მარტოსულობის უპირატესობანი


ბოლო დღეებია მზიანი ამინდები გამოერია. ზოგჯერ ისე აჭერს მზე, იფიქრებ გაზაფხული მოვიდაო.

ახლოა გაზაფხული. ადამიანებმა თბილი ქურთუკებიც გაიხადეს და შეიძლება აღარც ახსოვთ, რომ თებერვალია.

თებერვალი სევდიანი თვეა. სხვა თვეებზე უფრო მეტად სევდიანი. იმიტომ არა, რომ ზამთარი ქვია. არც იმიტომ, რომ უსაშველოდ იწელება და აღარ მთავრდება. არც არეული ამინდების გამო.

სევდიანია იმიტომ, რომ თებერვალი გაზაფხულს გავს.

თებერვალი გაზაფხულის ლოდინის თვეა.

ასეთია მისი ბედისწერა.

ამიტომაც გვავიწყდება ზოგჯერ ზამთარი. ამიტომაც ვიხდით თბილ ქურთუკებს. ამიტომ გვიხარია მზე.

სევდიანია თებერვალი. სხვა ყველა თვეზე მეტად სევდიანი.

საერთოდ, ყველაფერი სევდიანია რაც მთავრდება. რაც მიდის. რაც აუცილებლად წაიღებს იმას, რაც მოგვენატრება.

იქნებ, ზამთრის მონატრებაც შეიძლება?

მიდის ზამთარი. უკანასკნელი თვეც ამოწურა და დამთავრდა.

მე კი მეშინია გაზაფხულის. სიცივეს და სიბნელეს რომ მიეჩვევი, სინათლე და სითბო ყოველთვის გაშინებს ადამიანს.

( შენი სიყვარული რომ მაშინებდა, ისე. )

ჰოდა, მარტოსულობაზე მინდოდა დამეწერა. უფრო სწორად-მარტოსულობის უპირატესობებზე. და ათას სისულელეს მივედ-მოვედე.

არ გამომივიდა.

მარტოსულობაზე რა უნდა ვთქვა? ამაზე სათქმელი არაფერია.

მარტოსულობას უპირატესობა არ აქვს.

2 thoughts on “მარტოსულობის უპირატესობანი

Leave a comment