დაჭრილი ფრთები, ანუ- ამბავი თვითმფრინავის ბიჭებზე

პატარა ვიყავი, ასე 10, 11 წლის, დედა ფილმ “ლაზარეს” მაყურებინებდა ხოლმე. გეგა კობახიძე იმ ფილმში ჩემი ასაკის პატარა ბიჭი იყო. მე მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატარა და ლამაზი ბიჭი შეიძლებოდა ოდესმე ვინმეს დაეხვრიტა.

სიმართლე მალევე გავიგე. დედამ მომიყვა.

ეს ამბავი ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მძაფრია. სიტყვა “დახვრიტეს” მაშინ ისე დაუჯერებლად , ისე შემზარავად და ისე შოკისმომგვრელად ჟღერდა, დღემდე მომყვება ის საშინელი განცდა.

ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლებოდა ვინმეს გეგა დაეხვრიტა. დამდგარიყო, დაემიზნებინა იარაღი და ესროლა. სად გეგა და სად სიკვდილი, სად სილამაზე და სად სიკვდილი.. როგორ შეიძლებოდა ლაზარე ვინმეს მოეკლა.

დღესაც ასე ვფიქრობ.

დღესაც მგონია , რომ ადამიანი მას ვერ მოკლავდა. ის საშინელი საბჭოთა სისტემის მიერ გამხეცებულმა ჯალათებმა მოკლეს. ის ადამიანებიც სისტემის მსხვერპლნი არიან, ისევე, როგორც თვითმფრინავის ბიჭები.

ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ გამტაცებლებს ერთნაირი განაჩენი გამოუტანეს. იმას, ვინც ეკიპაჟის წევრებს ესროლა და იმას, ვისაც არ უსვრია-ყველას დახვრეტის განაჩენი ხვდა წილად. და თანაც განაჩენში წერია, რომ ისინი არა მკვლელობისთვის, არამედ გატაცებისთვის დასაჯეს.

ალბათ დღეს ყველა ხვდება ამას, რომ მათი დახვრეტა საბჭოთა კავშირს საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად დასჭირდა და არა სამართლიანობის აღდგენისათვის. მათ ეკიპაჟის წევრების დაჭრისა და მკვლელობისთვის არ დაუხვრიტავთ ბიჭები, მათ ისინი გაქცევისთვის დახვრიტეს.

როგორ თუ გაფრენა მოინდომეს, როგორ თუ თავისუფლება მოინდომეს.

დახვრეტას ემსხვერპლა უდანაშაულო მღვდელი, რომელიც არც თვითმფრინავზე ყოფილა და უბრალოდ ბიჭების მეგობარი იყო.

ისევ ის კითხვა- როგორ შეეძლო ადამიანს, ესროლა უდანაშაული სასულიერო პირისთვის.

ადამიანს არ შეეძლო და არც მინდა დავიჯერო, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია.

ბიჭებიდან ერთის ტყვიას ეკიპაჟის წევრი შეეწირა. როგორც ყვებიან, აჟიტირებული ისროდა, არც იცოდა რას აკეთებდა. უკვე თვითმფირნავში მყოფს უკან დასახევი გზა აღარ ქონდა.

ის მოკლული კი, საბჭოეთის მიერ გამწარებული ადამიანის მსხვერპლია. ისევე როგორც ორი გამტაცებელი ბიჭი, რომლოდანაც ერთმა თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, როცა გაიგო რომ თბილისში ბრუნდებოდნენ. მეორე კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა , გარედან, სპეცდანაყოფის მიერ ნასროლი ტყვიით.

ყველანი დახვრიტეს. ისე რომ საფლავებიც არ იციან დედებმა. არანაირი წესის აგება, არანაირი გარდაცვლილის პატივისცემა. ადამიანს კი არა, ცხოველსაც ვერ მოექცევი ასე, თუ კი ოდნავ მაინც გაქვს სიკეთის ნატამალი გულში.

მაგრამ სად სოციალიზმი და სად სიკეთე.

სად სისტემა და სად სიკეთე.

მე დღეს 25 წლის ვარ. სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ.

