თებერვლის პოსტი


ვერასოდეს გაიგებ რატომ მიდიან შენგან.
ამის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მაგრამ შენ მხოლოდ შენს თავს ადანაშაულებ.
ეს თითქმის ყოველთვის ასეა, და ყოველთვის ერთნაირად იწყება.
ჯერ გეცოდება საკუთარი თავი, შემდეგ გძულს, შემდეგ ისევ გეცოდება, ისევ გძულს.. და ასე უსასრულოდ.
მხოლოდ ერთი შეკითხვა გაქვს- რატომ. და არასოდეს არ არის პასუხი იქვე. არც იქვე და არც არსად.
რატომ შენ, რატომ მაინცდამაინც შენ. და ტვინში ერთი და იგივე ტრიალებს, ერთმანეთის მიყოლებით.
რომ არ აგირჩიეს,
ვერ დაგინახეს,
ვერ გიცნეს,
ვერ გაგიძლეს.
და ისევ შენს თავთან რჩები.
მარტო ათენებ, მარტო დადიხარ, მარტო გტკივა.. მარტო ხარ.
და ეს მარტოობა ისეთი ნამდვილია , ისეთი შენი, ხანდახან გგონია- ყველაფერი დაგესიზმრა.
უკვე ვეღარც იჯერებ რომ ვიᲜმეს უყვარდი, ვინმეს ადარდებდი, ვინმე სტკიოდი. ყველა სიტყვა ტყუილი გგონია.
უკვე გგონია რომ ის კარგად ყოფნა, ის ერთად ყოფნა შეცდომა იყო და ეს მარტოობა სწორი.
ასე გგონია მარტოობა შენთვის არსებობს,
რომ სხვანაირად შეუძლებელია.

და მიდიხარ დასკვნამდე, რაც ისედაც ყოველთვის იცოდი.
არსებობს ბედნიერებები, შენთვის რომ არასოდეს მოხდება.
მერე იწყება გადაბმული გათენებები, როცა შენ კი არ ათენებ, თვითონ თენდება.
იწყება უარაფრო დღეები, როცა გეკითხებიან როგორ ხარო, და საერთოდ არ ხარ.
მარტო სეირნობები იწყება, როცა შეყვარებულების დანახვა აღარ გიხარია.
როცა ოცნებობ სულ ზამთარი იყოს, რომ გარეთ აღარ გახვიდე.
როცა ფრიალა კაბები გძულს,
როცა მხოლოდ საშინელებათა ფილმებს უყურებ.
სახლში მისვლაც აღარ გინდა. არავინ რომ არ დაგხვდება და არავინ გაგიკეთებს ჩაის.(ისე რომ არ გკითხავს, რამდენი შაქარი ჩაგიყაროს) არავინ გაგითბობს ხელებს, არავინ დაგითვლის საძილე აბებს და არავინ შეგისწორებს საბანს- არ გაცივდეო.
ახლა ისიც აღარ გადარდებს გაცივდები თუ არა, შენზე მაინც აღარავინ იდარდებს.
ხოდა გინდება გაცივდე, გინდება რაიმე დაგემართოს, გგონია სამაგიეროს გადაუხდი მიტოვებისთვის.
გინდა მოკვდე, რომ გული ატკინო, შური იძიო.
მერე გახსენდება, რომ მაინც აღარ ეტკინება, და ცოცხალი რჩები.

ფიქრობ, ლამაზი რომ ყოფილიყავი, მხიარული, პოზიტიური, სხვა გოგოებივით , სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და ისევ ასკვნი რომ შენი ბრალია. შენ ხარ ცუდი, მისატოვებელი, არშესაყვარებელი, არაგანსაკუთრებული..

ზიხარ და ერთსა და იმავეს ეკითხები საკუთარ თავს- რატომ არ შეგიყვარეს. რატომ არასოდეს შეგიყვარეს.
და პასუხი არ გაქვს.
რადგან არ არსებობს.

მიდიხარ, წვები, სინათლეს აქრობ, და ყველაფერი ისეა, შენც ისე ხარ, როგორც უნდა იყო.
მარტო.

ვერასოდეს გაგებ რატომ მიდიან შენგან,
ამის პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს.
მაგრამ არც -ერთი სწორი.

One thought on “თებერვლის პოსტი

Leave a comment