წითელპომადიანი ქალი

14045702_1788333141382718_2246103410467225772_n

“-სიკვდილივით სევდიანი  და სიცოცხლესავით ლამაზი ქალი იყო ელენე.
ამოივლიდა ხოლმე, თავაწეული, მხრებში გაშლილი , ნელი და მძიმე ნაბიჯით. ძველი ჩითის კაბა ეცვა , ყვავილებით დაწინწკლული. ყველა კაბა ერთმანეთს ჰგავდა- მუხლს ქვემოთ, დაღილული და გახამებული საყელოთი.  სწორი ცხვირი ჰქონდა და აფრენილი წარბები. მუდამ წითელი პომადა ესვა. მოწითალო თმას ყოველთვის გადაწეულს და კოსად შეკრულს ატარებდა. და თვალები.. დიდებული თვალები ჰქონდა- ნუშისებრი, თაფლისფერი, საოცრად ნათელი და სევდაჩამდგარი თვალები.
მაშიც 13 წლის გოგოსთვის, საოცრად მიმზიდველი და იდუმალებით მოცული იყო მარტოხელა, მუდამ მარტოდ მოსიარულე ულამაზესი ქალი.
მისი ხმა მხოლოდ ერთხელ გავიგე- წყლის რიგში -”

Continue reading

ახლა რომ გეკითხა, როგორ ხარო..

image

‘ახლა რომ გეკითხა, როგორ ხარო, ავდგებოდი და ყველაფერს გეტყოდი.
გეტყოდი როგორ აცივდა ჩემთან, როგორ ერთნაირად ინთება და ქრება სინათლე აგურის, წითელსახურავიან სახლებში. იმასაც გეტყოდი, დილით, ფანჯრებზე მზის სხივები, შენს სიცილს მაგონებს მეთქი..
ახლა რომ გეკითხა როგორ ხარო ყველაფერს გეტყოდი, ყველა გამოვლილ  და არგამოვლილ ტრაგედიას მოგიყვებოდი.
მოგიყვებოდი როგორ ერთნაირად , თავჩაქინდრულები დგანან ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე, იმასაც გეტყოდი, ყოველ წასვლა- წამოსვლაზე ვითვლი მეთქი.
ყველა დამალობანას და მთელ ჩემს ხელებდაკაწრულ ბავშვობას მოგიყვებოდი..ტყემლის ხეებით დაწყებული, ტომ სოიერით დამთავრებული.
შენ რომ გეკითხა, როგორ ხარო,ახლა რომ გეკითხა როგორ ხარო.. ყველაფერს გეტყოდი.
იმასაც, ჩემი ერთადერთი გადარჩენა შენი თვალებია მეთქი.
ახლა რომ გეკითხა, როგორ ხარო,
გეტყოდი. ყველაფერს გეტყოდი..’

ჩემს სოფელში ერთი ქალი ცხოვრობს

image

ჩემს სოფელში ერთი ქალი ცხოვრობს. გიჟ თამრიკოს ეძახიან.
ყველა ასე იცნობს.

ამოუყვება დილაადრიან ცენტრალურ ქუჩას. ამოუყვება და დადის ასე უსასრულოდ. ზევით და ქვევით, ზევით და ქვევით..დაღამებამდე.

ერთ გამვლელს არ დატოვებს უყურადღებოდ, ყველას ეხმიანება. გაშლის ხელებს და ლაპარაკობს. ლაპარაკობს სულ, დაუსრულებლად.
ხან ყვირის, ხან ჩხუბობს, ხან გლანძღავს, ხან კომპლიმენტებით გამკობს.
ბავშვობაში მეშინოდა კიდეც მისი. ახლა აღარ. რამდენჯერაც შემხვდება ღიმილი გადაეკვრება ხოლმე სახეზე. რა კეთილი ყოფილა მეთქი- გავიფიქრე.

აივლიან და ჩამოივლიან ასაკიანი ქალები და კაცები. ყველას გამოეხმაურება  თამრიკო. ისინიც გაასავსავებენ ხელებს და ერთსა და იმავეს იმეორებენ- ნწ ნწ, რა გოგო იყოო, ეს რა დაემართაო, ეს როგორ მოუვიდაო, რა ლამაზი იყო, რა ჭკვიანიო. თურმე ნუ იტყვით და ოქროს მედალზე დაუმთავრებია სკოლა! მერე ასეთივე წარმატებით უმაღლესი. იმდენ ბიჭს მოსწონდა თურმე.. ერთ-ერთი გამორჩეული გოგო ყოფილა.
იმასაც ამობენ, დედის სიკვდილის მერე მარტო დარჩა და იმის მერე დაემართა ასეო; ზოგი ამბობს- სამსახურს არ აძლევდნენ არსად, გამოაგდეს კიდეც, მაშინ პატრონი უნდა გყოლოდაო. ისიც გავიგე, დასცინოდნენ და ჭორებს უგორებდნენო.
ზოგი რას ამბობს ზოგი რას, ყველა რაღაცას ამბობს.

