4.11.2017

არ მეძინება.

იმიტომ კი არა, რომ კოშმარების მეშინია,

უბრალოდ, არ მეძინება.

კოშმარები დიდი ხანია აღარ მაშინებს. აგერ უკვე მესამე წელია მტანჯავს. მივეჩვიე. კოშმარებმაც მიჩვევა იცის.

ორი დღის წინ დაბადების დღე მქონდა.

დაბადების დღეები მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ იმ სიტყვებს ვეუბნებით ერთმანეთს, ჩვეულებრივ დღეებში რომ არასოდეს ვეტყვით. მაგალითად-მიყვარხარ-ს.

რაღაცნაირი სიტყვაა “მიყვარხარ” . გამაცოცხლებელი. დროს და მანძილს რომ აქრობს ისეთი. მაგრამ ძალიან, ძალიან ძნელი. სათქმელადაც, დასაწერადაც, გასაფიქრებლადაც კი.

ამიტომ მეშინია ამ სიტყვის. სიკვდილივით მეშინია.

ხშირად ნათქვამი “მიყვარხარის” არ მჯერა. ადვილად როცა ამბობ, არ მჯერა ასეთი ნათქვამის. არც ყველას გასაგონად და დასანახად ნათქვამის მჯერა.

(ჩემი “მიყვარხარ” ისეთია- სხვას კი არა, შენ კი არა, ჩემ თავსაც არ ვეუბნები.)

ახლა ისეთი ვარ, ღამის სამ საათზე რომ ვარ ხოლმე. არეული ფსიქიკით.მე რომ “ნამდვილს” ვეძახი , სხვები -“პათეტიკურს” და “მოსაწყენს”, ზოგი “ბანალურს”, ჩემი ფსიქოლოგი- არაადეკვატურს და დეპრესიულს.

(შენ – ყველაფერს გაიგებ. მორჩი სისულელეებსო- გაიფიქრებ, შენ რომ იცი ისე გაგეღიმება,მაგრამ არაფერს მეტყვი…)

ნოემებერი კი იქნება ისეთი…

როგორიც შემოდგომის ბოლო თვე უნდა იყოს..

სიცოცხლესავით-

ალაგ-ალაგ მზე რომ ანათებს, თბილი დღეებიც გამოერევა.. მაგრამ მაინც ყველამ ვიცით, დღე-დღეზე ზამთარი მოვა.

მეზიზღება ნოემბერი.

იმიტომ კი არა, ზამთარი რომ მოდის,

არც იმიტომ, ფოთლებთან ერთად გულზე ძაფები რომ მწყდება.

უბრალოდ..

უკვე ყველა ფოთოლი ჩამოვარდა.

ჩემი ოცნებები კი..

თუმცა , არც ამას აქვს აზრი.

Advertisements

ინსომნია

შპალერის ფიგურები ზეპირად ვიცი. ყავისფერი, მოჩუქურთმებული , ჩარჩოში ჩასმული ყვავილები. მწვანე ფოთლებით. მთელ კედელზე მეორდებიან. ყველა ფიგურა ერთნაირია. არც-ერთი განსხვავებული.

ვწევარ და ვაკვირდები ამ ფიგურებს.

დაძინებას ეს ჯობია. სიზმრების კოშმარებს მაინც ავცდები.

შემოდგომაზე მაინც უფრო საზიზღარია ცხოვრება.

სხვა სეზონებზე უფრო მეტად საზიზღარი.

იმდღეს ერთი მეგობარი წავიდა ჩემგან. არ მიყვარხარო მითხრა და წავიდა. აი ასე, ადგა და წავიდა.

სიკვდილს გავდა რაღაცით. ყველა წასვლა სიკვდილს გავს. ცივია და უსაშველო.

შემოდგომაზე ხომ, უფრო ცივი და უსაშველოა.

შემოდგომას ისევ ზამთარი ჯობია. ზამთარში უფრო ახლოა გაზაფხული.

ჩემთვის მაინც სულ ერთია.

ჩემთვის მაინც სულ ერთია.

