მატარებელი. წერილი.წვიმა.

DSC_1856-1

დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’

ჩემს სოფელში ერთი ქალი ცხოვრობს

image

ჩემს სოფელში ერთი ქალი ცხოვრობს. გიჟ თამრიკოს ეძახიან.
ყველა ასე იცნობს.

ამოუყვება დილაადრიან ცენტრალურ ქუჩას. ამოუყვება და დადის ასე უსასრულოდ. ზევით და ქვევით, ზევით და ქვევით..დაღამებამდე.

ერთ გამვლელს არ დატოვებს უყურადღებოდ, ყველას ეხმიანება. გაშლის ხელებს და ლაპარაკობს. ლაპარაკობს სულ, დაუსრულებლად.
ხან ყვირის, ხან ჩხუბობს, ხან გლანძღავს, ხან კომპლიმენტებით გამკობს.
ბავშვობაში მეშინოდა კიდეც მისი. ახლა აღარ. რამდენჯერაც შემხვდება ღიმილი გადაეკვრება ხოლმე სახეზე. რა კეთილი ყოფილა მეთქი- გავიფიქრე.

აივლიან და ჩამოივლიან ასაკიანი ქალები და კაცები. ყველას გამოეხმაურება თამრიკო. ისინიც გაასავსავებენ ხელებს და ერთსა და იმავეს იმეორებენ- ნწ ნწ, რა გოგო იყოო, ეს რა დაემართაო, ეს როგორ მოუვიდაო, რა ლამაზი იყო, რა ჭკვიანიო. თურმე ნუ იტყვით და ოქროს მედალზე დაუმთავრებია სკოლა! მერე ასეთივე წარმატებით უმაღლესი. იმდენ ბიჭს მოსწონდა თურმე.. ერთ-ერთი გამორჩეული გოგო ყოფილა.
იმასაც ამობენ, დედის სიკვდილის მერე მარტო დარჩა და იმის მერე დაემართა ასეო; ზოგი ამბობს- სამსახურს არ აძლევდნენ არსად, გამოაგდეს კიდეც, მაშინ პატრონი უნდა გყოლოდაო. ისიც გავიგე, დასცინოდნენ და ჭორებს უგორებდნენო.
ზოგი რას ამბობს ზოგი რას, ყველა რაღაცას ამბობს.

თამრიკო კი დადის აქეთ-იქით, აღმა და დაღმა, ზევით და ქვევით.
დადის თავის სიგიჟეებითა და ათასგვარი უსაშველობებით, დადის , დაატარებს მთელი ქვეყნის დარდებსა და უსამართლობას, ყველა მარტოობას რაც კი არსებობს ამქვეყნად, თან დააქვს გათენებული და არგათენებული ღამეები, თავის ტრაგედიებითა და ყველა სიკვდილით, რაც კი გამოუვლია, დადის და თავის თავს ეძებს.

ვერ მივა თამრიკო იმ ქალებთან, მის დანახვაზე მუხლებზე რომ ხელებს ირტყამენ, რა გოგო გაგიჟდაო. ვერ მივა , ვერ შეაჯანჯღარებს და ვერ ეტყვის- მაშინ სად იყავი, მარტოობისგან და უსამართლობისგან საკუთარ თავს რომ ვკარგავდიო.
ვერ ეტყვის თამრიკო.
ვერ ეტყვის, რატომ ვერ გადამარჩინეთ, რატომ ვერ მიშველეთო, საკუთარი თავი ხელიდან რომ მეცლებოდა, მაშინ სად იყავითო! მარტო რომ დავრჩი, ბრძოლა რომ აღარ შემეძლო, მაშინ სად იყავითო..
ვერ ამბობს ამას თამრიკო.
ამას მე ვამბობ. მაგრამ მხოლოდ ვამბობ და მეტი არაფერი.
***
გაგიჟება ადვილია.
გადარჩენაა ძნელი.