თამრიკო კი დადის აქეთ-იქით, აღმა და დაღმა, ზევით და ქვევით.
დადის თავის სიგიჟეებითა და ათასგვარი უსაშველობებით, დადის , დაატარებს მთელი ქვეყნის დარდებსა და უსამართლობას, ყველა მარტოობას რაც კი არსებობს ამქვეყნად, თან დააქვს გათენებული და არგათენებული ღამეები, თავის ტრაგედიებითა და ყველა სიკვდილით, რაც კი გამოუვლია,  დადის და თავის თავს ეძებს.

ვერ მივა თამრიკო იმ ქალებთან, მის დანახვაზე მუხლებზე რომ ხელებს ირტყამენ, რა გოგო გაგიჟდაო.  ვერ მივა , ვერ შეაჯანჯღარებს და ვერ ეტყვის- მაშინ სად იყავი, მარტოობისგან და უსამართლობისგან საკუთარ თავს რომ ვკარგავდიო.
ვერ ეტყვის თამრიკო.
ვერ ეტყვის, რატომ ვერ გადამარჩინეთ, რატომ ვერ მიშველეთო, საკუთარი თავი ხელიდან რომ მეცლებოდა, მაშინ სად იყავითო! მარტო რომ დავრჩი, ბრძოლა რომ აღარ შემეძლო, მაშინ სად იყავითო..
ვერ ამბობს ამას თამრიკო.
ამას მე ვამბობ. მაგრამ მხოლოდ ვამბობ და მეტი არაფერი.
***
გაგიჟება ადვილია.
გადარჩენაა ძნელი.

გიჟ თამრიკოს ყველა იცნობს. დიდიც და პატარაც. კაციც და ქალიც.
დადის თამრიკო ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთი და იგივე ტანსაცმლით.
უყურებენ სინანულით ქალები, ზოგჯერ გამოელაპარეკებიან კიდეც.
ის კი დაყვება ქუჩებს, იქნებ სადმე საკუთარი თავი იპოვოს, წლების წინ წართმეული და უგზო უკვლოდ დაკარგული.

ავტობუსი.სასწაულები. ახალგორი.

995332_1739487122933987_6878938124650098495_nუშინ ავტობუსში ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ჩვეულებრივი დღე იყო, არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვიჯექი , მივდიოდი და ათას რამეზე ვფიქრობდი.

უცბად, საიდანღაც, თითქოს ქარმა მოიტანაო,  მოვარდა ჩემი სოფლის სურნელი.
ახალგორის, ჩემი დაკარგული ახალგორის სურნელი.
უცბად მეცა,
შემომეჭრა,
თვალწინ ჩამიქროლა,
გულზე მომებჯინა ..
შედედებული,
გადასროლილი..
გულიდან, არგასახსენებელი ტკივილების კუნჭულიდან გადმოიღვარა მთელი იქ გატარებული ცხოვრება. უცბად გადმოიღვარა და თავზე დამატყდა.

***
სასწაულია, არა?
საიდან? როგორ? შუა ქალაქში, შუა დღისით, სულ სხვა განწყობაზე მყოფს, სულ სხვა ფიქრებში ჩაფლულს, ჩემი სოფლის სურნელი მომელანდა!

მოლანდებაა აბა რა, თან სურნელი კი არ იყო მხოლოდ, გრძნობა იყო, შეგრძნება, ხილული, ცოცხალი..
იქ რომ განმეცადა მხოლოდ, 10 წლის, ბედნიერ და უდარდელ ბავშვს, მზიან , თბილ დღეს ჩემს მდინარეზე.. ის გრძნობა მოვარდა ზუსტად.
მოვარდა და აბა , როგორ არ დამეწერა, როგორ ჩამეყლაპა ?

ვერ ჩავყლაპე და ვწერ.

მეორედ ვწერ ახალგორზე. 9 წელია არ მინახავს და მეორედ ვწერ.
ნახევარი ცხოვრებაა ჩემთვის 9 წელი. დედაჩემისთვის ცხოვრების რაღაც პერიოდია, რაღაც ნაწილი, რომელიც თავის მშობლიურ სახლს აშორებს. მაგრამ, ჩემთვის ნახევარი ცხოვრებაა, ნახევარი ცხოვრება და იმის იქით დატოვებული  მთელი ბავშვობა.

