“-დარჩი რა..”

image

“-რა აზრი აქვს, რომ უსაშველოდ ლურჯია ცა,
და ქუჩა ახლახანს ნაწვიმარი,
შენ თუ არ მოგიყევი.
დარჩი რა..”

შენგან წასულ, ზურგშებრუნებულ ადამიანს უყურებ და მარტო ის შეგიძლია, იჯდე და დაუსრულებლად იფიქრო ერთი და  იგივე – როგორ შეუძლიათ..

როგორ შეუძლიათ ადგნენ და წავიდნენ,
ასე ერთი ხელის მოსმით, ასე უცებ..

ისე, თითქოს არასოდეს ყოფილან შენს ცხოვრებაში, თითქოს არასოდეს უთქვამთ, რომ შენს გვერდით იქნებოდნენ, თითქოს არასოდეს გადაურჩენიხარ სიკვდილის პირას მყოფი, თითქოს არასოდეს გაუცინებიხარ, როცა ტირილის მეტი არაფერი გდომებია..თითქოს არასოდეს უთქვამთ, რომ უყვარხარ და მათთვის განსაკუთრებული ხარ, თითქოს არასოდეს ყოფილან შენები, ისეთი შენები, ისეთი ახლობლები, როგორც ბავშვობა, როგორც სახლი, როგორც ახლადგამომცხვარი პურის სუნი.. ან რაიმე ამდაგვარი.

თითქოს ვერც ხვდებიან, რომ შეიძლება შენი უკანასკნელი იმედები არიან, რასაც უნდა ჩაებღაუჭო, რამაც უნდა გადაგარჩინოს და ისევ ირწმუნო რაღაცის არსებობა..
თითქოს არ გტოვებდნენ ცარიელს და მარტოს, ისეთს როგორიც გიპოვეს.
ისე მიდიან..თითქოს სულ მარტო არ რჩებოდე
და ..

ისე მიდიან, ისე გარბიან,  ზიხარ და ვეღარაფერს ამბობ, მხოლოდ ტკივილს და შიშს გრძნობ. ძალიან გინდა უთხრა, ძალიან.. მაგრამ არ შეგიძლია, ისე მიდიან, ისე გარბიან, რომ ვეღარ ეტყვი
-დარჩი რა..

Advertisements

დამალობანა გინდა?

– დამალობანა გინდა?
და ისე , როგორც ადრე,
დრო დავაბრუნოთ გინდა?
ეზო , სხივებით სავსე..

რა დრო გასულა უკვე..
თითქოს ათასი წელი..
ეს დრო დაეტყოთ ქუჩებს,
ხეებს შეცვლიათ ფერი..

და იმ თამაშებს მომწყვეტს
დიდი ქალაქი ისევ,
მეც დავივიწყებ ნებით,
ან სულ არც მახსოვს იქნებ..

ციგით დავეშვათ მოდი !
ან , სულაც, ცასთან ახლოს
იმ ჰორიზონტებს ვდიოთ..
..სულ არაფერი გახსოვს?..

გთხოვ..სანამ ჩვენი ქუჩა
ფოთლებით არის სავსე..
-დამალობანა გინდა?
ჰო, ისე, როგორც ადრე..