არაფრისმთქმელი პოსტი

bty
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ჩემი ბოლო ფოტო გამოვფინე.
ბლოგერებისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა ზიხარ, წერა გინდა და არაფერია დასაწერი.
როგორი წარმოუდგენელია, არა ? როგორ შეიძლება ცხოვრობდე და დასაწერი არაფერი იყოს.
პარადოქსებით სავსე სამყაროში ასეც ხდება და უარესსაც გეტყვით. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, რასაც ვწერ ის არის ცხოვრება და არა ის, რაც რეალურად ხდება -მეთქი.
წეღან ბლოგს ბოლომდე ჩავყევი. 2013 წლამდე. თითქმის ექვსი წლის ცხოვრება ჩავტიე რამოდენიმე წუთში.
კომპიუტერის ეკრანზე ჩაიარა მთელი ექვსი წლის მანძილზე განცდილმა თითოეულმა გრძნობამ.
მრავალნაირი შეგრძნება ენაცვლებოდა ერთმანეთს.

ჰოდა, ბოლომდე რომ ჩავყევი და მერე ისევ უკან ამოვყევი პოსტებს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ პოზიტიური განწყობა, ჩემი პოსტების რაოდენობის უკუპროპორციულად მცირდებოდა.
ანუ- რაც უფრო ცუდად ვიყავი, უფრო მეტს ვწერდი.
ამ პრინციპით ბლოგზე უამრავი უაზრო პოსტი დამიგროვდა და ბევრი მათგანიც წავშალე.
ასევე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ წერდე, არ ნიშნავს შენი ბლოგი სუიციდს შემთხვევით გადარჩენილთა კლუბის თინეიჯერი წევრის დღიურს გავდეს.
დასკვნების გამოტანა ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვსწავლობდი გამოცდილებიდან, მაინც ყოველთვის ვცდილობდი რაიმე პასუხამდე მივსულიყავი ხოლმე. რაიმე ახსნა ან კანონზომიერება მომეძებნა საკუთარ ტვინში არსებული ქაოსისთვის, და მებრძოლა იმ წარმოსახვით ურჩხულებთან, რომლებიც არც კარადის უკან არიან და არც საწოლის ქვეშ, სამწუხაროდ..
ისინი ყოველთვის ჩემს შიგნით ცხოვრობდნენ.

თქვენ როგორ ებრძვით თქვენს ურჩხულებს?
თქვენ როგორ წერთ, როცა მკვდრები ხართ?
თქვენ როგორ ცდილობთ გადარჩეთ?
მომიყევით.
სიყვარულით, ანა.

ენამწარე გოგონას ამბავი

18118524_832356023588547_3899170981658711618_n

ბავშვობაში დედა ერთ ზღაპარს მიკითხავდა ხოლმე. ბოლოს ხმაში ცრემლი ერეოდა. მე ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდა დედა, ეს ხომ ჩვეულებრივი ზღაპარი იყო, ზღაპარი ენამწარე გოგონაზე. სხვანაირად-ზრაპარი ედემის ყვავილზე. ამბავი ლამაზ მაგრამ გულქვა გოგონაზე, რომელიც ბოლოს მიხვდა დანაშაულს, როცა ლამის ყველაფერი გვიან იყო.
დრო გავიდა, მე გავიზარდე , წლები იყო არ გადამეშალა ის წიგნი, აღარც კი მახსენდებოდა ხოლმე მისი არსებობა. მხოლოდ ერთ მომენტში გამკრავდა ხოლმე გულში ნაცნობი ზღაპარი, როცა ვინმეს ნებით ან უნებლიეთ გულს ვატკენდი და შემდეგ ამას ვნანობდი.
ერთი ასეთი შემთხვევის დროს დედამ მითხრა, სუფთა ის ენამწარე გოგონა ხარო.
ძალიან მეწყინა. შინაგანი პროტესტი გამიჩნდა. გამახსენდა , ბავშვობაში ზღაპრის დასასრულს დედა ყოველთვის მეუბნებოდა, მთავარია კეთილი იყო, სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვსო.
ბავშვობაში ხშირად ვიყავი ენამწარე. მინდოდა ჩემი გამეტანა ყოველთვის, ადამიანებს დაუფიქრებლად მივახლიდი სათქმელს და როდესაც ეწყინებოდათ, მერე უარესად მტკიოდა გული. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვიქცეოდი, რატომ არ ვფიქრობდი წინასწარ, სანამ რაიმეს ვიტყოდი.
ზღაპრის გმირი გოგონასგან განსხვავებით მე არც ლამაზი ვყოფილვარ და არც გრძელი, ლამაზი თმა მქონია ოდესმე. მას მხოლოდ მწარე ენით ვგავდი.
რაც დრო გადიოდა ამაზე უფრო და უფრო ვდარდობდი, რატომ მისწრებდა ენა წინ. ეს ხომ მე თვითონ მკლავდა.
ახლა 24 წლის ვარ. ახლა აღარ მისწრებს ენა , ახლა ვისწავლე რომ მთავარია სხვას არ ვატკინოთ გული, მთავარია სხვა გავახაროთ ,თუნდაც ერთი სიტყვით.