ჩემთვის მაინც სულ ერთია.

სასჯელად ქცეული სილამაზე

ალბათ ბედისწერაა სილამაზე. ნამდვილი, თვითმყოფადი, თავისთავად დაბადებული სილამაზე. არაფერი რომ სჭირდება, არანაირი გადაკეთება, არაფერი ზედმეტი.. უბრალოდ რომ იბადება და არის. ყვავის, ანათებს, აცოცხლებს ირგვლივ ყველაფერს. გაზაფხულს რომ ჰგავს, ახლადაყვავებულ იას, მზის სხივს, ოცნებას, ვარკვლავებით მოჭედილ ცას..რომ შეხედავ და ღმერთის არსებობას დაიჯერებ.

ასეთი იყო ლიკა. რომ გინდა მისი მსგავსი იპოვო და არ შეგიძლია. არ გამოდის.. და ამ დროს , ამ სილამაზესთან სიკვდილი მოდის! სიკვდილი. საშინელი, ცივი სიკვდილი. ზიხარ და ფიქრობ, რანაირად, როგორ, რატომ. სად სიკვდილი, სად სილამაზე. რა უნდა ასეთ სილამაზესთან მარტოობას, ტკივილს, ცრემლს, ტანჯვას და.. სიკვდილს. რა უნდა , რა ადგილი აქვს მასთან ამ ყველაფერს?

ამაზე პასუხი არ გაქვს. არც არავის აქვს. არ არსებობს პასუხი. 

რომი შნაიდერი გამახსენა ლიკას გარდაცვალებამ. ვარკსკვლავი რომი. თან როგორ გავდნენ ერთმანეთს. შველივით თვალებით, ფაიფურის კანით, როცა იღიმოდნენ, თითქოს მზე ამოვიდაო. სათაყვანებელი ქალები, იმისთვის შექმნილები-გიყვარდეს, ბოლომდე გიყვარდეს. და ამ დროს ტკივილი და ტანჯვა მოდის, და აქრობს მათ. ფიზიკურად ანადგურებს.  შენ კი ზიხარ და ვერ ხვდები, რატომ ისინი, რატომ ეს სილამაზის გამოვლინებები, რატომ ეს ოცნებად ქცეული ქალები.. პასუხი კი არ არსებობს.

ალბათ,მართლაც ბედისწერაა სილამაზე. პასუხს გთხოვს რაღაც და ვიღაც, არ გეპატიება, არ შეგრჩება.

სევდად გექცევა, ტკივილად გექცევა.

მარტოობად, სინანულად.

მაგრამ, მაინც დარჩები. ლეგენდად და ამბად დარჩები. ტკივილნარევი ღიმილით გაგიხსენებენ. ბედისწერააო იტყვიან.

“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის.. თუ, დროებით მიეფარება, ვინ იცის..”

მე ვერსად წავალ.

მე, ვერსად წავალ!

ზედ გადაგყვები,თავს მოგაბეზრებ, ყელში ამოვალ..

მოგიკვდები და გაგიცოცხლდები,

მაგრამ- ვერ წავალ!
მე ვერსად წავალ, უჩემოდ ჩაქრები,

დაიკარგები, შეგეშინდება..მარტო დარჩები..

მე ვერსად წავალ.
სხვები წავლენ და დაბრუნებიან.

მე-ვერსად წავალ!

სხვები დარჩენას შემოგფიცავენ, და სხვასთან წავლენ.

მე-ვერსად წავალ!

სხვა სხვასთან მყოფი, შენზე იტირებს,და მაინც წავა..

სხვა დაიღლება, სხვას მობეზრები, სხვა ვერ აგიტანს, ვერ გადაგიტანს!

მე.. შენზე ლექსებს ლოცვად ვიწამებ,

თუნდაც წახვიდე, თუნდაც სხვას გაყვე,

მე ვერსად წავალ..!

..

შენს მხრებზე დაყრილ დარდებში ვიქნები, და დავიწყებულ სიზმრებში დავრჩები,

არ შეგაწუხებ, არ ვიხმაურებ,

ოღონდ ვიქნები. ოღონდ დავრჩები..

