დაჭრილი ფრთები, ანუ- ამბავი თვითმფრინავის ბიჭებზე

პატარა ვიყავი, ასე 10, 11 წლის, დედა ფილმ “ლაზარეს” მაყურებინებდა ხოლმე. გეგა კობახიძე იმ ფილმში ჩემი ასაკის პატარა ბიჭი იყო. მე მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატარა და ლამაზი ბიჭი შეიძლებოდა ოდესმე ვინმეს დაეხვრიტა.

სიმართლე მალევე გავიგე. დედამ მომიყვა.

ეს ამბავი ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მძაფრია. სიტყვა “დახვრიტეს” მაშინ ისე დაუჯერებლად , ისე შემზარავად და ისე შოკისმომგვრელად ჟღერდა, დღემდე მომყვება ის საშინელი განცდა.

ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლებოდა ვინმეს გეგა დაეხვრიტა. დამდგარიყო, დაემიზნებინა იარაღი და ესროლა. სად გეგა და სად სიკვდილი, სად სილამაზე და სად სიკვდილი.. როგორ შეიძლებოდა ლაზარე ვინმეს მოეკლა.

დღესაც ასე ვფიქრობ.

დღესაც მგონია , რომ ადამიანი მას ვერ მოკლავდა. ის საშინელი საბჭოთა სისტემის მიერ გამხეცებულმა ჯალათებმა მოკლეს. ის ადამიანებიც სისტემის მსხვერპლნი არიან, ისევე, როგორც თვითმფრინავის ბიჭები.

ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ გამტაცებლებს ერთნაირი განაჩენი გამოუტანეს. იმას, ვინც ეკიპაჟის წევრებს ესროლა და იმას, ვისაც არ უსვრია-ყველას დახვრეტის განაჩენი ხვდა წილად. და თანაც განაჩენში წერია, რომ ისინი არა მკვლელობისთვის, არამედ გატაცებისთვის დასაჯეს.

ალბათ დღეს ყველა ხვდება ამას, რომ მათი დახვრეტა საბჭოთა კავშირს საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად დასჭირდა და არა სამართლიანობის აღდგენისათვის. მათ ეკიპაჟის წევრების დაჭრისა და მკვლელობისთვის არ დაუხვრიტავთ ბიჭები, მათ ისინი გაქცევისთვის დახვრიტეს.

როგორ თუ გაფრენა მოინდომეს, როგორ თუ თავისუფლება მოინდომეს.

დახვრეტას ემსხვერპლა უდანაშაულო მღვდელი, რომელიც არც თვითმფრინავზე ყოფილა და უბრალოდ ბიჭების მეგობარი იყო.

ისევ ის კითხვა- როგორ შეეძლო ადამიანს, ესროლა უდანაშაული სასულიერო პირისთვის.

ადამიანს არ შეეძლო და არც მინდა დავიჯერო, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია.

ბიჭებიდან ერთის ტყვიას ეკიპაჟის წევრი შეეწირა. როგორც ყვებიან, აჟიტირებული ისროდა, არც იცოდა რას აკეთებდა. უკვე თვითმფირნავში მყოფს უკან დასახევი გზა აღარ ქონდა.

ის მოკლული კი, საბჭოეთის მიერ გამწარებული ადამიანის მსხვერპლია. ისევე როგორც ორი გამტაცებელი ბიჭი, რომლოდანაც ერთმა თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, როცა გაიგო რომ თბილისში ბრუნდებოდნენ. მეორე კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა , გარედან, სპეცდანაყოფის მიერ ნასროლი ტყვიით.

ყველანი დახვრიტეს. ისე რომ საფლავებიც არ იციან დედებმა. არანაირი წესის აგება, არანაირი გარდაცვლილის პატივისცემა. ადამიანს კი არა, ცხოველსაც ვერ მოექცევი ასე, თუ კი ოდნავ მაინც გაქვს სიკეთის ნატამალი გულში.

