სასჯელად ქცეული სილამაზე

ალბათ ბედისწერაა სილამაზე. ნამდვილი, თვითმყოფადი, თავისთავად დაბადებული სილამაზე. არაფერი რომ სჭირდება, არანაირი გადაკეთება, არაფერი ზედმეტი.. უბრალოდ რომ იბადება და არის. ყვავის, ანათებს, აცოცხლებს ირგვლივ ყველაფერს. გაზაფხულს რომ ჰგავს, ახლადაყვავებულ იას, მზის სხივს, ოცნებას, ვარკვლავებით მოჭედილ ცას..რომ შეხედავ და ღმერთის არსებობას დაიჯერებ.

ასეთი იყო ლიკა. რომ გინდა მისი მსგავსი იპოვო და არ შეგიძლია. არ გამოდის.. და ამ დროს , ამ სილამაზესთან სიკვდილი მოდის! სიკვდილი. საშინელი, ცივი სიკვდილი. ზიხარ და ფიქრობ, რანაირად, როგორ, რატომ. სად სიკვდილი, სად სილამაზე. რა უნდა ასეთ სილამაზესთან მარტოობას, ტკივილს, ცრემლს, ტანჯვას და.. სიკვდილს. რა უნდა , რა ადგილი აქვს მასთან ამ ყველაფერს?

ამაზე პასუხი არ გაქვს. არც არავის აქვს. არ არსებობს პასუხი. 

რომი შნაიდერი გამახსენა ლიკას გარდაცვალებამ. ვარკსკვლავი რომი. თან როგორ გავდნენ ერთმანეთს. შველივით თვალებით, ფაიფურის კანით, როცა იღიმოდნენ, თითქოს მზე ამოვიდაო. სათაყვანებელი ქალები, იმისთვის შექმნილები-გიყვარდეს, ბოლომდე გიყვარდეს. და ამ დროს ტკივილი და ტანჯვა მოდის, და აქრობს მათ. ფიზიკურად ანადგურებს.  შენ კი ზიხარ და ვერ ხვდები, რატომ ისინი, რატომ ეს სილამაზის გამოვლინებები, რატომ ეს ოცნებად ქცეული ქალები.. პასუხი კი არ არსებობს.

ალბათ,მართლაც ბედისწერაა სილამაზე. პასუხს გთხოვს რაღაც და ვიღაც, არ გეპატიება, არ შეგრჩება.

სევდად გექცევა, ტკივილად გექცევა.

მარტოობად, სინანულად.

მაგრამ, მაინც დარჩები. ლეგენდად და ამბად დარჩები. ტკივილნარევი ღიმილით გაგიხსენებენ. ბედისწერააო იტყვიან.

“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის.. თუ, დროებით მიეფარება, ვინ იცის..”

Advertisements

წითელპომადიანი ქალი

14045702_1788333141382718_2246103410467225772_n

სიკვდილივით სევდიანი  და სიცოცხლესავით ლამაზი ქალი იყო ელენე.

ამოივლიდა ხოლმე, თავაწეული, მხრებში გაშლილი , ნელი და მძიმე ნაბიჯით. ძველი ჩითის კაბა ეცვა , ყვავილებით დაწინწკლული. ყველა კაბა ერთმანეთს ჰგავდა- მუხლს ქვემოთ, დაღილული და გახამებული საყელოთი.  სწორი ცხვირი ჰქონდა და აფრენილი წარბები. მუდამ წითელი პომადა ესვა. მოწითალო თმას ყოველთვის გადაწეულს და კოსად შეკრულს ატარებდა. და თვალები.. დიდებული თვალები ჰქონდა- ნუშისებრი, თაფლისფერი, საოცრად ნათელი და სევდაჩამდგარი თვალები.

..

მაშინ, 13 წლის გოგოსთვის, საოცრად მიმზიდველი და იდუმალებით მოცული იყო მარტოხელა, მუდამ მარტოდ მოსიარულე ულამაზესი ქალი. 

მისი ხმა მხოლოდ ერთხელ გავიგე- წყლის რიგში -” ბოლო თქვენ ხართ?” – მორიდებით კითხა დედაჩემს. დაბალი ხმა ქონდა, ქალური. რიგში თავდახრილი იდგა, თითქოს მისჯილი აქვს იქ დგომაო, ერთი სული ჰქონდა აევსო პატარა ყვითელი, საღებავგადაცლილი ბალონი და წასულიყო.