იმ დღეს, ერთ წიგნს ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი ზღაპარს ენამწარე გოგონაზე. გადავშალე. თითქოს დრო არც გასულაო, იგივე გრძნობა დამეუფლა-ყველაზე დიდი სიმართლე რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ყველაზე გულზე მოსახვედრი ამბავი.

ზღაპარში , ბოლოს, ენამწარე გოგონა ავად ხდება , მისი სილამაზეც სადღაც ქრება, ჩამოჭკნება, ჩამოიფერფლება. ავადმყოფს ასეთი რამ ესიზმრება – ვითომ მხოლოდ ერთი გზაა გადარჩენის, ვარდების კონა იმ მოხუცი ბერიკაცის ბაღიდან, რომელსაც ბევრჯერ მწარედ დასცინა და გული ატკინა , საჩუქრად გაწოდებულ ყვავილზე კი უხეშად აუკრა ხელი.
როცა გოგონას დედა მოხუცთან ვარდებისთვის ტირილით მივა, მოხუცი დაუფიქრებლად მოუჭრის ვარდებს, თუმცა იცის თუ კი ყვავილს მოჭრის , ბაღში ყველა ყვავილი გაუხმება .
მოხუცი გოგონას გადარჩენს. და გოგონა მიხვდება სიკეთის ფასს.
მხოლოდ მაშინ, როცა სიცოცხლისთვის დასჭირდა ბრძოლა.

მე მგონია, რომ ეს სიცოცხლის ზღაპარია, ზღაპარი იმაზე, რა დიდი ძალა აქვს სიკეთეს და სიყვარულს. და როგორ გვკვლავს და გვამახინჯებს თითოეული მწარე სიტყვა!
არჩევანი ჩვენზეა, ჩვენ ვწყვეტთ როგორები ვიქნებით. მთავარია ამას იქამდე მივხვდეთ, სანამ ის ედემის ყვავილი არ დაგვჭირდება გადასარჩენათ, რომელიც ერთხელ გულგრილად მოვისროლეთ.

18118749_832345303589619_4282176790726684461_n

დრო ყველაფერს ცვლის

BeFunky_null_19.jpg
მბობენ, რომ დრო ყველაფერს ცვლის. ეს შეიძლება ასეა, შეიძლება არა. მაგრამ დრო მაინც ცვლის .

ალბათ ამისთვის შექმნა ღმერთმა დრო, რომ შეცვალოს.
იმასაც ამბობენ დრო კურნავსო. ადამიანებს კი მაინც გვგონია, რომ ბოლომდე არ კურნავს..

შარშან ამ დროს, 11 ნოემბერს, შუადღისით, ბლოგი შევქმენი. შევედი wordpress.com- ზე და ბლოგის მისამართში ჩემი გვარი და სახელი ჩავწერე.
მას შემდეგ ზუსტად 1 წელი გავიდა.
ერთი წელი ძალიან ცოტაა და ამავე დროს ძალიან ბევრი.
ცოტაა მთელი ცხოვრებისთვის, და ბევრია, რომ ეს ცხოვრება თავდაყირა დააყენოს, რომ ოცნებები და იმედები არიოს..

მინდოდა მეთქვა რა მასწავლა ამ ერთმა წელმა, მაგრამ ვერ ვტყვი. შეიძლება არც არაფერი მასწავლა.. ერთი კია-
თუ ოცნებები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულა, იმიტომ ,რომ ყოველთვის იქნება სხვა ოცნება ასახდენად და ყოველთვის გამოჩნდება სხვა მწვერვალი ჩვენი ფანჯრიდან.

ამ ზამთარსაც, ისევე როგორც შარშან, წავალ ჩემს სოფელში, გზაში დავითვლი ლამპიონებს და ვიფიქრებ, რომ იქ, მაინც სულ სხვანაირად კარგადაა ყველაფერი.
ისევ ისე ვითამაშებ თოვლში, ,იქ ხომ მაინც ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, ძალიან ადრე. დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ შენს სახლში ისეთი ხარ, როგორიც სინამდვილეში, იქ ხომ ყველა აუხდენელ ოცნებას ეშველება..