მატარებელი. წერილი.წვიმა.

 

DSC_1856-1
დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და  გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’

Advertisements

იქ

რთი დღეც და გავუყვები ჩემი სოფლის გზას.. ისიც ისევ ისეთი დამხვდება როგორიც იყო, ისევ ისეთი ჩუმი და ცარიელი. ისევ იგუგუნებს ღამით მატარებელი და ისევ აიკლებენ ძაღლები ყეფით ყველაფერს. ერთ დილას კი ისევ დამხვდება გადათეთრებული ჩემი ქუჩა, და ისევ ვიფიქრებ რომ ეს ქუჩა, ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

მერე ჩავალ ეზოში, შევხედავ კედელზე ამოკაწრულ ჩემს სახელს, და მერე, როგორც 12 წლის, ისე ვითამაშებ თოვლში, ნამდვილი თამაშით ვითამაშებ, როგორც 12 წლის ბავშვები თამაშობენ.. და ვიფიქრებ, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც მე სოფელს ვეძახი, და რომელშიც არაფერი ხდება, ყველაფერი მაინც ძალიან, ძალიან კარგად არის, მაშინაც კი, როცა არაფერია კარგად.
მერე წავალ ჩემს ნაძვებთან, იქ ვიპოვი ჩემს ხელებდაკაწრულ და მუხლებგადაყვლეფილ ბავშვობას, ვიპოვი სახლობანას და ყველა დამალობანას, რაც კი ოდესმე მითამაშია..ვიპოვი, და ვიფიქრებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სხვაგან, აქ , მაინც , ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად კარგად.