გიჟ თამრიკოს ყველა იცნობს. დიდიც და პატარაც. კაციც და ქალიც.
დადის თამრიკო ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთი და იგივე ტანსაცმლით.
უყურებენ სინანულით ქალები, ზოგჯერ გამოელაპარეკებიან კიდეც.
ის კი დაყვება ქუჩებს, იქნებ სადმე საკუთარი თავი იპოვოს, წლების წინ წართმეული და უგზო უკვლოდ დაკარგული.

ჩვეულებრივი გოგოების კლუბი

12923315_1739223966293636_2580315811502389149_n

ე ჩვეულებრივი გოგო ვარ.

ჩვეულებრივი გოგოების კლუბი რომ არსებობდეს, სწორედ ასე მივესალმებოდით ერთმანეთს- გამარჯობა, მე ანა ვარ, და მე ჩვეულებრივი ვარ.
-გამარჯობა , ანა ! – მომესალმებოდნენ სხვა ჩვეულებრივები.
შუაში იჯდებოდა შუახნის ქალი. სანდომიანი, დამუშავებულ-დაყენებული ღიმილითა და ცარიელი სახით. რომელიც, მე აუცილებლად საზიზღრად მომეჩვენებოდა და მენდომებოდა ამ ქალისთვის პირში მიმეხალა, როგორი აფერისტია და როგორ არადამაჯერებლად გამოსდის ეს მოგონილი სიმშვიდე, ბოლოს მეგინებინა და წამოვსულიყავი. ეს მენდომებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი, მე ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ.

მერე დავიწყებდი :

-ყოველთვის მინდოდა, ჩვეულებრივი გოგო ვყოფილიყავი. მინდოდა მენერვიულა იმაზე, რაზეც გოგოების უმეტესობა ნერვიულობს, მინდოდა მეფიქრა იმაზე, რაზეც ისინი ფიქრობენ და საერთოდაც, ისე მეცხოვრა, როგორც ისინი ცხოვრობენ.
ერთხელ ჯგუფელმა მითხრა “სტრანნი” ხარო. მეწყინა. მერე მეორემ უჟმური დამიძახა. ესაც მეწყინა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უბრალოდ, უმეტესად, მარტო დავდიოდი.

მე მართლა ჩვეულებრივი გოგო ვარ.
ჩვეულებრივი გოგოების კატეგორიაც იყოფა ქვეკატეგორიებად. ერთ-ერთი ასეთია – მოსაწყენი გოგოები. აი მანდ ვარ მეც.
(ღმერთო.. ჯერ ჩვეულებრივი, და ახლა კიდევ მოსაწყენიც. ეს რა უბედურებაა.)

მე ვნერვიულობ ჩემს თმაზე და საერთოდ, ძალიან ვზრუნავ ჩემს გარეგნობაზე. ამით სხვა გოგოებს ვგავარ.
ვტირივარ. არც-ისე ცოტას- ამითაც ვგავარ.
მიყვარს ფილმები სიყვარულზე.
წიგნებიც.
ძალიან ეჭვიანი ვარ.
მოიცა კიდევ რას აკეთებენ გოგოები.. ვეღარ ვიხსენებ მეტს ვერაფერს. რაც არის, მოკლედ ვგავარ მათ.
მაგრამ, უცნაური ისაა, რომ სხვა გოგოებს ვერასოდეს ვუგებ. არადა ხომ ნახეთ, ჩამოვთვალე, რამდენი რამით ვგავარ მათ. მაგრამ მაინც არასოდეს მესმის მათი, მაინც ნერვები მეშლება მათზე, მაინც სულელები მგონია ისინი.( ძალიან ჭკვიანი გოგოების გარდა)
არ მინდა რომ ასე იყოს. მაგრამ ასეა. თითქმის არ მყავს დაქალები. იმ 2 ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც მე მეგობრებს ვეძახი და უბრალოდ მიყვარს. არც სიტყვა “დაქალი ” მომწონს და არც “გოგოშკური” რაღაცები. არ მიყვარს გოგოების გარემოცვა. გოგოების საუბრები, (ვერასოდეს ვერთვები) მოკლედ, არ ვიცი ეს რატომ ხდება.