ახლა მიკვრის , რატომ მახსოვს ყველა დეტალი. ქალზე, რომელიც არავის აინტერისებდა. არავის. მხოლოდ ჩემთვის  ,13 წლის გოგოსთვის იყო ამ ქლის მარტოობა მიმზიდველი.
თუმცა, ესაც ბავშვური ცნობისმოყვარეობა იყო და მეტი არაფერი. მაშინ სხვა არაფერი შემეძლო.
უცნაური იყო, აზრად არასოდეს მომსვლია ოჯახში მეკითხა მის შესახებ. მთელი ცხოვრება ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა, პატარა , ერთსართულიან, წითელი აგურის სახლში. ეზოში ვარდებიანი ბაღჩა ჰქონდა. სკოლაში სიარულისას დილაობით ვაკვირდებოდი ხოლმე, ვარდებს კრეჭდა, ან რწყავდა. გამარჯობის თქმა მერიდებოდა. მაშინ  არ ვიცოდი რატომ. ახლა ვიცი.
ჩემს თვალში რაღაც მიუწვდომელი ჰქონდა მას, რაღაც იდუმალი. ის იყო ისეთი, როგორიც მინდოდა გავმხდარიყავი მე, როცა მისი ასაკის ვიქნებოდი.  მეგონა ყველა ასე აღიქვამდა მას-ლამაზად.  ეს მეგონა საოცნებო მდგომარეობა- ლამაზი ქალი.
ამიტომაც მერიდებოდა მისი, სადღაც მაღლა იყო. ზემოთ. სხვა სამყაროში.
მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის, რამაც მთლიანად დაანგრია ყველაფერი. რამაც ამირ-დამირია წარმოდგენები, ღირებულებები, მაშინდელი ოცნებები და საერთოდაც- ყველა ფიქრი და აზრი.
ბიძაჩემის ერთი მეგობარის ცოლმა, სუფრაზე, ვითომ სხვათაშორის ახსენა, ელენეს რა კარგი ვარდები აქვს, ნერგი მინდა ვთხოვოვო. და, აღარ მახსოვს ვინ, მხოლოდ მახსოვს როგორ იკითხა სტუმართაგან ვიღაცამ – ვის, ბოზ ელენეს? – ჰო. – იყო პასუხი.
-ოო, მოიცა რა, მაგისი არაფერი გინდა შენი ჭირიმე.
და ეს ყველაფერი მშვიდად, აუღელვებლად ითქვა! ვითომც არაფერიო.
სახეზე საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი. ვერ გამეგო რა ხდებოდა. “ვარდები  “, “ელენე”, “ბოზი”, “ბოზი ელენე”, “მაგისი არაფერი გინდა”.. ეს სიტყვები ამერია თავში.
უკვე ვიცოდი რომ ბოზი, ეს იყო ძალიან ძალიან ცუდი რამ, და მას ყველაზე ცუდ ქალებზე ამბობდნენ. მათზე ვინც სხეულს ყიდდა. -“ნუთუ ის ამას აკეთებს” -გამიელვა საშინელმა აზრმა თავში.
სუფრიდან ავდექი, ყელში ბურთი მომებჯინა, მთლიანად მიხურდა სხეული. სხვა ვეღარაფერი მოვისმინე .
ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება , ყველაზე მძიმე დარტყმა- მე აღარ მყავდა მისაბაძი ადამიანი, მე აღარ მყავდა საოცნებო , იდეალი ქალი. ის ცუდი ქალი ყოფილა, ის ცუდი ქალი ყოფილა.. მხოლოდ ამას ვფიქრობდი.
თითქოს რაღაც მიეცხო და დააბინძურა, თითქოს დადაბლდა , მიწაზე დაეცა.
დროთა განმავლობაში შევეჩვიე ამას. ტვინში ჩამიჯდა რომ მე ვცდებოდი, რომ ის არ იყო კარგი, ის არ იყო იდეალური. ტკივილით მაგრამ ამას შევეჩვიე.
