12 წლის ბიჭი

12 წლის ბიჭი ხომ გინახავთ? ნამდვილი 12 წლის ბიჭი. მზისგან გაშავებული წვრილი მკლავებითა და გადატყავებული მუხლებით. ის არასოდეს იღლება , არასოდეს არაფერი ეზარება. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ამქვეყნად ვერაფერი შეაშინებს. არასოდეს აინტერისებს იმ ტანსაცმლის ფასი, რომელიც აცვია; არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შარვალი და მაისური ექნება . აქვს ერთი ბურთი და კედები, რომელსაც წლის დასაწყისში ყიდულობენ.

image

ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე დგება და მარტო მიდის ტბაზე, მისი სახლიდან სამი კილომეტრის დაშორებით. გზაში ტყის გავლაც უწევს, მაგრამ, რა თქმა უნდა  არ ეშინია. მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ არ დაიჯერებთ, მაგრამ მას მართლაც არაფრის ეშინია.

ჯდება ტბის პირას და გაჰყურებს მეორე ნაპირს . იქით ნაპირას, შუაში, ჭაობებია. დასავლეთით უნდა იცურო, ნაპირს რომ მიადგე. მერე ტყე იწყება, მაღალი ნაძვებით სავსე ტყე.
ბიჭი ჯდება ნაპირზე და წარმოიდგენს – აი შევიდა წყალში , მიცურავს , უსვამს ხელებს და წყალს მიაპობს, იღლება, მაგრამ არ ეპუება, მიცურავს, დროდადრო ზურგზე წვება და ისვენებს, მერე ისევ მიცურავს.. სამი საათი, ოთხიც.. აი გამოჩნდა მეორე ნაპირი, ტყე..
ბიჭი მიუყვება ტყეს. დაბურულია, მზის სხივიც ვერ ატანს,  მგლების ყმუილი ესმის..მიდის ბიჭი და თავგადასავალს ეძებს, ისეთს, ჯერ რომ არავის გადახდენია თავს!
იქნებ ურჩხულებთან ბრძოლამაც მოუწიოს? ან იდუმალ ქოხს გადააწყდეს სადმე, ან სულაც..ჰო , ამასაც კი ფიქრობს, იქნებ სასახლე აღმოაჩინოს? კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით. სასახლე , მარმარილოს კიბეები რომ ამშვენებს..

გაკვეთილები ეწყება. უკანა გზაზე უკვე მზე აჭერს. მაისურს იხდის და ზემოთ , ცაში იყურება. მერე ქვას იღებს და წყალში მოსხლეტით ისვრის. კარგად გამოუვიდა. ეღიმება.
მიაბიჯებს. თავდაჯერებულად, აუჩქარებლად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ისე, ნამდვილი ბიჭი რომ უნდა დადიოდეს.
გზაში , როგორც ყოველთვის,  ღობიდან მეზობლის ბაღში ძვრება და აწითლებულ ვაშლს გეახლებათ. ესაა მისი საუზმე.

ბიჭი ყოველ დილას მიდის სახლიდან , ჯდება ტბის პირას და ნამდვილი ოცნებით ოცნებობს, დიდი ოცნებით.. და თქვენ გგონიათ ვინმეს გაუმხელს ? გგონიათ თავის სამყაროში ვინმეს შეუშვებს? – არა. არასოდეს !

ერთი ბურთი აქვს , ყოველ დღე ერთი და იგივე მაისური და შორტი აცვია, მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მას ვერასოდეს, ვერაფერი შეაშინებს!

“თუ კი ერთხელ გაიზრდები, ვერასოდეს დაბრუნდები უკან !”