მე ხომ ძალიან მინდა ჩვეულებრივობა.

უფრო ადვილია იფიქრო თმაზე, მაკიაჟსა და ტანსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ნეტავ არ გათენდეს.
უფრო ადვილია ილაპარაკო პომადის ფერზე, ვიდრე იმაზე , რომ გაზაფხულია და შენ მაინც გცივა.
უფრო ადვილია თქვა, რომ დიეტაზე ხარ, ვიდრე ყველამ იცოდეს რომ ჭამა, უბრალოდ არ შეგიძლია.
უფრო ადვილია უყურო ფილმებს სიყვარულზე, ვიდრე დაიჯერო, რომ ის არ არსებობს.
უფრო ადვილია, იყო ჩვეულებრივი გოგო, ვიდრე საერთოდ არ იყო.
სხვა გზა , უბრალოდ არ არის.

მე ჩვეულებრივი გოგო ვარ.
და მე მეზიზღება ჩემი მაკიაჟი, თმა , სუნამოს სუნი და ტანსაცმელი.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მეზიზღება ყველა ფილმი და წიგნი სიყვარულზე.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და არ მყავს დაქალები.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მომბეზრდა ეს.
დავიღალე.
მაგრამ მაინც ისე ვიქცევი, როგორიც ისინი იქცევიან. აბა ხომ არ გავგიჟდები.

ვიცი, რომ ამას ბევრი გაიგებს, მეც ასე ვარო იტყვის. კი, ასე არიან გოგოები. ჩვეულებრივები უფრო.

ისე კი,
მართლა ჯობია იფიქრო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ლამისაა მეოთხედი ცხოვრება გადის , შენ კი მეათასე ღამეს ათენებ და მაინც არ იცი ვინ ხარ..

შეხვედრა ავტობუსში

image

ოგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. ყვითლად შეღებილი თმა, ვარდისფერი პომადა. 80 წელს გადაცილებული იქნებოდა. 13 წლის წინანდელი კადრები დამიდგა თვალწინ, როგორ იჯდა როიალთან და მუდამ ერთნაირი, მომღიმარი გამომეტყველებით უკრავდა რახმანინოვსა და ჩაიკოვსკის.
ავტობუსში ამოვიდა, ადგილი დავუთმე. უცნაურია, თითქოს მოველოდი მის ნახვასო. მის სკამთან დავდექი.
თვითონ დამასწრო და გამომელაპარაკა, რუსული აქცენტით მითხრა -მადლობაო, როგორ შეგაწუხეო..
-მე თქვენ გიცნობთ – ვუთხარი და გავუღიმე.
ღიმილით შემომხედა-იცი, მე ინგლისურს ვსწავლობ!
-ძალიან კარგია ! -გავუცინე.
-რას საქმიანობ?- მკითხა ინგლისურად.
მეც ინგლისურად ვუპასუხე რომ ტელეჟურნალატიკას ვსწავლობდი თეატრალურში.
-ოიჰ ,თეატრალური, რა კარგია!
-იცით მე საიდან გიცნობთ? როცა მეხუთე კლასში ვიყავი, 2002 წელს, თქვენ ჩვენი კონცერტმაისტერი იყავით საბალეტო სკოლაში.
-ოო, მართლა? მე ახლაც ვუკრავ , სულ ვუკრავ, აბა!? -მერე ჩაფიქრდა და თითქოს თავისთვის  გაბრაზებულმა განაგრძო- ეხლა ახალი დირექტორია, განა მოცეკვავეა, არა, სხვა. საერთოდ სხვა..მერე უცებ შემომხედა და მკითხა- Are you married ?
-არა, გათხოვილი არ ვარ-გამეცინა.
-ოიჰ, უნდა გათხოვდე!
-თქვენ? შვილები გყავთ? – ვკითხე და მაშინვე ვინანე. მე ხომ ვიცოდი რომ მარტოხელა იყო. ეს არავის უთქვამს, უბრალოდ ვიცოდი. სხვანაირად ვერ იქნებოდა.

Continue reading