უფრო მეტს, ვიდრე სიცოცხლეზე.

სიკვდილზე როცა ვფიქრობ ხოლმე მარიტა მახსენდება და გეგა. ერთი მოთხრობის პერსონაჟია, მეორე ცხოვრების. ორივე პატარები და ლამაზები იყვნენ. ორივე ჩაკეტილმა აზროვნებამ და ბოროტებამ დახოცა. ჯერ დახოცა, მერე დაიტირა.

“წყეულიმც იყავ აბელ არავიძე”..

ამ სიტყვებით დასტირის ფილმ “მონანიებაში” მკვდარ შვილს მამა, რომელიც საბჭოთა სისტემას შეეწირა და ბაბუის ცოდვების გამო თავს განაჩენი გამოუტანა.

ფიქრობენ ამას ის ადამიანები ვინც გეგას ესროლეს? ალბათ კი. ეს იქნება მათთვის დაუსრულებელი ფიქრი.

დაუსრულებელი სინანული.

პონტოელი პილატეს მსგავსად.

……

ეს ამბავი 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა.

ახლა 2017 წელია.

ყველანი გავიზარდეთ. ყველამ გააგრძელა ცხოვრება. დროც შეიცვალა, ხალხიც , იმდენსაც აღარ ფიქრობენ იმ ამბავზე. ალბათ ტკივილიც გაუნელდათ. (თუ კი არსებობს ასეთი რამ- ტკივილების განალება.)

სეზონებიც იცვლებიან და ნომბერი კიდევ ბევრჯერ მოვა. ყველა და ყველაფერი შეიცვლება.

თვითმფრინავის ბიჭების გარდა.

დროსა და სივრცეში გაჭედილი ბიჭების გარდა.

ფრთებდაჭრილი ბიჭების გარდა.

Advertisements

სასჯელად ქცეული სილამაზე

ალბათ ბედისწერაა სილამაზე. ნამდვილი, თვითმყოფადი, თავისთავად დაბადებული სილამაზე. არაფერი რომ სჭირდება, არანაირი გადაკეთება, არაფერი ზედმეტი.. უბრალოდ რომ იბადება და არის. ყვავის, ანათებს, აცოცხლებს ირგვლივ ყველაფერს. გაზაფხულს რომ ჰგავს, ახლადაყვავებულ იას, მზის სხივს, ოცნებას, ვარკვლავებით მოჭედილ ცას..რომ შეხედავ და ღმერთის არსებობას დაიჯერებ.

ასეთი იყო ლიკა. რომ გინდა მისი მსგავსი იპოვო და არ შეგიძლია. არ გამოდის.. და ამ დროს , ამ სილამაზესთან სიკვდილი მოდის! სიკვდილი. საშინელი, ცივი სიკვდილი. ზიხარ და ფიქრობ, რანაირად, როგორ, რატომ. სად სიკვდილი, სად სილამაზე. რა უნდა ასეთ სილამაზესთან მარტოობას, ტკივილს, ცრემლს, ტანჯვას და.. სიკვდილს. რა უნდა , რა ადგილი აქვს მასთან ამ ყველაფერს?

ამაზე პასუხი არ გაქვს. არც არავის აქვს. არ არსებობს პასუხი.

რომი შნაიდერი გამახსენა ლიკას გარდაცვალებამ. ვარკსკვლავი რომი. თან როგორ გავდნენ ერთმანეთს. შველივით თვალებით, ფაიფურის კანით, როცა იღიმოდნენ, თითქოს მზე ამოვიდაო. სათაყვანებელი ქალები, იმისთვის შექმნილები-გიყვარდეს, ბოლომდე გიყვარდეს. და ამ დროს ტკივილი და ტანჯვა მოდის, და აქრობს მათ. ფიზიკურად ანადგურებს. შენ კი ზიხარ და ვერ ხვდები, რატომ ისინი, რატომ ეს სილამაზის გამოვლინებები, რატომ ეს ოცნებად ქცეული ქალები.. პასუხი კი არ არსებობს.

ალბათ,მართლაც ბედისწერაა სილამაზე. პასუხს გთხოვს რაღაც და ვიღაც, არ გეპატიება, არ შეგრჩება.