tumblr_n5k21cNqHm1sbnhoho1_500
“თუ კი შენ ერთხელ გაიზრდები, ვეღარასოდეს დაბრუნდები უკან! ” 
პიტერ პენმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა, ამიტომაც დარჩა სამუდამოდ ბავშვობაში.
და ეს ბავშვობა რა ცოტაა, რა შეუმჩევლად გადის აქ, ჩვენთან.
რა მალე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ გავიზარდეთ, რომ დიდები ვართ, დიდების სამყაროში აღმოვჩნდით, იქ სადაც ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, იქ სადაც იბრძვიან, იქ სადაც იტყუებიან, სადაც ოცნებებს ივიწყებენ, სადაც წვიმაში აღარ დარბიან, სადაც ხეზე ასვლა , ფეხბურთის თამაში, სახლში ფანჯრიდან გადასვლა , მეზობლის ტყემლის მოპარვა,
მწვერვალებიდან ციგით დაშვება, ბებიის გაბრაზება და სხვა ყველაფერი კარგი, სირცხვილად ითვლება.
სადაც არ შეიძლება დაგეზაროს, არ შეიძლება გადაიფიქრო, არ შეიძლება თქვა , რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ! სადაც დიდი ხანია დაავიწყდათ როგორია, იყო უდარდელი.
დიდების სამყაროში ხომ სისულელეა, სასწაულების გჯეროდეს.
თუმცა, მათ დიდი ხანია აღარ უნახავთ სასწაულები, თავგადასავლებიც აღარ ახსოვთ.. არ ახსოვთ ის მოგზაურობები, მეკობრეებით სავსე დიდი გემები, არ ახსოვთ სასახლეები, მარმარილოს კიბეებით, კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით, წითელი სამხრეები რომ ამშვენებდათ.. არც ხმლების შეჯახების და მარაოების დავარდნის ხმა ესმით..
ვერც გაიგებენ, ეს ხომ ბავშვობაში ხდება.. რომელიც როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სავსეა დიდი თავგადასავლის მოლოდინით.
..და ნეტავ რა იქნებოდა ყველანი ბავშვებად რომ დავრჩენილიყავით..
რა იქნებოდა, აღარ მეძახდნენ სახლიდან, როცა გარაჟის სახურავზე, თხილის მოსაპარად დავრბივარ..
რა იქნებოდა ,ჩემს გარშემო არავის სჭირდებოდეს ხვეწნა იმის გამო, რომ დამალობაანა ითამაშოს..
რა იქნებოდა, ისევ გვჯეროდეს. რომ ქუჩის ბოლოს მიტოვებული სახლი, მოჩვენებებით და მთელი საიდუმლოებებით არის სავსე.
ვინ იცის, როგორ ელოდებიან დიდებს ტომ სოიერი და ჰეკი ფინი. მათ კი ათასში ერთხელაც კი არ ახსენდებათ..
ალბათ ეს ცხოვრების ბრალია.
და ნეტავ რა უნდა ვქნათ ჩვენ..
“თუ კი გაზრდა ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ავალ ხეზე, მაშინ მე არასოდეს, არასოდეს გავიზრდები!” -პიტერ პენი

მე რომ სოფელში მეცხოვრა , წითელი აგურის სახლში

ინდოდა სოფელში მეცხოვრა,წითელი აგურის სახლში.
უსაშველოდ ბევრი წიგნით სავსე ოთახი მქონოდა, მზიანი და სიძველის სუნით გაჟღენთილი.
მინდოდა გრძელი ნაწნავი მქონოდა და უბრალო ყვავილებიანი კაბა მცმოდა, მუხლამდე.
მინდოდა დილით ალიონზე გამეღვიძა და ყვავილები მომერწყა ჩემს ასფალთაყრილ ეზოში.
მერე ქუჩის ბოლოს , ერთადერთი მაღაზიისკენ მიმავალს, მეზობლის თეთრბეწვა ძაღლი ამდევნებოდა, როგორც ყოველთვის.

tumblr_lo9efcZuNG1qfgxk4o1_500_large
ინდოდა სახლის კართან ,სკამზე გამეტარებინა, კაკლის ფოთლის სუნით სავსე საღამო.
მერე დავმჯდარიყავი ფანჯარასთან და ბევრი მეწერა, ძალიან ბევრი.
მინდოდა ცისკრის ლოცვაზე მევლო. სოფლის ბოლოს , ძველ ეკლესიაში.
სახლის გზაზე ყველა ნაცნობი მომეკითხა, ისე, თითქოს წლებია არ მენახა.
საღამოობით სტუმრად წავიდოდი, თმას გავიშლიდი. ახალ კაბას ჩავიცვამდი, ბებოს  შეკერილს.
ღამით , დაძინებამდე ბევრს ვიკითხავდი, ძალიან ბევრს..
ლამაზი სიზმრებით სავსე სამყაროში კი ისევ გავეხვეოდი საოცარ თავგადასავლებში, ვნახავდი უშველებელ გემებს, სასახლეებს, სეფექალებსა და ლურჯფრაკიან კარისკაცებს..
დილით კი გავიღვიძებდი და დავიჯერებდი იმ საოცარ სიყვარულს, წიგნებში რომ არსებობს, დავიჯერებდი სასწაულებს, დავიჯერებდი ბედნიერებას.
მერე ისევ ალიონზე ავდგებოდი, პირს დავიბანდი და თმას დავიწნავდი. ბებოს შეკერილ ახალ კაბას ჩავიცვამდი და ვიფიქრებდი, რომ სადღაც, ოდესღაც, ჩემი ოცნებებიც ახდებოდა..
მე რომ  სოფელში მეცხოვრა, წითელი აგურის სახლში..