გამოცდა, მონატრება და სხვა უაზრობები.

ჩემს ბლოგს 130 გამომწერი ყავს და ეს ძალიან მახარებს.
130 , რასაკვირველია, ცოტაა.
მაგრამ, თუ დავფიქრებდით, ეს ცოტა კი არა, საშუალოდ კარგი შედეგიც კია.
ძალიან ცნობილ ქართულ ბლოგებს დაახლოებით 500 მდე გამომწერი ყავთ. ცოტაა.
მე მაინც მიხარია ჩემი 130 გამომწერი. ბლოგებს ისევ ბლოგერები ვკითხულობთ, ისევ ჩვენ გვაინტერისებს ერთმანეთი, და მე ძალიან მადლობელი ვარ მათი.
ბლოგების კითხვა მამშვიდებს. თითქოს ჩემს სამყაროში ვარ.
რა იქნება თუ ვიტყვი, რომ დღიურზე მეტად ბლოგი მიყვარს და რომ სმარტფონში უფრო კომფორტულია წერა ვიდრე ფურცელზე?
ცუდია ეს?
მგონი კი. თუმცა, სმარტფონში წერისას გადაბეჭვდა აღარ გჭირდება და დროის ეკონომიას აკეთებ.
კიდევ გამოცდებზე მინდოდა მეთქვა.
20 მაისს სამაგისტრო თემას ვაბარებთ და მაგისტრატურასაც დავამთავრებ!
ეს ძალიან კარგია.
უბრალოდ, ნაშრომის წერა მეზარება.
ღამის 3 -ის ნახევარია.
რომ არ მძინავს ამას არაუშავს. ეშველება. სხვა რამეებია უსაშველო. მაგალითად  მონატრება.
ძალიან ჩვეულებრივი გრძნობაა მონატრება. ყველასთვის ნაცნობი, არაფრია ამაში განსაკუთრებული, ყელში ამოსული თემაა თინეიჯერულ სასიყვარულო საიტებზე. მაგრამ თუ შემოგიჩნდა.. საშინლად, გულისამატკიებლად ცუდი გრძნობაა. თან როცა სწორი ადამიანი გენატრება. ის ვინც უნდა გენატრებოდეს, უფრო ცუდია.
მოკლედ, ღამეა. მე დღე მირჩევნია.
პ.ს – ამაზე უაზრო პოსტი, თავს დავდებ არ დამიწერია.

Advertisements

ავტობუსი.სასწაულები. ახალგორი.

995332_1739487122933987_6878938124650098495_nუშინ ავტობუსში ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ჩვეულებრივი დღე იყო, არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვიჯექი , მივდიოდი და ათას რამეზე ვფიქრობდი.

უცბად, საიდანღაც, თითქოს ქარმა მოიტანაო,  მოვარდა ჩემი სოფლის სურნელი.
ახალგორის, ჩემი დაკარგული ახალგორის სურნელი.
უცბად მეცა,
შემომეჭრა,
თვალწინ ჩამიქროლა,
გულზე მომებჯინა ..
შედედებული,
გადასროლილი..
გულიდან, არგასახსენებელი ტკივილების კუნჭულიდან გადმოიღვარა მთელი იქ გატარებული ცხოვრება. უცბად გადმოიღვარა და თავზე დამატყდა.

***
სასწაულია, არა?
საიდან? როგორ? შუა ქალაქში, შუა დღისით, სულ სხვა განწყობაზე მყოფს, სულ სხვა ფიქრებში ჩაფლულს, ჩემი სოფლის სურნელი მომელანდა!

მოლანდებაა აბა რა, თან სურნელი კი არ იყო მხოლოდ, გრძნობა იყო, შეგრძნება, ხილული, ცოცხალი..
იქ რომ განმეცადა მხოლოდ, 10 წლის, ბედნიერ და უდარდელ ბავშვს, მზიან , თბილ დღეს ჩემს მდინარეზე.. ის გრძნობა მოვარდა ზუსტად.
მოვარდა და აბა , როგორ არ დამეწერა, როგორ ჩამეყლაპა ?

