ჩემი ცხოვრება უჩემოდ

IMG_20160813_151047

რამდენი სიკვდილი გამოვიარე.
საკუთარსაც თუ გამოვივლიდი- არ მეგონა.

ყოფილხართ ისე ცუდად, რომ ოდნავადაც კი არ შეგპარვიათ ეჭვი იმაში, რომ ვერ გადარჩებოდით?
გითხოვიათ ღმერთისთვის, ღმერთო, ჩამოდი და მიშველეო?

ერთხელაც ვეღარ გაუძლებ, ვეღარ აიტან და ეცემი.
ვიღაცისთვის შეიძლება ფილტვების ანთება და მაღალი სიცხეები არაფერია. მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივ, სიკვდილი იყო.
ეს რა სალაპარაკოაო ვიღაცა იტყვის. ვის არ გამოუვლიაო.
ჰოდა მეც გამოვიარე. გადავიტანე. მაგრამ, აღმოჩნდა რომ გადატანებსაც აქვს საზღვარი. რომ ზოგჯერ ვეღარ უძლებ. რომ ზოგჯერ 39.5 მხოლოდ ციფრები არ არის თერმომეტრზე , ეს უკვე პიკია. ბოლო წერტილია. შენი არსებობის, თუ არარსებობის ზღვარია.
და აი აქ გაწყდა.
მოვკვდი.
ეს ღამე გამატენებინე ღმერთო-მეთქი, ყოველ ღამე ვეხვეწებოდი. და გამათენებინა. ყველა სიცხიანი, გულამოვარდნილი და მისავათებული ღამე გამათენებინა. სამი კვირა, თუ მეტი..აღარც მახსოვს. ყველა გამათენებინა, ამატანინა. არ მიმატოვა. ვერ.
არაფერია სამი კვირა მთელი ცხოვრებისთვის, მაგრამ ყველაფერია,როცა კვდები.

ყველა ამ წელს გამოვლილი ტრაგედიებისა და ყველა გამოვლილი სიკვდილისთვის, ერთად მოვკვდი მაშინ.
ეს იყო სიცხის, ეიფორიის, ტირილის,სიგიჟის სამი კვირა.
როცა ვერც ვჭამდი, ვერც დავდიოდი, ვერც ვფიქრობდი. სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა. ვიწექი გამხდარი, უსიცოცხლო მზერით. ჩაცვენილი თვალებით. ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვფიქრობდი, სად წავიდა ის გოგო, სად ვარ მე?
ეს იყო ცხოვრება შიშში, გაურკვევლობაში.რაღაც ისტერიის მსგავსში . 39.5 გრადუსით.
ეს იყო ცხოვრება უჩემოდ.

მერე მორჩა წამლები, მორჩა სასწრაფოები, მორჩა ტაჰიკარდიები და პანიკური შიში. მორჩა ექიმები, რომლებიც ერთსადა იმავეს იმეორებდნენ-” არაფერი არ გჭირს”, და არ უნდოდათ გაეგოთ, რომ შეიძლება არაფრისგანაც მოკვდეს ადამიანი.
მორჩა.. და მე მივხვდი რომ ან იქ უნდა დავბრუნებულიყავი, ან ახლიდან უნდა დავბადებულიყავი.
ჰოდა ავდექი და დავიბადე.
ჩემი თავი დავიბრუნე. ნამდვილი ჩემი თავი. ჩავებღაუჭე, გამოვათრიე . მთელი წლის დეპრესიები ჩამოვიბერტყე, მთელი ცხოვრების ტკივილები დავიფერთხე, ყველა სიკვდილი დავივიწყე. (ჩემიც).
მერე ჭამა დავიწყე, წონაში მოვიმატე, დავიწყე წერა, მუსიკის მოსმენა, მაკიაჟის კეთება. გავირუჯე, ვივარჯიშე, გავიღიმე და..
როცა სარკეში ჩავიხედე , მივხვდი, რომ წლების წინანდელი მხიარული, ბედნიერი, ძლიერი ანა ვიყავი. და ეს საკუთარი თავის დაკარგვა დროებითი იყო.
მივხვდი, რომ როგორც არ უნდა მოკვდე, ყოველთვის ადგები, თუ კი ეს გინდა!
და არავინ თქვას რომ ადამიანი როდისმე საბოლოოდ დაეცემა. ზღვარი არ არსებობს. ზღვარი შენ ხარ!
და როცა ფიქრობ რომ მორჩა, როცა ფიქრობ რომ ვეღარ ადგები, როცა ფიქრობ რომ მოკვდები, სწორედ მაშინ გეძლევა ძალა გაახილო თვალები და წამოდგე. უფრო ძლიერი, ათასჯერ ძლიერი.
დასასრული არ არსებობს. მთავარია დავაფასოთ, ის რაც გვაქვს. სანამ ცოცხლები ვართ, სანამ კარგად ვართ. ესაა მთავარი.

და ცხოვრება გავაგრძელე.

‘უნდა ადგე, ტკივილები დაიფერთხო და თავიდან დაიბადო.
რადგან, სხვა გამოსავალი, უბრალოდ არ არსებობს.’

ზამთარი. წვიმა. ფანჯრები.

არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ მგონია, რომ ყველა სევდა ზამთარში ახსენდება ადამიანს.

ადრე ვწერდი რომ ზამთარი მიყვარდა. ახლაც მგონია რომ მიყვარდა, მიყვარდა ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ყველაფერი კარგად იყო.
წარმოიდგინეთ, რომ გიყვარდათ ადამიანი, ძალიან გიყვარდათ. მაგრამ იმდენი ცუდი მოგონება დაგიგროვათ, იმდენად გატკინათ, რომ ახლა აღარც გიყვართ და ვეღარც ივიწყებთ. სადღაც შუაში ხართ გაჩხერილი და ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან.

image

ახლა, როცა ვიცი რომ ერთ თვეში მოვა, მოვა მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი იდუმალებით, სითეთრით, სიცივითა და მარტოობით, მეშინია მისი.
წარმოგიდგენიათ? მეშინია იმის , რაც ადრე ძალიან მიყვარდა.
ასეც ხდება ალბათ.

ადრე წვიმაც მიყვარდა. დავდიოდი, თვალებს ვხუჭავდი და სახეს ცას ვუშვერდი. მიხაროდა წვიმა. გაქცეულ გამვლელებს ამაყად გადავხედავდი ხოლმე- ნახეთ! მე წვიმის არ მეშინია! ბედნიერი ვარ რომ ვსველდები, რომ მცივა, და არც-ერი წამით არ ავუჩქარებ ფეხს!
იცით , როგორ მიყვარდა წვიმა ?
და ახლა, ამ წუთას, იცით როგორ მეშინია მისი ?
იცით როგორ მინდა გამოტოვოს ღმერთმა ზამთარი..მარტო წელს..
ზოგჯერ ისე გვინდა ადამიანებს მზე, ისე გვინდა სითბო ,ისე გვინდა რაღაც ათბობდეს, ზამთრის გამოტოვებაც კი შეიძლება ვინატროთ..
რას არ იტყვის არა ადამიანი? რას არ ინატრებს და რას არ მიედმოედება..
ფანჯრები დახურულია. მოპირდაპირე სახლს ვუყურებ. ფანჯარაში სინათლე მკრთალად ანათებს. ვფიქრობ, რომ შეიძლება იმ ფანჯრიდანაც უყურებს ვიღაც ჩემს ფანჯრებს, და ამის შესახებ არც მე ვიცი, და არც მან.
იქნებ მასაც ეშინია ზამთრის.
რას არ იფიქრებს ადამიანი..