხვა გოგო კარგად დაინახა .
მერე ერთი ბიჭი მომეწონა და იმან- შენნაირი გოგოები არ მომწონსო. ასე, უბრალოდო.
მას მერე ვფიქრობ, როგორია ჩემნაირი გოგო?
და მერე უცებ გავიზარდე და მივხვდი. მივხვდი კი არა , ზუსტად ვიცი რომ მე , მე მომწონს ჩემნაირი გოგოები. მე მიყვარს საკუთარი თავი!
ვაფრენ და ვგიჟდები იმაზე, როგორ შემიძლია ყოველი მზის ამოსვლა მიხაროდეს.
ვგიჟდები იმაზე, როგორ შემიძლია “უბნის ლოთთან “საათობით ვილაპარაკო.
ვგიჟდები იმაზე, რომ 30 წლის ასაკშიც ვითვლი ლამპიონებს ჩემი სოფლის გზადკეცილზე და სახურავებზე მეზობლის ტყემლის მოსაპარად დავრბივარ.
მიყვარს რომ ნამდვილი ვარ!
რომ სიყვარულისთვის ბრძოლა შემიძლია! რომ სიამაყის დამარცხება შემიძლია! რომ დანებება არ ვიცი რა არის და რომ ახლაც 12 წლის ანასავით მჯერა, რომ ჩემი ოცნებები ახდება!
მიყვარს რომ ვერ ვთამაშობ, რომ ვერ ვიპრანჭები, რომ მე მე ვარ.
ჩვეულებრივი გოგო ანა. რომელსაც მხოლოდ სისხლის ჯგუფი აქვს იშვიათი, და კიდევ ის, რომ ვერა და ვერ გაიზარდა .
მეტი არაფერი.

ნოემბერი

გამოტოვებულ ზარს ვგავარ ბოლო დღეებია. რომ იყო, მაგრამ ვერ შეამჩნიეს.

ნოემბერი კი მაინც დადგა.

ზუსტად ისე, როგორც უნდა დამდგარიყო. ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილა მეტი.

თუმცა, შარშანდელზე მეტად მზიანი იყო წელს ნოემბერი. ზოგჯერ ისეთი მზიანიც, ვერც იფიქრებდი, შემოდგომააო. სითბოთი სავსე დღეები მიეწყო. ჯინსის ქურთუკითაც რომ მოივლიდი ქუჩებს და არ შეგცივდებოდა, ისეთი დღეები.

თბილი დღეები.

(მაგრამ ,მაინც , ნოემბერი ერქვათ)

დაბადების დღე მქონდა.

ჩემებურად, ბრჭყვიალა კაბით. დღეც ლამაზი დაემთხვა. მზიანი.

მაგრამ მაინც ნოემბერი იდგა.

მაინც შემოდგომა გვერქვა.

მეც, და დაბადების დღესაც.

დავიწყებული დაბადების დღეები უფრო მიყვარს. რომ იციან და არ გილოცავენ.

ეს უფრო მეტს ამბობს.

მეტს ყვება.

არავინ იცის რას, მაგრამ ყვება.

“შენ ჩემ თავს ვერ გაგახსენებდი” . რაღაც ასეთს. ან უფრო უარესს.

..

რა უნდა იყოს ამაზე უარესი? რა უნდა იყოს ამაზე უარესი.. ვიმეორებ და პასუხი არ მაქვს.

ასე იცის შემოდგომამ. მოვა და მოიტანს შეკითხებს, ამბებს, სიტყვებს. მოგაყრის და ერთიანად აგირევს ცხოვრებას.

ვერ იგებ, რას იწყებ და რას ამთავრებ.

..

ჩემთვის მაინც დასასრულს ნიშნავს შემოდგომა. ნოემბერი- მითუმეტეს.

იასამანი

“იასამნების სეზონი დადგა.

ნეტავ, რამდენი იასამანი უნდა აყვავდეს, გაზაფხულს გაზაფხული რომ დაერქვას?
ან იქნებ, ერთ იასამანსაც შეუძლია გაზაფხული მოიყვანოს.

შენსავით.