სხვები წავლენ და დაბრუნდებიან,

სხვები მოვლენ, და გაბრუნდებიან..

მე- ვერსად წავალ.

შენ ! თუ არ იქნები

​”არ მინდა იმ დღეზე ფიქრი, როცა შენზე ისე დავწერ, თითქოს აღარ ხარ.

თითქოს წახვედი.

არ შემიძლია შენს წასვლაზე წერა.

ეს სიკვდილივით საშინელი იქნება ჩემთვის.
არ მინდა იმ დღის გათენება, როცა დავწერ რომ არ ვიცი სად ხარ.

არ მინდა ის ცხოვრება, როცა დავწერ რომ სხვა აირჩიე!

არ მინდა ის ცხოვრება, როცა დავწერ და შენ არ წაიკითხავ.

არ მინდა ის ცხოვრება როცა სიკვდილზე დავწერ და შენ არ იდარდებ ამაზე.

არ მინდა წერა, თუ შენზე არ დავწერ.

შენს ყოფნაზე. და არა არყოფნაზე.

არ მინდა წერა, ანუ ცხოვრება, თუ შენ არ იქნები!”

მწვანე შპალერი

ჩემს სოფელში, ჩემს ოთახში მწვანე შპალერია გაკრული. ფიგურებიანი, გახუნებული. იმ მხარეს, საიდანაც მზე ურტყამს, უფრო მეტადაა გაყვითლებული. ზოგან შპალერი ამძვრალია და ალაგ-ალაგ კალმით ნაჯღაბნსაც ნახავთ. შემოსასვლელთან, ფანქრით ნიშნულებია გაკეთებული. ჩემი სიმაღლის გასაზომად.

ეს შპალერი ჩემი ბავშვობაა.

ვერ წამომიდგენია დავწვე და დაძინების წინ მემილიონედ არ შევხედო იმ უცნაურ ფიგურებს. მარცხენა მხარეს მზისგან რომაა გახუნებული, და ალაგ-ალაგ კალმით ნაჯღაბნი.

ჩემს სოფელში სხვანაირი სახლებიცაა, გარემონტებული, ლამაზი, გაწკრიალებული. მე ასეთი სახლები არ მიყვარს. ასეთ სახლებში ვერაფერს დახატავ კედელზე. 

მე მგონია, თუ კი იმ შპალერს გამოცვლიან, თითოეული ნაწილის ჩამოხევას, ჩემი ბავშვობის ნაწილი გაყვება.

მე მგონია, ის მზისგან გახუნებული ნაწილი , ყველა იმ მზიან დღეს ინახავს რომელიც იქ გამომივლია.

მე მგონია, მილიონი წლის წინ კედელზე ამოკაწრული ჩემი სახელი მე ვარ, და თუ აღარ იქნება, მეც გავქრები.

მე მგონია რომ ის ოთახი, ის სუნი, ის სიძველე , ის სინამდვილე ისაა, რაც გადამარჩენს, 

მხოლოდ ის მიმიღებს,

მხოლოდ ის გაიგებს.

ჩემს სოფელში, ჩემს ოთახში, მწვანე შპალერია გაკრული..

გოგოები

​ზოგი გოგო გაზაფხულს გავს. ნათელია, მშვიდი, ოცნებისთვის და სიცილისთვის შექმნილი.

ზოგი ზაფხულს გავს- ცხელია, ბობოქარი, თავგადასავლებით სავსე.

ზოგი შემოდგომასავით არის- სევდით სავსე, საიდუმლო დარდებს დაატარებს მხრებით თვალებით.

ჩემნაირები კი არც იქით არიან, არც აქეთ.

არც ისე არიან, არც ასე.

 თებერვლის ბოლო დღეს გვანან- გაზაფხულს ერთი ნაბიჯი რომ აშორებს,

ერთი ხელის გაწვდენა,

მაგრამ, მაინც ზამთარი რომ ქვია.