არაფრისმთქმელი პოსტი

bty
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ჩემი ბოლო ფოტო გამოვფინე.
ბლოგერებისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა ზიხარ, წერა გინდა და არაფერია დასაწერი.
როგორი წარმოუდგენელია, არა ? როგორ შეიძლება ცხოვრობდე და დასაწერი არაფერი იყოს.
პარადოქსებით სავსე სამყაროში ასეც ხდება და უარესსაც გეტყვით. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, რასაც ვწერ ის არის ცხოვრება და არა ის, რაც რეალურად ხდება -მეთქი.
წეღან ბლოგს ბოლომდე ჩავყევი. 2013 წლამდე. თითქმის ექვსი წლის ცხოვრება ჩავტიე რამოდენიმე წუთში.
კომპიუტერის ეკრანზე ჩაიარა მთელი ექვსი წლის მანძილზე განცდილმა თითოეულმა გრძნობამ.
მრავალნაირი შეგრძნება ენაცვლებოდა ერთმანეთს.

ჰოდა, ბოლომდე რომ ჩავყევი და მერე ისევ უკან ამოვყევი პოსტებს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ პოზიტიური განწყობა, ჩემი პოსტების რაოდენობის უკუპროპორციულად მცირდებოდა.
ანუ- რაც უფრო ცუდად ვიყავი, უფრო მეტს ვწერდი.
ამ პრინციპით ბლოგზე უამრავი უაზრო პოსტი დამიგროვდა და ბევრი მათგანიც წავშალე.
ასევე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ წერდე, არ ნიშნავს შენი ბლოგი სუიციდს შემთხვევით გადარჩენილთა კლუბის თინეიჯერი წევრის დღიურს გავდეს.
დასკვნების გამოტანა ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვსწავლობდი გამოცდილებიდან, მაინც ყოველთვის ვცდილობდი რაიმე პასუხამდე მივსულიყავი ხოლმე. რაიმე ახსნა ან კანონზომიერება მომეძებნა საკუთარ ტვინში არსებული ქაოსისთვის, და მებრძოლა იმ წარმოსახვით ურჩხულებთან, რომლებიც არც კარადის უკან არიან და არც საწოლის ქვეშ, სამწუხაროდ..
ისინი ყოველთვის ჩემს შიგნით ცხოვრობდნენ.

თქვენ როგორ ებრძვით თქვენს ურჩხულებს?
თქვენ როგორ წერთ, როცა მკვდრები ხართ?
თქვენ როგორ ცდილობთ გადარჩეთ?
მომიყევით.
სიყვარულით, ანა.

Advertisements

სასჯელად ქცეული სილამაზე

ალბათ ბედისწერაა სილამაზე. ნამდვილი, თვითმყოფადი, თავისთავად დაბადებული სილამაზე. არაფერი რომ სჭირდება, არანაირი გადაკეთება, არაფერი ზედმეტი.. უბრალოდ რომ იბადება და არის. ყვავის, ანათებს, აცოცხლებს ირგვლივ ყველაფერს. გაზაფხულს რომ ჰგავს, ახლადაყვავებულ იას, მზის სხივს, ოცნებას, ვარკვლავებით მოჭედილ ცას..რომ შეხედავ და ღმერთის არსებობას დაიჯერებ.

ასეთი იყო ლიკა. რომ გინდა მისი მსგავსი იპოვო და არ შეგიძლია. არ გამოდის.. და ამ დროს , ამ სილამაზესთან სიკვდილი მოდის! სიკვდილი. საშინელი, ცივი სიკვდილი. ზიხარ და ფიქრობ, რანაირად, როგორ, რატომ. სად სიკვდილი, სად სილამაზე. რა უნდა ასეთ სილამაზესთან მარტოობას, ტკივილს, ცრემლს, ტანჯვას და.. სიკვდილს. რა უნდა , რა ადგილი აქვს მასთან ამ ყველაფერს?

ამაზე პასუხი არ გაქვს. არც არავის აქვს. არ არსებობს პასუხი.

