4 am

tumblr_nszwapyckB1u54ryzo1_400

ღამის ოთხი. თუ დილის.
ჩემთვის ღამეა.
ამ დროს ადამიანების უმეტესობას სძინავს. მე არ ვიცი რა უფრო უკეთესია, როცა გინდა და ვერ იძინებ, თუ როცა არ გინდა და არ იძინებ. ალბათ ორივე თავისებურად უსაშველო, უაზრო , გაურკვეველი მდგომარეობაა, რომელიც ნორმალურ ადამიანებს იშვიათად თუ გამოუცდიათ.

პირველად როდის მიხდვით, რომ ძილი არ გინდოდათ? უბრალოდ დროის კარგვად მიგაჩნდათ და ფიქრობდით, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლე იყო, იმისათვის, რომ ძილზე დაგეკარგათ?
ასეთი სისულელე სხვებისგანაც გამიგონია. გამხარებია- ვა, მართლა? მეც ზუსტად ასე ვფიქრობ-მეთქი..

“უძილობის მე-4-5 დღეს ადამიანს ეწყება ფსიქიკური დარღვევებიც. საძილე საშუალებების გამოყენება არ არის გამოსავალი. საჭიროა, სასწრაფოდ მიმართოთ ნევროპათოლოგს, გამოიკვლიოთ უძილობის მიზეზი და ერთად მოძებნოთ მისი აღმოფხვრის საშუალება. ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში სრული 8 საათი გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა.”

მონაკვეთი ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე გამოქვეყნებული სტატიიდან, უძილობის შესახებ, რომლის მიხედვითაც , მე, სრულფასოვანი გიჟი უნდა ვიყო. იმიტომ, რომ ღრმა ბავშვობიდან, არასოდეს, არასოდეს მდომებია ძილი. მძინავს საშუალოდ ღამის 5 დან, დილის 10 საათამდე , ისიც პატარ-პატარა გაღვიძებებით.
მქონია პერიოდი როცა, ზემოთ ხსენებულ რეჟიმშიც ჩამდგარვარ თვითნებურად, მაგრამ ასეთი რეჟიმებიდან ძალიან მალე ვბრუნდები უძილობის სამყაროში, ბუნდოვან, გაურკვეველ, ბნელ , ჩუმ სამყაროში, სადაც გგონია, რომ მარტო ხარ, არავინ და არაფერი გიშლის ხელს, სადაც არავინაა და შენც შენ თავს უბრუნდები..
და ასე იწყება ღამის 4- ის ქრონიკები.

ღამის 4 -ზე ყველაფერი გახსენდება. ღამის 4-ზე ზუსტად იცი რა უნდა დაწერო ბლოგზე, წინადადებები მოდის და მოდის თავში, გიტრიალებს, ლაგდება .. ღამის 4-ზე ზუსტად იცი რა გინდა, ზუსტად იცი შპალერის ფიგურების განლაგება, მთვარის შექზე რომ იმახსოვრებ..ზუსტად იცი, რომ ჭერში ყურება ყელში ამოგივიდა როცა გათენდება, შენი შეგროვებული წინადადებები და აზრებიც გაქრებიან და შენც ვეღარაფერს დაწერ ბლოგზე..
ზუსტად იცი რომ საშველი არ არის! და რომ სრული სისულელეა, უაზრობაა და უბედურებაა გეღვიძოს ღამის 4 -ზე.

მაგრამ მაინც გღვიძავს. და ყველაზე დიდი სისულელე ის არის, რომ არც გინდა სხვანაირად იყოს.

Continue reading

Advertisements