“დამიჯერებდი მაშინაც, თუ კი ყველა იტყოდა რომ ვტყუი? “

დამიჯერებდი.
რადგან შენსავით არავინ მიცნობს.

ჩემი ქუჩის გადასწვრივ 12 ნაძვია, ჩემი სოფლის გზადკეცილზე 68 ლამპიონი, ჩემი სახლის კიბეს 11 საფეხური აქვს.
ტყემლის ხე , ჩემი ფანჯრიდან ზუსტად 1 ხელის გაწვდენაზეა.

ეს ყველაფერი ფაქტია.
და არ იცვლება.
ისევე, როგორც ფაქტია, რომ შენი სიცილი აპრილის მოსვლას გავს.

(და არ იცვლება ის, რომ ისევ სიზმარში გხედავ. )


იასამნების სეზონია.
ერთმა მეგობარმა მითხრა იასამნისფერი შენი ფერიაო.(ლილიტი)

მე კი მგონია, იასამანი მხოლოდ ყვავილი არ არის. კიდევ რაღაცას ნიშნავს.
რას, არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ნიშნავს.

“იასამანი სულია ჩემი,
შენ ხარ სული ჩემი-იასამანი. “

რილკე. საღამო. კატები.

რა უნდა მეთქვა კიდევ..
ვეღარ ვიხსენებ.

არა, აუცილებლად რაღაცას ნიშნავს,
იასამანი. “

იისფერი

“შენ- ბიჭი ბრუკლინიდან.
მე- გოგო არსაიდან.
შენ- სული იისფერი..
მე – გულის გადახსნიდან

დამრჩა 1 წუთი.

( იქნებ არც ამდენი)

ვდგავარ
და გიყურებ,
თვალის უპეებზე,
გითვლი გათენებულ ღამის მისტერიებს,
ვითვლი ქრონიკულად გაბმულ ისტერიებს,
(შენ რომ დაგინახე, ზუსტად იმ წამიდან)

შენ რომ დაგინახე, ზუსტად იმ წამიდან!
და ჩემს იშემიურ, ფერმკრთალ ხელისგულებს,
სისხლს რაღას დავეძებ, როცა შენ აკლიხარ!
….
ალბათ შეგხვდებოდი,
საღამოს ექვსისკენ,
ბრუკლინის ბოლოში,
ან ბრონქსის კვეთაზე,

შენ- მხრებზე თმებით, და ხელში სიგარეტით,
თვალებს მომაპყრობდი გადახსნილ ვენაზე.

შენ- კიბერ სამყაროდან,
მე- ისევ არსაიდან,
შენ- ბიჭი ტატუებით,
მე გულის გადახსნიდან …

დამრჩა 1 წუთი..

სანამ გავქრები და ,
სანამ ზღვის ქარები ხელებს გამიციებს,
სანამ გადავყვები ანტიდეპრესანტებს,
სანამ ჩემს ლოცვებზე ღმერთი გაიცინებს..

შენ ! იასამნის რეინკარნაცია
მე- რას დავეძებ.. (ეშმაკს წავუღივარ)
შენ -ხორცშესხმული ფერი მაისობის,
მე- ჩემ ღმერთსაც რომ ვეღარ გავუგივარ,

ვდგავარ შენს წინაშე,
ბრონქსის ბოლოში და
ანდაც შეიძლება , ბრუკლინის კვეთაზე,
შენ სულში აპრილით და ხელში სიგარეტით,
თვალებით მეხები გადახსნილ ვენაზე..

შენ- ბიჭი ტატუებით-
მე- გოგო არსაიდან
შენ სული იისფერი
მე .. გულის გადახსნიდან

დამრჩა 1 წუთი. . .

