მატარებელი. წერილი.წვიმა.

 

DSC_1856-1
დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და  გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’

Advertisements

ზამთარი. წვიმა. ფანჯრები.

არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ მგონია, რომ ყველა სევდა ზამთარში ახსენდება ადამიანს.

ადრე ვწერდი რომ ზამთარი მიყვარდა. ახლაც მგონია რომ მიყვარდა, მიყვარდა ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ყველაფერი კარგად იყო.
წარმოიდგინეთ, რომ გიყვარდათ ადამიანი, ძალიან გიყვარდათ. მაგრამ იმდენი ცუდი მოგონება დაგიგროვათ, იმდენად გატკინათ, რომ ახლა აღარც გიყვართ და ვეღარც ივიწყებთ. სადღაც შუაში ხართ გაჩხერილი და ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან.

image

ასეა ჩემთვის ზამთარიც. ადრე ზამთარი ჩემი იყო და მეც ზამთრის ვიყავი. მაგრამ, ახლა,  როცა ვიცი რომ ერთ თვეში მოვა, მოვა მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი იდუმალებით, სითეთრით, სიცივითა და მარტოობით, მეშინია მისი.
წარმოგიდგენიათ? მეშინია იმის , რაც ადრე ძალიან მიყვარდა.
ასეც ხდება ალბათ. აი წვიმა. ადრე წვიმაც მიყვარდა. დავდიოდი, თვალებს ვხუჭავდი და სახეს ცას ვუშვერდი. მიხაროდა წვიმა. გაქცეულ გამვლელებს ამაყად გადავხედავდი ხოლმე- ნახეთ! მე წვიმის არ მეშინია! ბედნიერი ვარ რომ ვსველდები, რომ მცივა, და არც-ერი წამით არ ავუჩქარებ ფეხს!
იცით , როგორ მიყვარდა წვიმა ?
და ახლა, ამ წუთას, იცით როგორ მეშინია მისი ?
იცით როგორ მინდა გამოტოვოს ღმერთმა ზამთარი..მარტო წელს..
ზოგჯერ ისე გვინდა ადამიანებს მზე, ისე გვინდა სითბო ,ისე გვინდა რაღაც ათბობდეს, ზამთრის გამოტოვებაც კი შეიძლება ვინატროთ..
რას არ იტყვის არა ადამიანი? რას არ ინატრებს და რას არ მიედმოედება..
ფანჯრები დახურულია. მოპირდაპირე სახლს ვუყურებ. ფანჯარაში სინათლე მკრთალად ანათებს. ვფიქრობ, რომ შეიძლება იმ ფანჯრიდანაც უყურებს ვიღაც ჩემს ფანჯრებს, და ამის შესახებ არც მე ვიცი, და არც მან.
იქნებ მასაც ეშინია ზამთრის.
რას არ იფიქრებს ადამიანი..

Just wanna go anywhere

8971018
ინდა ჩავალაგო ზურგჩანთაში მხოლოდ ის ნივთები რაც ჩაეტევა, ჩავიცვა ლურჯი ჯინსი და ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები.
და წავიდე.
იქ წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, ვიარო დაუსრულებლად..ავტობუსით, ფეხით, თვითმფრინავით, ველოსიპედით, სკუტერით..
იმდენი ვიარო, სანამ ისე არ დავიღლები, რომ უცხო ქალაქის ავტოსადგურზე დავიძინო და ბილეთების გამყიდველი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
მინდა ვიარო სიცხეში, სიცივეში, წვიმაში, ტყეში, ავტოსტრადაზე, მიტოვებულ დასახლებებში.. ვიარო და ვნახო ის ყველაფერი, რაც არასოდეს მინახავს.
ვიპოვო ყველა ის თავგადასავალი, რაც მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში არსებობს, გავიგო საიდუმლოებები, გავაკეთო
აღმოჩენები, ვნახო ის ადგილები, მხოლოდ სიზმრებში რომ ვხედავდი..
მინდა  ჩავიცვა ლურჯი ჯინსი, ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები, და წავიდე.