ამ ამბიდან მალევე დავტოვე ჩემი ბავშვობის სახლი და დიდ ქალაქში გადმოვედით.
ელენე აღარც გამხსენებია. უმნიშვნელო ბავშვობის მოგონებად იქცა.
მშობლებმა ქალაქში სამსახური დაიწყეს და რამოდენიმე წელიწადს აღარც ჩავსულვარ იქ. ზამთრობით ბებო ,პაპა და ბიძა თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან.
მე გავიზარდე, აღარ ვიყავი 13 წლის. იმასაც მივხვდი რომ სილამაზე საოცნებო არ ყოფილა. სწავლით ვიყავი დაკავებული, ათასგვარ საქმიანობას ვედებოდი, აღარც კი მახსენდებოდა მშობლიური ქალაქი.
ერთ ზაფხულს, ტრენინგების შემდეგ გავიგე რომ ბებო ცუდად ყოფილა. მეორე დღესვე წავედი ტაქსით.
ის გრძნობა დამეუფლა , დიდი ხნის მიტოვებულს და უსაშველოდ ახლობელს რომ დაიბრუნებ. თან უცხოა, თან ახლობელი, და ძალიან ძალიან მტკივნეული..
როგორც კი სახლს მივუახლოვდი, იმ ქუჩას, იმ ჩასახვევს, ტვინში ყველაფერი ამომიტრიალდა, თითქოს ბოლო წლები დაპროგრამებულმა , დაჰიპნოზებულმა გავატარე და ახლა გამომაფხიზლესო.
ბებო მწოლიარე დამხვდა.
მისი ხელი მეჭირა და ყველაფერს ვუყვებოდი , ერთი წამითაც არ ვჩერდებოდი. ვიცინოდით, ვიტირეთ კიდეც.. ბოლოს ის ვკითხე რაც უნდა მეკითხა.
– ბებო, ელენე გახსოვს? ლამაზი ქალი რომ იყო.. როგორ არის?- გული ამომიბრუნდა, მეშინოდა არ გამეგო რომ იქ აღარ ცხოვრობდა ან ..
– არის ბებო, როგორც იყო. როგორ იქნება..
გულზე მომეშვა.
საღამოს ჩავუყევი ქუჩას, მის სახლთან გავჩერდი. ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რიდის, მოკრძალების.
დავაკაკუნე.
ფეხის ხმა არ გამიგია ისე გაიღო კარი. თითქოს კარებში იჯდა მიმსვლელის მოლოდინშიო.
შეცვლილი იყო. წლები დატყობოდა. ახლა უკვე შუახნის იქნებოდა. თვალებთან ნაოჭები გასჩენოდა, კანიც აღარ უბრწყინავდა. მხოლოდ თვალები, თვალები დარჩენოდა უცვლელი- სევდაჩამდგარი და მომღიმარი.
ტუჩებზე შევხედე-წითელი პომადაც უცვლელი იყო.
-გამარჯობა, მე.. მერი ბებოს შვილიშვილი ვარ..
-მობრძანდით, შემოდით.. -ოდნავ დაბნეულს ხმაში სიხარულიც ეტყობოდა.
დივანზე დავჯექი, ოთახს მოვავლე თვალი. ყველაფერი ძველი იყო. ძველი და.. მხოლოდ ერთი სიტყვა თუ აღწერდა ოთახს- მარტოსული.
მტვერდადებული წიგნები, ძველებული, ყვავილებით მოქარგული მძიმე, სქელი ფარდები, მრგვალი საღებავგადაცლილი მაგიდა..
ახლა გამიჩნდა ეს კითხვა , მხოლოდ ახლა- რატომ არის ეს ქალი მარტო, და რატომ უწოდეს ის სიტყვა მაშინ.. იმ დროს ჩემთვის განაჩენის მსგავსი სიტყვა. ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ისმის, მაშინ კი სიკვდილს რომ უდრიდა ჩემთვის.. რატომ გაიმეტეს მარტოობისთვის, რატომ არავის უნდოდა ის, რა დააშავა ასეთი?
..
ჩაი დამალევინა. სხვა არაფერი ქონდა.