ვერ ჩავყლაპე და ვწერ.

მეორედ ვწერ ახალგორზე. 9 წელია არ მინახავს და მეორედ ვწერ.
ნახევარი ცხოვრებაა ჩემთვის 9 წელი. დედაჩემისთვის ცხოვრების რაღაც პერიოდია, რაღაც ნაწილი, რომელიც თავის მშობლიურ სახლს აშორებს. მაგრამ, ჩემთვის ნახევარი ცხოვრებაა, ნახევარი ცხოვრება და იმის იქით დატოვებული  მთელი ბავშვობა.

რაც ვიზრდები უფრო მეტად მენატრება.

***
ნამდვილი სოფელი იყო ახალგორი.
იცით როგორი ნამდვილი? ახლადგამომხვარი პურის სურნელით და რუების ჩუხჩუხით, ატალახებული ეზოთი, გზისპირა ტყეებით, ასფალტაყრილი ქუჩებით, ჩამოწოლილი ორღობეებით, ატმის ხეებით, გრილი საღამოებით, სოფლის ამბებით , ნამდვილი ადამიანებით.. ლეგენდებით, ისტორიებით, სასწაულებით..და იმ სურნელით , ყველაზე ნამდვილი სურნელით ამ ქვეყანაზე.

***
აი ასე მომენატრა ახალგორი. ასე უცბად.
ამოტივტივდა, ამოტივტივდა და შუა ქალაქში, დღისით, მზისით მომენატრა.
თვალწინ ჩამიქროლა , თავზე დამატყდა, გულზე შემომაწვა და..
როგორ არ დამეწერა..

***
მართლაც, რა არის 9 წელი ცხოვრებისთვის, თითქოს არაფერი. მაგრამ, ჩემთვის ნახევარი ცხოვრებაა 9 წელი, და იმის იქით დარჩენილი ჩემი ახალგორი.

ახალგორი..


                                                                                                 “ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა,
                                                                                         სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება” 

ვიწრო, ძველ, ასფალტაყრილ ქუჩას რომ დაუყვებით, ხევს რომ გადაკვეთთ, პირველივე შესახვევში დიდ სახლს დაინახავთ, ცისფერი ჭიშკრით. ძველია, დროს ბზარები დაუმჩნევია, რომ შეხედოთ , იფიქრებთ, უკანასკნელ ძალებს იკრებს რომ არ წაიქცესო.
აგერ უკვე მეექვსე წელი იწყება, ასე მარტოდმარტო დგას, დგას და გაჰყურებს გზას, გეგონებათ ჯიუტად ასრულებს მოვალეობასო.

ეს სახლი ,ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო, ჩემი დედულეთი, დედაჩემის სამშობლო.
..ახლადგამომცხვარი პურის სურნელი, ეზოში დიდი კაკლის ხე და ამ კაკლის ხის ფოთლის სურნელი ადრე შემოდგომაზე. მზისგან დასიცხული , ასფალტაყრილი ქუჩის მტვერი, უსაშველოდ ნაცნობი და ახლობელი, ბავშვობასავით ახლობელი.. სხვა რომ ვერ გაიგებს ისეთი..

Image 
აღის ბოლოში ახლადჩაყრილი ატმის ნერგები. ალუბლის ხე, ბავშვობის პირველი მესაიდუმლე, სამალავი, და სახლიც კი…

ველი კრამიტების ბილიკი, რუს  კვეთს ,რომელიც ,სარწყავი არხის მოვალეობას  ასრულებს. ამ ბილიკს რომ დაუყვებით გეორგენებით და ზაფრანებით სავსე  ყვავილების პატარა თავშესაყართან მიხვალთ,  გვიან გაზაფხულიდან მოყოლებული საოცრად ჰყვავიან , თეთრად ,ლურჟად და ყვითლად ..

Continue reading