სევდად გექცევა, ტკივილად გექცევა.

მარტოობად, სინანულად.

მაგრამ, მაინც დარჩები. ლეგენდად და ამბად დარჩები. ტკივილნარევი ღიმილით გაგიხსენებენ. ბედისწერააო იტყვიან.

“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის.. თუ, დროებით მიეფარება, ვინ იცის..”

ოგიუსტენ`

42631226_1960673000621871_1793754715641610240_n

მა გვერდზე გადაიწიე- მეუბნება და გვერდულად მიყურებს.
ვიწევ და ვუღიმი-ასე?
მოდის და ნელა მისწორებს თმას, ისე, რომ თვალებში არ მიყურებს – აი ასე!
მეცინება და მიხარია, რომ არსებობს.

ოგიუსტენი ფრანგია. ყავისფერი თმა აქვს და ჭაობისფერი თვალები. ფერმკრთალია , ისეთი როგორც ნამდვილ ფრანგი უნდა იყოს , მაღალი და გამხდარი . სულაც არაა ისეთი, როგორი ბიჭებიც მომწონს. მაგრამ ..დავინახე თუ არა , რომ იტყვიან, დამატყვევა!
ინგლისური კარგად იცის. ჩემზე კარგად. ბევრად კარგადაც კი. მე საერთოდაც , საშუალოზე ცუდად ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ, საკმარისად კარგად იმისათვის, რომ ოგიუსტენმა ჩემი გაიგოს.

ბალახზე ვწევართ. ასე ვოცნებობთ ხოლმე. გულაღმა მწოლიარეები, ცას მიშტერებულები.
თავის ოცნებებზე არასოდეს მიყვება, მეუბნება გაცვდებაო. ცას რომ უყურებ და ოცნებობ , ცა იმახსოვრებს და სადღაც შენი ოცნება იწერებაო.
მჯერა.

ვარსკვლავები არ არის. რომ იყოს, ოგიუსტენი მკითხავდა, ვოცოდი თუ არა , რომ წინათ ვარსკვლავებს ციური ნავიგაციისთვის იყნებედნენ. მე ვეტყოდი, რომ არა. და ის მომიყვებოდა ყველაფერს ვარსკვლავების შესახებ. მე ვერაფერს გავიგებდი, მხოლოდ იმას ვიფიქრებდი , ბედნიერებაა რომ არსებობს – მეთქი.
წამოვჯექი. მის ხელს ვიღებ და ვაკვირდები.

მიღიმის.

-მომიყევი შენს გოგოზე- ვეუბნები და ხელს თვალს არ ვაცილებ.
ცაში იყურება, თვალები უბრწყინავს.

– მაინც რა მოგიყვე? ჩვეულებრივი გოგოა. შენნაირი ჭკვიანი არაა..
მივხვდი რომ ჩემი გახარება უნდა და იმიტომ მეუბნება.
-მე რა ჭკვიანი ვარ? – მეცინება.
– ჰო, არც ისე- ისიც იცინის.
-იმასთან ერთადაც უყურებ ხოლმე ცას? -ყელში ბურთი გამეჩხირა.
– არა. ის სხვანაირია. სასწაულების არ სჯერა. მხოლოდ მიზნები აქვს. მხიარულია , სულ იცინის.. შენნაირი მტირალა კი არაა .

მეცინება და თან ტირილი მინდა. მგონია რომ უიმისოდ ვეღარ ვიოცნებებ..
-როდის მიდიხარ? – ვეკითხები , მიუხედავად იმისა რომ პასუხი ვიცი.
-ზეგ.
არ ვეუბნები არ წახვიდე-მეთქი. ვიცი რომ უნდა წავიდეს და ვეღარასოდეს ვნახავ. ნეტავ მეც “გამცვალონ” ასე, რომელიღაც ფრანგ სტუდენტში..
-ხვალ არ გნახავ. ვეუბნები და თვალები ცრემლით მევსება, მინდა ავდგე და გავიქცე..
წამოჯდა – ადამიანები ყოველთვის მიდიან.