-ბავშვობაში ძალიან მომწონდით- დავიწყე. – ძალიან ლამაზი იყავით.. მართლა.
-მადლობა ჩემო კარგო, მადლობა..
– გათხოვილი არ ყოფილხართ?- ვკითხე და ვინანე. ისედაც ვიცოდი რომ სულ მარტო იყო.
თავი დახარა, ჩაი მოსვა- ერთხელ მიყვარდა.- მიპასუხა და გამიღიმა.

-ერთხელ მიყვარდა. მაგრამ ..არ შეიძლებოდა. ჰოდა, ბავშვის ამბის მერე წავიდა.
-ბავშვის?- ..
– ჰო, ბავშვი გარდამეცვალა, ორი წლისაც არ იყო.. ამის მერე საბოლოოდ დაბრუნდა იქ, საიდანაც მოვიდა.
ცოლთან. – ხმადაბლა ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა არავის გაეგო. და თან მაგიდას ალაგებდა.
–  ცოლმა რომ გაიგო ერთმანეთი გვიყვარდა მიჩივლა, ქურდობა დამაბრალა, პოლიცია მოვიდა და ის ყელსაბამი ამოიღეს, მისმა ქმარმა რომ მაჩუქა. წამიყვანეს. – ასე მომაძახა- ბოზი და ქურდი ხარო. ყველას ესმოდა..
მოვკვდი, მაგრამ არ წავედი აქედან! შერცხვენილი ვიყავი მაგრამ არ წავედი..
იმის გამო ვერ წავედი. მიყვარდა და ვერ წავედი.
იმის მერე მოვიდა, პატიებას მთხოვდა სასამართლოზე რომ არ აღიარა ჩემი სიყვარული. მეფიცებოდა მიყვარხარო. ვუყვარდი.. უბრალოდ სუსტი იყო.
მერე..ბავშვის ამბავი მოხდა. ფილტვების ანთებით მომიკვდა.
მე მაბრალებდნენ, ვერ მოუარაო. ის ზამთარი შეშის გარეშე გავატარეთ.
-გაჩუმდა. რამოდენიმე წამს ტუჩებზე მიიდო მომუჭული ხელი.

ეს არის და ეს.-  ადგა . კედელზე დაკიდულ ტილოზე ხელები შეიწმინდა და გამიღიმა.
– თქვენ ძალიან ლამაზი ხართ. ახლაც ძალიან ლამაზი ხართ.. მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
-მადლობა ჩემო კარგო, მადლობა. -მომიახლოვდა და ხელი ხელზე დამადო. – გამომიარე ხოლმე როცა აქეთ იქნები, მე სულ აქ ვარ. არსად წავალ..

წამოვედი.
სიკვდილივით სევდიანი იყო იმ საღამოს მისი ეზო, და თვითონ ისევ სიცოცხლესავით ლამაზი.
ვერ ვპატიობდი ჩემ თავს ,მაშინ რომ სხვების სიტყვების გამო გული ავიცრუე ამ ქალზე, ჩემთვის იდეალურ ქალზე.
და თან ბედნიერი ვიყავი, რომ არ ვცდებოდი. ის უფრო დიდებული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
უფრო დიდებული და უფრო ძლიერი!
ძლიერი საიმისოდ რომ გაეძლო ყველა სიტყვისა და ყველა უგულო გამოხედვისთვის, ყველა მარტოობისთვის და არ წასულიყო, არ მიეტოვებინა ის, ვინც უყვარდა.
ძლიერი საიმისოდ რომ ეპატიებინა კაცისთვის სისუსტე , და არ შეეძულებინა ის,
ძლიერი საიმისოდ რომ მის თვალებში არ ჩამქრალიყო ნაპერწკალი, და მის ტუჩებზე არ გამქრალიყო წითელი პომადის კვალი.
მართლაც დიდებული ქალი იყო ელენე. სიკვდილივით დიდებული და სიცოცხლესავით ლამაზი..