თებერვლის პოსტი

ვერასოდეს გაიგებ რატომ მიდიან შენგან.
ამის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მაგრამ შენ მხოლოდ შენს თავს ადანაშაულებ.
ეს თითქმის ყოველთვის ასეა, და ყოველთვის ერთნაირად იწყება.
ჯერ გეცოდება საკუთარი თავი, შემდეგ გძულს, შემდეგ ისევ გეცოდება, ისევ გძულს.. და ასე უსასრულოდ.
მხოლოდ ერთი შეკითხვა გაქვს- რატომ. და არასოდეს არ არის პასუხი იქვე. არც იქვე და არც არსად.
რატომ შენ, რატომ მაინცდამაინც შენ. და ტვინში ერთი და იგივე ტრიალებს, ერთმანეთის მიყოლებით.
რომ არ აგირჩიეს,
ვერ დაგინახეს,
ვერ გიცნეს,
ვერ გაგიძლეს.
და ისევ შენს თავთან რჩები.
მარტო ათენებ, მარტო დადიხარ, მარტო გტკივა.. მარტო ხარ.
და ეს მარტოობა ისეთი ნამდვილია , ისეთი შენი, ხანდახან გგონია- ყველაფერი დაგესიზმრა.
უკვე ვეღარც იჯერებ რომ ვიᲜმეს უყვარდი, ვინმეს ადარდებდი, ვინმე სტკიოდი. ყველა სიტყვა ტყუილი გგონია.
უკვე გგონია რომ ის კარგად ყოფნა, ის ერთად ყოფნა შეცდომა იყო და ეს მარტოობა სწორი.
ასე გგონია მარტოობა შენთვის არსებობს,
რომ სხვანაირად შეუძლებელია.

და მიდიხარ დასკვნამდე, რაც ისედაც ყოველთვის იცოდი.
არსებობს ბედნიერებები, შენთვის რომ არასოდეს მოხდება.
მერე იწყება გადაბმული გათენებები, როცა შენ კი არ ათენებ, თვითონ თენდება.
იწყება უარაფრო დღეები, როცა გეკითხებიან როგორ ხარო, და საერთოდ არ ხარ.
მარტო სეირნობები იწყება, როცა შეყვარებულების დანახვა აღარ გიხარია.
როცა ოცნებობ სულ ზამთარი იყოს, რომ გარეთ აღარ გახვიდე.
როცა ფრიალა კაბები გძულს,
როცა მხოლოდ საშინელებათა ფილმებს უყურებ.
სახლში მისვლაც აღარ გინდა. არავინ რომ არ დაგხვდება და არავინ გაგიკეთებს ჩაის.(ისე რომ არ გკითხავს, რამდენი შაქარი ჩაგიყაროს) არავინ გაგითბობს ხელებს, არავინ დაგითვლის საძილე აბებს და არავინ შეგისწორებს საბანს- არ გაცივდეო.
ახლა ისიც აღარ გადარდებს გაცივდები თუ არა, შენზე მაინც აღარავინ იდარდებს.
ხოდა გინდება გაცივდე, გინდება რაიმე დაგემართოს, გგონია სამაგიეროს გადაუხდი მიტოვებისთვის.
გინდა მოკვდე, რომ გული ატკინო, შური იძიო.
მერე გახსენდება, რომ მაინც აღარ ეტკინება, და ცოცხალი რჩები.

ფიქრობ, ლამაზი რომ ყოფილიყავი, მხიარული, პოზიტიური, სხვა გოგოებივით , სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და ისევ ასკვნი რომ შენი ბრალია. შენ ხარ ცუდი, მისატოვებელი, არშესაყვარებელი, არაგანსაკუთრებული..

ზიხარ და ერთსა და იმავეს ეკითხები საკუთარ თავს- რატომ არ შეგიყვარეს. რატომ არასოდეს შეგიყვარეს.
და პასუხი არ გაქვს.
რადგან არ არსებობს.

მიდიხარ, წვები, სინათლეს აქრობ, და ყველაფერი ისეა, შენც ისე ხარ, როგორც უნდა იყო.
მარტო.

ვერასოდეს გაგებ რატომ მიდიან შენგან,
ამის პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს.
მაგრამ არც -ერთი სწორი.

იშემია

სიცოცხლენაკლული ქუჩები.
ძაღლების ყეფით სავსე ღამეები.
მატარებლის გუგუნით სავსე ღამეები.
შუაღამის ისტერიები.
შუაღამის მისტერიები.

ტყემლის ხე- ერთი ხელის გაწვდენაზე.
სხვენზე დარჩენილი ბავშვობები.
მუხლებდამტვრეული ბავშვობები.
იდაყვებგადაგლეჯილი ბავშვობები.