რომი შნაიდერი გამახსენა ლიკას გარდაცვალებამ. ვარკსკვლავი რომი. თან როგორ გავდნენ ერთმანეთს. შველივით თვალებით, ფაიფურის კანით, როცა იღიმოდნენ, თითქოს მზე ამოვიდაო. სათაყვანებელი ქალები, იმისთვის შექმნილები-გიყვარდეს, ბოლომდე გიყვარდეს. და ამ დროს ტკივილი და ტანჯვა მოდის, და აქრობს მათ. ფიზიკურად ანადგურებს. შენ კი ზიხარ და ვერ ხვდები, რატომ ისინი, რატომ ეს სილამაზის გამოვლინებები, რატომ ეს ოცნებად ქცეული ქალები.. პასუხი კი არ არსებობს.

ალბათ,მართლაც ბედისწერაა სილამაზე. პასუხს გთხოვს რაღაც და ვიღაც, არ გეპატიება, არ შეგრჩება.

სევდად გექცევა, ტკივილად გექცევა.

მარტოობად, სინანულად.

მაგრამ, მაინც დარჩები. ლეგენდად და ამბად დარჩები. ტკივილნარევი ღიმილით გაგიხსენებენ. ბედისწერააო იტყვიან.

“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის.. თუ, დროებით მიეფარება, ვინ იცის..”

სამი სიკვდილი

image

სამჯერ ვნახე სიკვდილი საკუთარი თვალით.
ერთხელ ადამიანის, ერთხელ ცხოველის, ერთხელაც სიყვარულის.

სამივეჯერ მოვკვდი.

მერე ავდექი და სამივე გულის არგასახსენებელი ამბების უშორეს კუნჭულში გადავისროლე, გამოვკეტე და ცხოვრება გავაგრძელე.

ეს არ არის ადვილი.
ძნელია.
სიკვდილივით ძნელი.

ან იქნებ, სიკვდილი სულაც არ არის ძნელი, იმათთვის ვინც კვდება? იქნებ სიკვდილზე ადვილი არაფერია?
იქნებ ჩვენ, ცოცხლებს გვგონია ტრაგედია? იქნებ ჩვენ უფრო ვკვდებით..

ნეტავ, რამდენჯერ უნდა მოკვდეს ადამიანი, იმ, მთავარ, საბოლოო სიკვდილამდე. ნეტავ სად არის საზღვარი, სად მთავრდება , სად წყდება ადამიანი..

“მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ..”

სამჯერ ვნახე სიკვდილი საკუთარი თვალით.
სამივეჯერ მოვკვდი.

ნეტავ რამდენი სიკვდილი დამრჩა..

ჩვეულებრივი გოგოების კლუბი

12923315_1739223966293636_2580315811502389149_n

ე ჩვეულებრივი გოგო ვარ.

ჩვეულებრივი გოგოების კლუბი რომ არსებობდეს, სწორედ ასე მივესალმებოდით ერთმანეთს- გამარჯობა, მე ანა ვარ, და მე ჩვეულებრივი ვარ.
-გამარჯობა , ანა ! – მომესალმებოდნენ სხვა ჩვეულებრივები.
შუაში იჯდებოდა შუახნის ქალი. სანდომიანი, დამუშავებულ-დაყენებული ღიმილითა და ცარიელი სახით. რომელიც, მე აუცილებლად საზიზღრად მომეჩვენებოდა და მენდომებოდა ამ ქალისთვის პირში მიმეხალა, როგორი აფერისტია და როგორ არადამაჯერებლად გამოსდის ეს მოგონილი სიმშვიდე, ბოლოს მეგინებინა და წამოვსულიყავი. ეს მენდომებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი, მე ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ.

მერე დავიწყებდი :

-ყოველთვის მინდოდა, ჩვეულებრივი გოგო ვყოფილიყავი. მინდოდა მენერვიულა იმაზე, რაზეც გოგოების უმეტესობა ნერვიულობს, მინდოდა მეფიქრა იმაზე, რაზეც ისინი ფიქრობენ და საერთოდაც, ისე მეცხოვრა, როგორც ისინი ცხოვრობენ.
ერთხელ ჯგუფელმა მითხრა “სტრანნი” ხარო. მეწყინა. მერე მეორემ უჟმური დამიძახა. ესაც მეწყინა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უბრალოდ, უმეტესად, მარტო დავდიოდი.