დგება და ზემოდან დამყურებს. მეც ვდგები. არ მინდა ჩავეხუტო, მაგრამ მოდის და მეხვევა. ცოტა ხანს. მე ყურები მიგუბდება და ტირილს ვიწყებ.
წავიდა. მე ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მიაქვს თან ყველაფერი, რაც იმ სამყაროდან მქონდა მოპარული, რომელსაც ის ეკუთვნოდა.

-ოგიუსტენ !- არ ვიცი ვფიქრობ თუ ხმამაღლა ვამბობ. ალბათ ვფიქრობ, რადგან არ იხედება.

12 წლის ბიჭი

12 წლის ბიჭი ხომ გინახავთ? ნამდვილი 12 წლის ბიჭი. მზისგან გაშავებული წვრილი მკლავებითა და გადატყავებული მუხლებით. ის არასოდეს იღლება , არასოდეს არაფერი ეზარება. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ამქვეყნად ვერაფერი შეაშინებს. არასოდეს აინტერისებს იმ ტანსაცმლის ფასი, რომელიც აცვია; არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შარვალი და მაისური ექნება . აქვს ერთი ბურთი და კედები, რომელსაც წლის დასაწყისში ყიდულობენ.

image

ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე დგება და მარტო მიდის ტბაზე, მისი სახლიდან სამი კილომეტრის დაშორებით. გზაში ტყის გავლაც უწევს, მაგრამ, რა თქმა უნდა არ ეშინია. მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ არ დაიჯერებთ, მაგრამ მას მართლაც არაფრის ეშინია.

ჯდება ტბის პირას და გაჰყურებს მეორე ნაპირს . იქით ნაპირას, შუაში, ჭაობებია. დასავლეთით უნდა იცურო, ნაპირს რომ მიადგე. მერე ტყე იწყება, მაღალი ნაძვებით სავსე ტყე.
ბიჭი ჯდება ნაპირზე და წარმოიდგენს – აი შევიდა წყალში , მიცურავს , უსვამს ხელებს და წყალს მიაპობს, იღლება, მაგრამ არ ეპუება, მიცურავს, დროდადრო ზურგზე წვება და ისვენებს, მერე ისევ მიცურავს.. სამი საათი, ოთხიც.. აი გამოჩნდა მეორე ნაპირი, ტყე..
ბიჭი მიუყვება ტყეს. დაბურულია, მზის სხივიც ვერ ატანს, მგლების ყმუილი ესმის..მიდის ბიჭი და თავგადასავალს ეძებს, ისეთს, ჯერ რომ არავის გადახდენია თავს!
იქნებ ურჩხულებთან ბრძოლამაც მოუწიოს? ან იდუმალ ქოხს გადააწყდეს სადმე, ან სულაც..ჰო , ამასაც კი ფიქრობს, იქნებ სასახლე აღმოაჩინოს? კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით. სასახლე , მარმარილოს კიბეები რომ ამშვენებს..

გაკვეთილები ეწყება. უკანა გზაზე უკვე მზე აჭერს. მაისურს იხდის და ზემოთ , ცაში იყურება. მერე ქვას იღებს და წყალში მოსხლეტით ისვრის. კარგად გამოუვიდა. ეღიმება.
მიაბიჯებს. თავდაჯერებულად, აუჩქარებლად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ისე, ნამდვილი ბიჭი რომ უნდა დადიოდეს.
გზაში , როგორც ყოველთვის, ღობიდან მეზობლის ბაღში ძვრება და აწითლებულ ვაშლს გეახლებათ. ესაა მისი საუზმე.

ბიჭი ყოველ დილას მიდის სახლიდან , ჯდება ტბის პირას და ნამდვილი ოცნებით ოცნებობს, დიდი ოცნებით.. და თქვენ გგონიათ ვინმეს გაუმხელს ? გგონიათ თავის სამყაროში ვინმეს შეუშვებს? – არა. არასოდეს !

ერთი ბურთი აქვს , ყოველ დღე ერთი და იგივე მაისური და შორტი აცვია, მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მას ვერასოდეს, ვერაფერი შეაშინებს!