რაც ვიზრდები უფრო მეტად მენატრება.

***
ნამდვილი სოფელი იყო ახალგორი.
იცით როგორი ნამდვილი? ახლადგამომხვარი პურის სურნელით და რუების ჩუხჩუხით, ატალახებული ეზოთი, გზისპირა ტყეებით, ასფალტაყრილი ქუჩებით, ჩამოწოლილი ორღობეებით, ატმის ხეებით, გრილი საღამოებით, სოფლის ამბებით , ნამდვილი ადამიანებით.. ლეგენდებით, ისტორიებით, სასწაულებით..და იმ სურნელით , ყველაზე ნამდვილი სურნელით ამ ქვეყანაზე.

***
აი ასე მომენატრა ახალგორი. ასე უცბად.
ამოტივტივდა, ამოტივტივდა და შუა ქალაქში, დღისით, მზისით მომენატრა.
თვალწინ ჩამიქროლა , თავზე დამატყდა, გულზე შემომაწვა და..
როგორ არ დამეწერა..

***
მართლაც, რა არის 9 წელი ცხოვრებისთვის, თითქოს არაფერი. მაგრამ, ჩემთვის ნახევარი ცხოვრებაა 9 წელი, და იმის იქით დარჩენილი ჩემი ახალგორი.

4 am

tumblr_nszwapyckB1u54ryzo1_400
ღამის ოთხი. თუ დილის.
ჩემთვის ღამეა.
ამ დროს ადამიანების უმეტესობას სძინავს. მე არ ვიცი რა უფრო უკეთესია, როცა გინდა და ვერ იძინებ, თუ როცა არ გინდა და არ იძინებ. ალბათ ორივე თავისებურად  უსაშველო, უაზრო , გაურკვეველი მდგომარეობაა, რომელიც ნორმალურ ადამიანებს იშვიათად თუ გამოუცდიათ.

პირველად როდის მიხდვით, რომ ძილი არ გინდოდათ? უბრალოდ დროის კარგვად მიგაჩნდათ და ფიქრობდით, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლე იყო, იმისათვის, რომ ძილზე დაგეკარგათ?
ასეთი სისულელე სხვებისგანაც გამიგონია. გამხარებია- ვა, მართლა? მეც ზუსტად ასე ვფიქრობ-მეთქი..

“უძილობის მე-4-5 დღეს ადამიანს ეწყება ფსიქიკური დარღვევებიც. საძილე საშუალებების გამოყენება არ არის გამოსავალი. საჭიროა, სასწრაფოდ მიმართოთ ნევროპათოლოგს, გამოიკვლიოთ უძილობის მიზეზი და ერთად მოძებნოთ მისი აღმოფხვრის საშუალება. ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში სრული 8 საათი გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა.”

მონაკვეთი ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე გამოქვეყნებული სტატიიდან, უძილობის შესახებ, რომლის მიხედვითაც , მე, სრულფასოვანი გიჟი უნდა ვიყო. იმიტომ, რომ ღრმა ბავშვობიდან, არასოდეს, არასოდეს მდომებია ძილი. მძინავს საშუალოდ ღამის 5 დან, დილის 10 საათამდე , ისიც პატარ-პატარა გაღვიძებებით.
მქონია პერიოდი როცა, ზემოთ ხსენებულ რეჟიმშიც ჩამდგარვარ თვითნებურად, მაგრამ ასეთი რეჟიმებიდან ძალიან მალე ვბრუნდები უძილობის სამყაროში, ბუნდოვან, გაურკვეველ, ბნელ , ჩუმ სამყაროში, სადაც გგონია, რომ მარტო ხარ, არავინ და არაფერი გიშლის ხელს, სადაც არავინაა და შენც შენ თავს უბრუნდები..
და ასე იწყება ღამის 4- ის ქრონიკები.

ღამის 4 -ზე ყველაფერი გახსენდება. ღამის 4-ზე ზუსტად იცი რა უნდა დაწერო ბლოგზე, წინადადებები მოდის და მოდის თავში, გიტრიალებს, ლაგდება .. ღამის 4-ზე ზუსტად იცი რა გინდა, ზუსტად იცი შპალერის ფიგურების განლაგება, მთვარის შექზე რომ იმახსოვრებ..ზუსტად იცი, რომ ჭერში ყურება ყელში ამოგივიდა  როცა გათენდება, შენი შეგროვებული წინადადებები და აზრებიც გაქრებიან და შენც ვეღარაფერს დაწერ ბლოგზე..
ზუსტად იცი რომ საშველი არ არის! და რომ სრული სისულელეა, უაზრობაა და უბედურებაა გეღვიძოს ღამის 4 -ზე.