მე მართლა ჩვეულებრივი გოგო ვარ.
ჩვეულებრივი გოგოების კატეგორიაც იყოფა ქვეკატეგორიებად. ერთ-ერთი ასეთია – მოსაწყენი გოგოები. აი მანდ ვარ მეც.
(ღმერთო.. ჯერ ჩვეულებრივი, და ახლა კიდევ მოსაწყენიც. ეს რა უბედურებაა.)

მე ვნერვიულობ ჩემს თმაზე და საერთოდ, ძალიან ვზრუნავ ჩემს გარეგნობაზე. ამით სხვა გოგოებს ვგავარ.
ვტირივარ. არც-ისე ცოტას- ამითაც ვგავარ.
მიყვარს ფილმები სიყვარულზე.
წიგნებიც.
ძალიან ეჭვიანი ვარ.
მოიცა კიდევ რას აკეთებენ გოგოები.. ვეღარ ვიხსენებ მეტს ვერაფერს. რაც არის, მოკლედ ვგავარ მათ.
მაგრამ, უცნაური ისაა, რომ სხვა გოგოებს ვერასოდეს ვუგებ. არადა ხომ ნახეთ, ჩამოვთვალე, რამდენი რამით ვგავარ მათ. მაგრამ მაინც არასოდეს მესმის მათი, მაინც ნერვები მეშლება მათზე, მაინც სულელები მგონია ისინი.( ძალიან ჭკვიანი გოგოების გარდა)
არ მინდა რომ ასე იყოს. მაგრამ ასეა. თითქმის არ მყავს დაქალები. იმ 2 ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც მე მეგობრებს ვეძახი და უბრალოდ მიყვარს. არც სიტყვა “დაქალი ” მომწონს და არც “გოგოშკური” რაღაცები. არ მიყვარს გოგოების გარემოცვა. გოგოების საუბრები, (ვერასოდეს ვერთვები) მოკლედ, არ ვიცი ეს რატომ ხდება.

მე ხომ ძალიან მინდა ჩვეულებრივობა.

უფრო ადვილია იფიქრო თმაზე, მაკიაჟსა და ტანსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ნეტავ არ გათენდეს.
უფრო ადვილია ილაპარაკო პომადის ფერზე, ვიდრე იმაზე , რომ გაზაფხულია და შენ მაინც გცივა.
უფრო ადვილია თქვა, რომ დიეტაზე ხარ, ვიდრე ყველამ იცოდეს რომ ჭამა, უბრალოდ არ შეგიძლია.
უფრო ადვილია უყურო ფილმებს სიყვარულზე, ვიდრე დაიჯერო, რომ ის არ არსებობს.
უფრო ადვილია, იყო ჩვეულებრივი გოგო, ვიდრე საერთოდ არ იყო.
სხვა გზა , უბრალოდ არ არის.

მე ჩვეულებრივი გოგო ვარ.
და მე მეზიზღება ჩემი მაკიაჟი, თმა , სუნამოს სუნი და ტანსაცმელი.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მეზიზღება ყველა ფილმი და წიგნი სიყვარულზე.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და არ მყავს დაქალები.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მომბეზრდა ეს.
დავიღალე.
მაგრამ მაინც ისე ვიქცევი, როგორიც ისინი იქცევიან. აბა ხომ არ გავგიჟდები.

ვიცი, რომ ამას ბევრი გაიგებს, მეც ასე ვარო იტყვის. კი, ასე არიან გოგოები. ჩვეულებრივები უფრო.

ისე კი,
მართლა ჯობია იფიქრო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ლამისაა მეოთხედი ცხოვრება გადის , შენ კი მეათასე ღამეს ათენებ და მაინც არ იცი ვინ ხარ..