“თუ კი ერთხელ გაიზრდები, ვერასოდეს დაბრუნდები უკან !”

tumblr_n5k21cNqHm1sbnhoho1_500
“თუ კი შენ ერთხელ გაიზრდები, ვეღარასოდეს დაბრუნდები უკან! ”
პიტერ პენმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა, ამიტომაც დარჩა სამუდამოდ ბავშვობაში.
და ეს ბავშვობა რა ცოტაა, რა შეუმჩევლად გადის აქ, ჩვენთან.
რა მალე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ გავიზარდეთ, რომ დიდები ვართ, დიდების სამყაროში აღმოვჩნდით, იქ სადაც ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, იქ სადაც იბრძვიან, იქ სადაც იტყუებიან, სადაც ოცნებებს ივიწყებენ, სადაც წვიმაში აღარ დარბიან, სადაც ხეზე ასვლა , ფეხბურთის თამაში, სახლში ფანჯრიდან გადასვლა , მეზობლის ტყემლის მოპარვა,
მწვერვალებიდან ციგით დაშვება, ბებიის გაბრაზება და სხვა ყველაფერი კარგი, სირცხვილად ითვლება.
სადაც არ შეიძლება დაგეზაროს, არ შეიძლება გადაიფიქრო, არ შეიძლება თქვა , რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ! სადაც დიდი ხანია დაავიწყდათ როგორია, იყო უდარდელი.
დიდების სამყაროში ხომ სისულელეა, სასწაულების გჯეროდეს.
თუმცა, მათ დიდი ხანია აღარ უნახავთ სასწაულები, თავგადასავლებიც აღარ ახსოვთ.. არ ახსოვთ ის მოგზაურობები, მეკობრეებით სავსე დიდი გემები, არ ახსოვთ სასახლეები, მარმარილოს კიბეებით, კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით, წითელი სამხრეები რომ ამშვენებდათ.. არც ხმლების შეჯახების და მარაოების დავარდნის ხმა ესმით..
ვერც გაიგებენ, ეს ხომ ბავშვობაში ხდება.. რომელიც როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სავსეა დიდი თავგადასავლის მოლოდინით.
..და ნეტავ რა იქნებოდა ყველანი ბავშვებად რომ დავრჩენილიყავით..
რა იქნებოდა, აღარ მეძახდნენ სახლიდან, როცა გარაჟის სახურავზე, თხილის მოსაპარად დავრბივარ..
რა იქნებოდა ,ჩემს გარშემო არავის სჭირდებოდეს ხვეწნა იმის გამო, რომ დამალობაანა ითამაშოს..
რა იქნებოდა, ისევ გვჯეროდეს. რომ ქუჩის ბოლოს მიტოვებული სახლი, მოჩვენებებით და მთელი საიდუმლოებებით არის სავსე.
ვინ იცის, როგორ ელოდებიან დიდებს ტომ სოიერი და ჰეკი ფინი. მათ კი ათასში ერთხელაც კი არ ახსენდებათ..
ალბათ ეს ცხოვრების ბრალია.
და ნეტავ რა უნდა ვქნათ ჩვენ..
“თუ კი გაზრდა ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ავალ ხეზე, მაშინ მე არასოდეს, არასოდეს გავიზრდები!” -პიტერ პენი

იქ

რთი დღეც და გავუყვები ჩემი სოფლის გზას.. ისიც ისევ ისეთი დამხვდება როგორიც იყო, ისევ ისეთი ჩუმი და ცარიელი. ისევ იგუგუნებს ღამით მატარებელი და ისევ აიკლებენ ძაღლები ყეფით ყველაფერს. ერთ დილას კი ისევ დამხვდება გადათეთრებული ჩემი ქუჩა, და ისევ ვიფიქრებ რომ ეს ქუჩა, ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

