ნოემბერი


გამოტოვებულ ზარს ვგავარ ბოლო დღეებია. რომ იყო, მაგრამ ვერ შეამჩნიეს.

ნოემბერი კი მაინც დადგა.

ზუსტად ისე, როგორც უნდა დამდგარიყო. ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილა მეტი.

თუმცა, შარშანდელზე მეტად მზიანი იყო წელს ნოემბერი. ზოგჯერ ისეთი მზიანიც, ვერც იფიქრებდი, შემოდგომააო. სითბოთი სავსე დღეები მიეწყო. ჯინსის ქურთუკითაც რომ მოივლიდი ქუჩებს და არ შეგცივდებოდა, ისეთი დღეები.

თბილი დღეები.

(მაგრამ ,მაინც , ნოემბერი ერქვათ)

დაბადების დღე მქონდა.

ჩემებურად, ბრჭყვიალა კაბით. დღეც ლამაზი დაემთხვა. მზიანი.

მაგრამ მაინც ნოემბერი იდგა.

მაინც შემოდგომა გვერქვა.

მეც, და დაბადების დღესაც.

დავიწყებული დაბადების დღეები უფრო მიყვარს. რომ იციან და არ გილოცავენ.

ეს უფრო მეტს ამბობს.

მეტს ყვება.

არავინ იცის რას, მაგრამ ყვება.

“შენ ჩემ თავს ვერ გაგახსენებდი” . რაღაც ასეთს. ან უფრო უარესს.

..

რა უნდა იყოს ამაზე უარესი? რა უნდა იყოს ამაზე უარესი.. ვიმეორებ და პასუხი არ მაქვს.

ასე იცის შემოდგომამ. მოვა და მოიტანს შეკითხებს, ამბებს, სიტყვებს. მოგაყრის და ერთიანად აგირევს ცხოვრებას.

ვერ იგებ, რას იწყებ და რას ამთავრებ.

..

ჩემთვის მაინც დასასრულს ნიშნავს შემოდგომა. ნოემბერი- მითუმეტეს.

Leave a comment