ენამწარე გოგონას ამბავი

18118524_832356023588547_3899170981658711618_n
ბავშვობაში დედა ერთ ზღაპარს მიკითხავდა ხოლმე. ბოლოს ხმაში ცრემლი ერეოდა. მე ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდა დედა, ეს ხომ ჩვეულებრივი ზღაპარი იყო, ზღაპარი ენამწარე გოგონაზე. სხვანაირად-ზრაპარი ედემის ყვავილზე. ამბავი ლამაზ მაგრამ გულქვა გოგონაზე, რომელიც ბოლოს მიხვდა დანაშაულს, როცა ლამის ყველაფერი გვიან იყო.
დრო გავიდა, მე გავიზარდე , წლები იყო არ გადამეშალა ის წიგნი, აღარც კი მახსენდებოდა ხოლმე მისი არსებობა. მხოლოდ ერთ მომენტში გამკრავდა ხოლმე გულში ნაცნობი ზღაპარი, როცა ვინმეს ნებით ან უნებლიეთ გულს ვატკენდი და შემდეგ ამას ვნანობდი.
ერთი ასეთი შემთხვევის დროს დედამ მითხრა, სუფთა ის ენამწარე გოგონა ხარო.
ძალიან მეწყინა. შინაგანი პროტესტი გამიჩნდა. გამახსენდა , ბავშვობაში ზღაპრის დასასრულს დედა ყოველთვის მეუბნებოდა, მთავარია კეთილი იყო, სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვსო.
ბავშვობაში ხშირად ვიყავი ენამწარე. მინდოდა ჩემი გამეტანა ყოველთვის, ადამიანებს დაუფიქრებლად მივახლიდი სათქმელს და როდესაც ეწყინებოდათ, მერე უარესად მტკიოდა გული. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვიქცეოდი, რატომ არ ვფიქრობდი წინასწარ, სანამ რაიმეს ვიტყოდი.
ზღაპრის გმირი გოგონასგან განსხვავებით მე არც ლამაზი ვყოფილვარ და არც გრძელი ლამაზი თმა მქონია. მას მხოლოდ მწარე ენით ვგავდი.
რაც დრო გადიოდა ამაზე უფრო და უფრო ვდარდობდი, რატომ მისწრებდა ენა წინ. ეს ხომ მე თვითონ მკლავდა?
ახლა 24 წლის ვარ. ახლა აღარ მისწრებს ენა წინ, ახლა ვისწავლე რომ მთავარია სხვას არ ვატკინოთ გული, მთავარია სხვა გავახაროთ თუმდაც ერთი სიტყვით. ესაა მთავარი!

იმდღეს ერთ წიგნს ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი ზღაპარს ენამწარე გოგონაზე. გადავშალე. თიტქოს დრო არც გასულაო, იგივე გრძნობა დამეუფლა-ყველაზე დიდი სიმართლე რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ყველაზე გულზე მოსახვედრი ამბავი.

ზღაპარში , ბოლოს, ენამწარე გოგონა ავად ხდება , მისი სილამაზეც სადრაც გაქრება, დაესიზმრება რომ მხოლოდ   ერთი გზაა გადარჩენის, ვარდების კონა იმ მოხუცი კაცის ბაღიდან, რომელსაც რამდენეჯერმე მწარედ დასცინა და გული ატკინა , როცა  გაწოდებულ ყვავილზე უხეშად ხელი აუკრა.
როცა გოგონას დედა მოხუცთან ვარდებისთვის ტირილით მივა, მოხუცი მოუჭრის ვარდებს, მიუხედავად იმისა რომ მოჭრის შემთხვევაში ყველა ყვავილი გაუხმებოდა ბაღში.
მოხუცი გოგონას გადარჩენს. და გოგონა მიხვდება სიკეთის ფასს.
მხოლოდ მაშინ, როცა სიცოცხლისთვის დასჭირდა ბრძოლა.

მე მგონია რომ ეს სიცოცხლის ზღაპარია, ზღაპარი იმაზე, რა დიდი ძალა აქვს სიკეთეს და სიყვარულს. და როგორ გვკვლავს და გვამახინჯებს თითოეული მწარე სიტყვა!
არჩევანი ჩვენზეა, ჩვენ ვწყვეტთ როგორები ვიქნებით. მთავარია ამას იქამდე მივხვდეთ, სანამ ის ედემის ყვავილი არ დაგვჭირდება გადასარჩენათ, რომელიც ერთხელ გულგრილად მოვისროლეთ.
18118749_832345303589619_4282176790726684461_n

