არაფრისმთქმელი პოსტი

bty
სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ჩემი ბოლო ფოტო გამოვფინე.
ბლოგერებისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა ზიხარ, წერა გინდა და არაფერია დასაწერი.
როგორი წარმოუდგენელია, არა ? როგორ შეიძლება ცხოვრობდე და დასაწერი არაფერი გქონდეს.
პარადოქსებით სავსე სამყაროში ასეც ხდება და უარესსაც გეტყვით. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, რასაც ვწერ ის არის ცხოვრება და არა ის, რაც რეალურად ხდება -მეთქი.
წეღან ბლოგს ბოლომდე ჩავყევი. 2013 წლამდე. თითქმის ექვსი წლის ცხოვრება ჩავტიე რამოდენიმე წუთში.
კომპიუტერის ეკრანზე ჩაიარა მთელი ექვსი წლის მანძილზე განცდილმა თითოეულმა გრძნობამ.
მრავალნაირი შეგრძნება ენაცვლებოდა ერთმანეთს.
აი, ბედნიერი ანა. აი აქ ძალიან ცუდად რომ ვიყავი ის დროა.. მხიარული ანა.. მკვდარი..
ჰოდა, ბოლომდე რომ ჩავყევი და მერე ისევ უკან ამოვყევი პოსტებს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ პოზიტიური განწყობა, ჩემი პოსტების რაოდენობის უკუპროპორციულად მცირდებოდა.
ანუ- რაც უფრო ცუდად ვიყავი, უფრო მეტს ვწერდი.
ამ პრინციპით ბლოგზე უამრავი უაზრო პოსტი დამიგროვდა და ბევრი მათგანიც წავშალე.
ასევე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ წერდე, არ ნიშნავს შენი ბლოგი სუიციდს შემთხვევით გადარჩენილთა კლუბის თინეიჯერი წევრის დღიურს გავდეს.
დასკვნების გამოტანა ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვსწავლობდი გამოცდილებიდან, მაინც ყოველთვის ვცდილობდი რაიმე პასუხამდე მივსულიყავი ხოლმე. რაიმე ახსნა ან კანონზომიერება მომეძებნა საკუთარ ტვინში არსებული ქაოსისთვის, და მებრძოლა იმ წარმოსახვით ურჩხულებთან, რომლებიც არც კარადის უკან არიან და არც საწოლის ქვეშ, სამწუხაროდ..
ისინი ყოველთვის ჩემს შიგნით ცხოვრობდნენ.

თქვენ როგორ ებრძვით თქვენს ურჩხულებს.
თქვენ როგორ წერთ, როცა მკვდრები ხართ.
თქვენ როგორ ცდილობთ გადარჩეთ.
მომიყევით.
სიყვარულით, ანა.

Advertisements

შემოდგომა, თბილისი და ახალი ოცნებები <3

20161019_143442

ახალი აღმაშენებლის გამზირი

საერთოდ არ მიყვარს შემოდგომა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონზე მოვევლინე ქვეყანას.
სხვა შემოდგომებთან შედარებით , ეს შემოდგომა რაღაცით საინტერესო გამოდგა.
დავამთავრე მაგისტრატურა და სამსახურს ვეძებ. -_-
მაქვს ახალი ოცნებები და მიზნები.
უფრო მეტს ვწერ ვიდრე ვწერდი.
ვხატავ.
ვკერავ.
პიანინოზე აღარ ვუკრავ :/ (არ ვიცი რატომ, ალბათ მივხვდი რომ არ გამომდის)
მიყვარს სეირნობა უფრო მეტად, ვიდრე მიყვარდა.
გავხდი მობილიზებული და მოწესრიგებული, რაც აქამდე ძალიან მაკლდა.
გავხდი მშვიდი და წყნარი, გადავეჩვიე ჩხუბს.
მივხვდი, რომ შენთვის უნდა იცხოვრო, არავისზე დამოკიდებული არ იყო და აკეთო ის, რაც გსიამოვნებს!
წელს უფრო გავიზარდე.
და მალე, 11 ნოემბერს, როცა ტრადიციულად დავწერ, რომ ჩემი ბლოგი 4 წლის გახდა, და რომ კიდევ ერთი წელი გავიდა, მეცოდინება, რომ უფრო დიდი ვარ, უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი წლის წინ, ორი, ან კიდევ უფრო მეტი წლის წინ.
ესაა ცხოვრება. დრო გადის და სეზონები იცვლებიან. ჩვენ კი უნდა გავუძლოთ. ყველა ტკივილს, ყველა ბრძოლას, ყველა ცუდად დამთავრებულ ამბავს.
იმიტომ, რომ ესაა ცხოვრება.
მეტი არაფერი.
თქვენ კი, ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ !

ჩემი უცნაური არდადეგები

ES 3
ცნაური გამოვიდა წელს ჩემი არდადეგები.
ნახევარი ზაფხული  ავად ვიყავი, მეორე ნახევარს კი თბილისში ვატარებ. ეს პირველად ხდება. აქამდე თბილისში არასოდეს გამიტარებია ზაფხული.
უცნაურია იმითაც, რომ ამ ყველანაირად არეულმა წელმა ძალიან შემცვალა და ამ ზაფხულმა დააგვირგვინა ეს ცვლილებები. გავიზარდე, გარდატეხა მოხდა.
უცნაურია ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემი კარგი განწყობა.
ასეა. უცნაურია ჩემთვის კარგი განწყობა, რადგან, ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში, თითქმის დამავიწყდა კიდეც, როგორია იყო მხიარული და ბედნიერი.
უცნაურია, რომ მხოლოდ ამ ზაფხულს მივხვდი,  ბედნიერი მაშინ იქნები, თუ შენ გადაწყვეტ ამას.
უცნაურია ჩემი ბედნიერი სიზმრებიც.
ისიც, რომ ახალ-ახალი რაღაცები აღმოვაჩინე საკუთარ თავშიც და გარშემოც.
მაგალითად ის, რომ შეიძლება ცუდად იყო, და ბედნიერად მოაჩვენო თავი შენს ირგვლივ ყველას, იმიტომ, რომ მათ არ იდარდონ. და ეს ისეთი კარგია, შენ თვითონაც კარგად ხდები.
კიდევ აღმოვაჩინე ჩემეული ‘დაფასების თეორია’. ეს მდგომარეობს იმაში, რომ გვიხაროდეს ის, რაც გვაქვს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ვიწექი საწოლში 39.5 გრადუსი სიცხით, პირდაპირი მნიშვნელობით გული ხელით მეჭირა, ვფიქრობდი და არ მჯეროდა, რომ იყო დრო როცა სარკესთან მაკიაჟს ვიკეთებდი და ფოტოებს ვიღებდი, რომ იყო დრო, როცა წიგნს ვკითხულობდი, ვსწავლობდი, ვწერდი..როცა ყველაფერი კარგად იყო. და მე ამას ვერ ვხვდებოდი.
ჰოდა ახლა მივხვდი. ახლა ვიცი და მინდა ყველას ვუთხრა, სათითაოდ ვუთხრა, დააფასეთ ის, რომ ხართ! რომ დადიხართ, რომ იღიმით, რომ ყოველ დილით თვალს ახელთ. იმიტომ, რომ ესაა მთავარი !
ეს მასწავლა ჩემმა უცნაურმა ზაფხულმა . მე შევიცვალე. და ამავე დროს ყველაზე უფრო ჩემი თავი ვარ ახლა .

მატარებელი. წერილი.წვიმა.

 

DSC_1856-1
დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და  გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’