მატარებელი. წერილი.წვიმა.

 

DSC_1856-1
დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და  გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’

Advertisements