მაგრამ მაინც გღვიძავს. და ყველაზე დიდი სისულელე ის არის, რომ არც გინდა სხვანაირად იყოს.

Continue reading

მხიარული და ბედნიერი

image

იფიქრიათ ოდესმე, რომ თუ ისეთი იქნებით, როგორიც სინამდვილეში ხართ, არავინ მიგიღებთ?
ან შეგიხედავთ საკუთარი ფოტოსთვის და გქონიათ ისეთი გრძნობა, თითქოს ეს თქვენ არ ხართ?
მე კი.
ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ დრო ცვლის, ის კი ვერც ხვდება ამას.
ისე გადის ცხოვრება , აღარც კი გვახსოვს როდის ვიყავით ბოლოს მხიარულები და ბედნიერები, ისეთები როგორებიც ვართ, როგორებიც ვიყავით და ალბათ ვიქნებოდით კიდეც, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო.
მე მახსოვს როდის ვიყავი ბოლოს მხიარული და ბედნიერი. უბრალოდ კარგ ხასიათზე კი არა, ნამდვილად მხიარული და ბედნიერი.
ადრე ამას ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ახლა, ვუყურებ ხოლმე ჩემს საკუთარ ფოტოს და ვფიქრობ რომ ეს მე არ ვარ.
ვფიქრობ , რომ მე სხვანაირი ვიყავი, სხვანაირად ვფიქრობდი, სხვანაირად ვოცნებობდი, სხვანაირად ბედნიერი ვიყავი. სხვანაირად კი არა, ჩემებურად.
თუ თქვენც გიფიქრიათ მსგავსი რამ, იცოდეთ რომ ეს გაზრდა არ არის. ეს დაკარგვაა.
ვფიქრობ ხოლმე. რატომ არ მიყვარდა ბავშვობაში ასე ძალიან ჩემი სოფელი. რაც ვიზრდებოდი უფრო და უფრო მიყვარდებოდა. სულ ადრე კი ,არც ჰქონდა ჩემთვის აზრი ,ზაფხულს სოფელში გავატარებდი, თბილისში თუ სადმე სხვაგან. ეს მიჯაჭვულობა ამ პატარა და ცარიელი ქალაქის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც გავიზარდე. როცა იქ ვარ, ჩემს ეზოში, უბრალოდ კედებით, მაისურით და ჯინსის შორტით, ცხენის კუდად შეკრული თმით და ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, როცა არც ვფიქრობ როგორ გამოვიყურები, სწორედ მაშინ მგონია რომ ისევ ის ანა ვარ.. კიდევ მაშინ ვხედავ ჩემს თავს, როცა აქ ვარ, ჩემს ბლოგზე. როცა დღიურს ვწერ..
ეს ალბათ ის არის, რაზეც ყველა ვფიქრობთ, როცა მარტოები ვრჩებით..
გახსოვთ, როდის იყავით ბოლოს მხიარულები და ბედნიერები?

იქ

BeFunky_null_4.jpg  რთი დღეც და გავუყვები ჩემი სოფლის გზას.. ისიც ისევ ისეთი დამხვდება როგორიც იყო, ისევ ისეთი ჩუმი და ცარიელი. ისევ იგუგუნებს ღამით მატარებელი და ისევ აიკლებენ ძაღლები ყეფით ყველაფერს. ერთ დილას კი ისევ დამხვდება გადათეთრებული ჩემი ქუჩა, და ისევ ვიფიქრებ რომ ეს ქუჩა, ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

მერე ჩავალ ეზოში, შევხედავ კედელზე ამოკაწრულ ჩემს სახელს, და მერე, როგორც 12 წლის, ისე ვითამაშებ თოვლში, ნამდვილი თამაშით ვითამაშებ, როგორც 12 წლის ბავშვები თამაშობენ.. და ვიფიქრებ, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც მე სოფელს ვეძახი, და რომელშიც არაფერი ხდება, ყველაფერი მაინც ძალიან, ძალიან  კარგად არის, მაშინაც კი, როცა არაფერია კარგად.
მერე წავალ ჩემს ნაძვებთან, იქ ვიპოვი ჩემს ხელებდაკაწრულ და მუხლებგადაყვლეფილ ბავშვობას, ვიპოვი სახლობანას და ყველა დამალობანას, რაც კი ოდესმე მითამაშია..ვიპოვი, და ვიფიქრებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სხვაგან, აქ , მაინც , ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად კარგად.