მერე ჩავალ ეზოში, შევხედავ კედელზე ამოკაწრულ ჩემს სახელს, და მერე, როგორც 12 წლის, ისე ვითამაშებ თოვლში, ნამდვილი თამაშით ვითამაშებ, როგორც 12 წლის ბავშვები თამაშობენ.. და ვიფიქრებ, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც მე სოფელს ვეძახი, და რომელშიც არაფერი ხდება, ყველაფერი მაინც ძალიან, ძალიან კარგად არის, მაშინაც კი, როცა არაფერია კარგად.
მერე წავალ ჩემს ნაძვებთან, იქ ვიპოვი ჩემს ხელებდაკაწრულ და მუხლებგადაყვლეფილ ბავშვობას, ვიპოვი სახლობანას და ყველა დამალობანას, რაც კი ოდესმე მითამაშია..ვიპოვი, და ვიფიქრებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სხვაგან, აქ , მაინც , ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად კარგად.

დილის 9-დან საღამოს 9-მდე , ანუ -სად წავიდა ჩვენი ოცნებები?

lost_dreams

დამიანები 6 – დან 25 წლამდე სწავლობენ, 65 წლამდე მუშაობენ.
მუშაობენ ყოველდღე, დილის 9- დან საღამოს 9- მდე. დადიან. გამუდმებით დადიან.. სწავლობენ, ასწვალიან, ბეჭდავენ, ბრძოლობენ, სიტყვით გამოდიან, დაარბენინებენ ქაღალდებს..ზოგჯერ დაწინაურდებიან, ზოგჯერ ჩამოქვეითდებიან, მაგრამ ისინი მუშაობენ, მუშაობენ გამუდმებით. თითქოს მოვალეობააო, თითქოს ვინმე აიძულებთო. ეჩვევიან ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალს და ფიქრობენ რომ ესაა ცხოვრება..
სხვები მათზე ამბობენ რომ “ცხოვრება აიწყეს”. ისინიც ფიქრობენ რომ ეს ასეა.
მაგრამ ზოგჯერ , უფრო კი ღამით, დაძინებისას, სხვანაირად ფიქრობენ..
ისინი მუშაობენ ყოველდღე, დილის 9 -დან საღამოს 9- მდე. და აღარ რჩებათ დრო ცხოვრებისთვის.
როდის უნდა იცხოვრონ, როცა არასოდეს სცალიათ, როდის უნდა იოცნებონ, როდის უნდა გაათენონ ღამეები , როდის უნდა დაუკრან პიანინოზე ღამის 2 საათზე,
როდის უნდა დახატონ განთიადი, როდის უნდა ითამაშონ, იმღერონ.. როდის უნდა მიატოვონ ყველაფერი..როცა დილიდან საღამომდე მუშაობენ?
რა იქნა ის ოცნებები ? ბავშვობაში სიზმრად ნანახი თავგადასავლები? მათ საძებნელად რატომ არ მიდიხართ? რატომ არ მიდიხართ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით?
რამდენი ხანია მშობლიური სოფელი არ გინახავთ?
საქმეში ჩარგულებს, ხმაურიანი ქალაქის ქუჩებით გაბრუებულებს, რამდენი ხანია თქვენი ბავშვობის ქუჩა არ გინახავთ?
მაგრამ ამ განათებულ, დიდ ქალაქში, ხომ ასე ძნელია გაიხსენო ის პატარა, ასფალტაყრილი ქუჩა, რომელიც მთელ თქვენს ოცნებებს იტევდა..

გგონიათ თქვენი ბრალია? არა, ეს ცხოვრების ბრალია. ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები რომ ჩვენი თავი არ დავკარგოთ. რომ ჩვენი ოცნებები არ დავკარგოთ. უკვე არაფრისმთქმელი სიტყვაა ეს “ოცნებები”, მაგრამ ისინი ყველაზე ძვირფასები იყვნენ ერთ დროს თქვენთვის. სად არიან ის თავგადასავლები, რომლებიც საყვარელი წიგნის ფურცლებიდან მოიპარეთ და სასწაულებად დაიჯერეთ?
მერე კი ცხოვრება იწყება. ვმუშაობთ, რომ ვიცხოვროთ.
ჩვენ დავდივართ სამსახურში დილის 9- დან საღამოს 9- მდე. ასე გარბის მთელი ცხოვრება.. და მერე გვიკვირს, სად წავიდა ჩვენი ოცნებები.