შეხვედრა ავტობუსში

image

ოგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. ყვითლად შეღებილი თმა, ვარდისფერი პომადა. 80 წელს გადაცილებული იქნებოდა. 13 წლის წინანდელი კადრები დამიდგა თვალწინ, როგორ იჯდა როიალთან და მუდამ ერთნაირი, მომღიმარი გამომეტყველებით უკრავდა რახმანინოვსა და ჩაიკოვსკის.
ავტობუსში ამოვიდა, ადგილი დავუთმე. უცნაურია, თითქოს მოველოდი მის ნახვასო. მის სკამთან დავდექი.
თვითონ დამასწრო და გამომელაპარაკა, რუსული აქცენტით მითხრა -მადლობაო, როგორ შეგაწუხეო..
-მე თქვენ გიცნობთ – ვუთხარი და გავუღიმე.
ღიმილით შემომხედა-იცი, მე ინგლისურს ვსწავლობ!
-ძალიან კარგია ! -გავუცინე.
-რას საქმიანობ?- მკითხა ინგლისურად.
მეც ინგლისურად ვუპასუხე რომ ტელეჟურნალატიკას ვსწავლობდი თეატრალურში.
-ოიჰ ,თეატრალური, რა კარგია!
-იცით მე საიდან გიცნობთ? როცა მეხუთე კლასში ვიყავი, 2002 წელს, თქვენ ჩვენი კონცერტმაისტერი იყავით საბალეტო სკოლაში.
-ოო, მართლა? მე ახლაც ვუკრავ , სულ ვუკრავ, აბა!? -მერე ჩაფიქრდა და თითქოს თავისთვის  გაბრაზებულმა განაგრძო- ეხლა ახალი დირექტორია, განა მოცეკვავეა, არა, სხვა. საერთოდ სხვა..მერე უცებ შემომხედა და მკითხა- Are you married ?
-არა, გათხოვილი არ ვარ-გამეცინა.
-ოიჰ, უნდა გათხოვდე!
-თქვენ? შვილები გყავთ? – ვკითხე და მაშინვე ვინანე. მე ხომ ვიცოდი რომ მარტოხელა იყო. ეს არავის უთქვამს, უბრალოდ ვიცოდი. სხვანაირად ვერ იქნებოდა.

Continue reading

ლამაზი ქალები

ილამაზე ალბათ ყველაფერია ერთად. ყველა სიკეთე ერთად თავმოყრილი. აბა რა ფასი აქვს გარეგნულ მშვენიერებას, სიკეთის გარეშე, სათნოების გარეშე, სიმშვიდის გარეშე, პატიოსნების გარეშე.. არავითარი.
სილამაზე უფრო საჩუქარს გავს, რომელთან ერთადაც მეტი სიძნელე ხვდებათ ხოლმე წილად.
ყოველთვის მიკვირდა, რატომ აქვთ ლამაზ ქალებს აფორიაქებული ცხოვრება მეთქი. რაც უფრო ლამაზი ხარ, ხომ უფრო ბედნიერიც უნდა იყომეთქი.

ისიც მიკვირდა ჭორები უმეტესად ლამაზ ქალებზე რატომ ითხზვებოდა.. ალბათ უფრო საინტერესოა მათზე ლაპარაკი.
რატომ უკვირდათ ყოველთვის ლამაზი ქალის სიყვარული, ლამაზი ქალის ბედნიერება, ანდა უბედურება.. რატომ არის სალაპარაკო ის..
ან იქნებ არც არის, და უბრალოდ ასეთია ცხოვრება.
საკვირველია. მათ, ლამაზ ქალებს, ხომ ყველა ეტრფის, მათ ხატავენ ტილოზე, მათ უძღვნიან ლექსებს, მათ სახეს თლიან ქვაზე, ის უნდათ რომ უკვდავყონ ..და ყველაზე მეტს მაინც მათ კიცხავენ, მათზე ჭორაობენ, მათ ტოვებენ..მათ შეცდომებზე იცინიან, მათ ამადლიან ამ სილამაზეს.
ალბათ მაინც ჯილდოა.. ყველაფრის მიუხედავად. დოდო ჭიჭინაძე

Something royalty..

არის რაღაც, რაც გაუგონრად გიზიდავს. ანდამატივით თავისკენ გეწევა და მთლიანად გშთანთქავს. ქვეშეცნეულად მისკენ მიისწრაფვი და იმდენად გინდა ის “რაღაც” შენი ნაწილი გახდეს, რომ უკვე გჯერა  რომ ასეა. Image
ავშვობიდან ყველაფერი მიყვარდა, რაც პრინცესებს და პრინცებს ეხებოდათ. ზღაპრები, სათამაშები, ნaხატები, მუსიკა, ჩაცმულობა.. Disney… ერთი სიტყვით ყველაფერი.
როცა გავიზარდე, ამ ყველაფერმა ფორმა იცვალა.
Image
ე მიყვარს ეს სამყარო. ოღონდ ნამდვილი. 

Continue reading