ყველა დამალობანა ერთად თავმოყრილი ჩემს იშემიურ ხელის გულებზე.

სისხლნაკლული დღეები არითმიულად მიყვებიან ერთმანეთს.
დაორთქლილ მინაზე დახატული ვარსკვლავები.
ბეტონის კედელზე ამოკაწრული ჩემი სახელები.
კაკლის ფოთლის აკვიატებული სუნი.
11 კიბე.
სიბნელეში დათვლილი საფეხურები.

66 ლამპიონი ისევ 66 -ია.
ნაძვები ისევ მწვანე.
დენის შნურები-
ზამთრის ბეღურების სახლი.
ქუჩა ისევ უარაფრო.
ქუჩა ისევ უყველაფრო.

ჩემი არალეგალური ოცნებები, ცაში გამოკიდულ ნახევარმთვარეს გავს.
ერთმანეთს მოყვებიან ნახევარმზეები,

ნახევარსახლები,

ნახევარცხოვრებები,

ნახევარბედნიერებები..

იასამნისფერი ღამეა.
გულის იშემია დამჩემდა.
ოღონდ სისხლი არა , ღმერთი მაკლია.
(ისე, როგორც ჩემს ხელებს, შენი ხელები. )

ზაფხული.

ისეთი ღამეა, რომ წევხარ და ფიქრობ, რა იქნებოდა, იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ადგება, მოვა და გიშველის.

შენი თავისგან და წარმოსახვითი ურჩხულებისგან გიხსნის.

სასწაული მოახდინოს.

ან უბრალოდ, მოვიდეს, ხელი ხელზე დაგადოს და არაფერი გითხრას.

ასეთი ღამეა და ასეთი ღამეები ზაფხულში იცის ხოლმე.

როცა თბილა, როცა ნათელია ყველაფერი, მაშინ უფრო ჩანს შენი სიბნელე,

შენი სიცივე,

შენი სიმარტოვე..

ასეთი ღამეა.

დიდი გოგოები არ ტირიან

ბევრნაირი მარტოობა არსებობს.

ისეთიც, რომ წევხარ, დგახარ, ზიხარ და არავინაა, ვინც მოვა და გეტყვის თბილად ჩაიცვი, არ გაცივდეო.

ღამით სინათლე აანთე, არ შეგეშინდესო.

კარი კარგად ჩაკეტეო.

ფანჯარა ღია არ დაგრჩესო.

არავინაა ვინც საბანს შეგისწორებს შუბლზე გაკოცებს ძილის წინ და ყველა ღამის კოშმარს თავის თავზე აიღებს.

ვინც ჩაის გაგიკეთებს, არც გკითხავს რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყაროს და მონატამდე მოსვამს, ცხელი არ მომივოდესო.

მერე რა რომ ბავშვი არ ხარ, მერე რა რომ ძლიერი ხარ, მერე რა რომ უკვე დიდი გოგო ხარ.

დიდი ამბავი თუ ათჯერ მოკვდი და გაცოცხლდი,

დიდი ამბავი თუ ტკივილს ისე მიეჩვიე, უიმისოდ ვეღარც ცხოვრობ.

დიდი ამბავი თუ უძლებ..

მაინც ტირიან დიდი გოგოები.

დიდ გოგოებსაც ეშინიათ.

იმ ცხოვრებაში ეშინიათ, სადაც არავინ მოვა და გეტყვის, თბილად ჩაიცვი, გაცივდებიო.

იმ ცხოვრებაში სადაც ღამით კედელზე ჩრდილებიც გაკრთობს,

ცხოვრებაში, სადაც გადახტომა რომ მოგინდეს, არავინ აეფარება ფანჯრებს,

არავინ დაგითვლის საძილე აბებს, ბევრი რომ არ მოგივიდეს ვითომ შემთხვევით და არც შუბლზე დაგადებენ ხელს, სიცხე ხომ არ გაქვსო.

იმიტომ, რომ უკვე დიდი გოგო ხარ.

ამ სამყაროში კი დიდი გოგოები არ ტირიან.