მაგრამ სად სოციალიზმი და სად სიკეთე.

სად სისტემა და სად სიკეთე.

მე დღეს 25 წლის ვარ. სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ.

უფრო მეტს, ვიდრე სიცოცხლეზე.

სიკვდილზე როცა ვფიქრობ ხოლმე მარიტა მახსენდება და გეგა. ერთი მოთხრობის პერსონაჟია, მეორე ცხოვრების. ორივე პატარები და ლამაზები იყვნენ. ორივე ჩაკეტილმა აზროვნებამ და ბოროტებამ დახოცა. ჯერ დახოცა, მერე დაიტირა.

“წყეულიმც იყავ აბელ არავიძე”..

ამ სიტყვებით დასტირის ფილმ “მონანიებაში” მკვდარ შვილს მამა, რომელიც საბჭოთა სისტემას შეეწირა და ბაბუის ცოდვების გამო თავს განაჩენი გამოუტანა.

ფიქრობენ ამას ის ადამიანები ვინც გეგას ესროლეს? ალბათ კი. ეს იქნება მათთვის დაუსრულებელი ფიქრი.

დაუსრულებელი სინანული.

პონტოელი პილატეს მსგავსად.

……

ეს ამბავი 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა.

ახლა 2017 წელია.

ყველანი გავიზარდეთ. ყველამ გააგრძელა ცხოვრება. დროც შეიცვალა, ხალხიც , იმდენსაც აღარ ფიქრობენ იმ ამბავზე. ალბათ ტკივილიც გაუნელდათ. (თუ კი არსებობს ასეთი რამ- ტკივილების განალება.)

სეზონებიც იცვლებიან და ნომბერი კიდევ ბევრჯერ მოვა. ყველა და ყველაფერი შეიცვლება.

თვითმფრინავის ბიჭების გარდა.

დროსა და სივრცეში გაჭედილი ბიჭების გარდა.

ფრთებდაჭრილი ბიჭების გარდა.

Advertisements

“აბა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას “

image

რაღაც გაორება გემართება , უყურებ და ხედავ, რომ სიყვარული არ არსებობს. უყურებ როგორ ეცვლებათ გრძნობები. კვდებიან სიყვარულისგან, და მერე -ჰოპ, აღარ უყვართ.
თელავენ, ზედ უვლიან, აცამტვერებენ, ამიწიერებენ, აუფერულებენ.. ჰოდა აღარ გინდა ასეთი. ის გინდა, სხვა, სხვანაირი, ნამდვილი..წიგნებში და ფილმებში რომ არის ისეთი, ადრე რომ იყო ისეთი, ძალიან ადრე, სხვა ეპოქაში.

მერე უკვე წიგნებში წაკითხული სიყვარულის გჯერა , ფილმებში ნანახის, გაგონილის, მოყოლილის..
არადა, როგორ შეიძლება , ხომ წარმოუდგენელია, სიყვარულის არ გჯეროდეს! ეს იგივეა, ღმერთის არ გჯეროდეს.. იმის არ გჯეროდეს, რამაც უნდა გადაგარჩინოს..

***

“- თუ გინდა არ აგიხილოს, რა მოხდა მერე, მე ხომ მხედავ?
– შენ კი გხედავ, სოსოია.
– აბა, მეტი რა გინდა, ხატია?
– მეტი არაფერი. “

და რა უნდა გინდოდეს მეტი?

სადღაც ხომ იყო, ხომ არსებობდნენ სოსოია და ხატია, რომეო და ჯულიეტა, პოლი და ვირჟინი, ჯეკი და როუზი, გედია და მარიტა, ინგა და კუკარაჩა..სადღაც ხომ იყო სიყვარული. შენთვის თუ არა, ვიღაცისთვის ხომ იყო.
აი ესაა მთავარი.
თან ხომ , გაზაფხულია და, აბა , გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას.