ყველაფერი ცხვირის ოპერაციის შესახებ

 

18237815_836533333170816_640034781479610277_o

ასე გამოიყურება ჩემი ცხვირი დღეს

ცხვირის ოპერაცია ის საკითხია, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი მესიჯი მომდის სოციალურ ქსელებში. უკვე წინასწარ ვხვდები,როცა ცხვირის შესახებ მწერენ. მეც უკვე დაზეპირებული პასუხებით  შეიარაღებული ვუხსნი მათ  ყველაფერს.
ეს იმდენად ხშირად ხდება და ინტერესი იმდენად დიდია , გადავწვიტე ერთი ვრცელი პოსტი მივუძღვნა ამ თემას.
პოსტში დაწვრილებით წაიკითხავთ ყველაფერს, ყველაზე გავრცელებული ოპერაციის- რინოპლასტიკის შესახებ.
მაშ ასე !

Continue reading

ჩემი ცხოვრება უჩემოდ

IMG_20160813_151047

რამდენი სიკვდილი გამოვიარე.
საკუთარსაც თუ გამოვივლიდი არ მეგონა.

ყოფილხართ ისე ცუდად, რომ ოდნავადაც კი არ შეგპარვიათ ეჭვი იმაში, რომ ვერ გადარჩებოდით?
გითხოვიათ ღმერთისთვის, ღმერთო, ჩამოდი და მიშველეო?

ერთხელაც ვეღარ გაუძლებ, ვეღარ აიტან და ეცემი.
ვიღაცისთვის შეიძლება ფილტვების ანთება და მაღალი სიცხეები არაფერია. მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივ, სიკვდილი იყო.
ეს რა სალაპარაკოაო ვიღაცა იტყვის. ვის არ გამოუვლიაო.
ჰოდა მეც გამოვიარე. გადავიტანე. მაგრამ, აღმოჩნდა რომ გადატანებსაც აქვს საზღვარი. რომ ზოგჯერ ვეღარ უძლებ. რომ ზოგჯერ 39.5 მხოლოდ ციფრები არ არის თერმომეტრზე , ეს უკვე პიკია. ბოლო წერტილია. შენი არსებობის, თუ არარსებობის ზღვარია.
და აი აქ გაწყდა.
მოვკვდი.
ეს ღამე გამატენებინე ღმერთო-მეთქი, ყოველ ღამე ვეხვეწებოდი. და გამათენებინა. ყველა სიცხიანი, გულამოვარდნილი და მისავათებული ღამე გამათენებინა. სამი კვირა, თუ მეტი..აღარც მახსოვს. ყველა გამათენებინა, ამატანინა. არ მიმატოვა. ვერ.
არაფერია  სამი კვირა მთელი ცხოვრებისთვის, მაგრამ ყველაფერია,როცა კვდები.

ყველა ამ წელს გამოვლილი ტრაგედიებისა და ყველა გამოვლილი სიკვდილისთვის, ერთად მოვკვდი მაშინ.
ეს იყო სიცხის, ეიფორიის, ტირილის,სიგიჟის სამი კვირა.
როცა ვერც ვჭამდი, ვერც დავდიოდი, ვერც ვფიქრობდი. სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა. ვიწექი გამხდარი, უსიცოცხლო მზერით. ჩაცვენილი თვალებით. ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვფიქრობდი, სად წავიდა ის გოგო, სად ვარ მე?
ეს იყო ცხოვრება შიშში, გაურკვევლობაში.რაღაც ისტერიის მსგავსში .  39.5 გრადუსით.
ეს იყო ცხოვრება უჩემოდ.

მერე მორჩა წამლები, მორჩა სასწრაფოები, მორჩა ტაჰიკარდიები და პანიკური შიში. მორჩა ექიმები, რომლებიც ერთსადა იმავეს იმეორებდნენ-” არაფერი არ გჭირს”, და არ უნდოდათ გაეგოთ, რომ შეიძლება არაფრისგანაც მოკვდეს ადამიანი.
მორჩა.. და მე მივხვდი რომ ან იქ უნდა დავბრუნებულიყავი, ან ახლიდან უნდა დავბადებულიყავი.
ჰოდა ავდექი და დავიბადე.
ჩემი თავი დავიბრუნე. ნამდვილი ჩემი თავი. ჩავებღაუჭე, გამოვათრიე . მთელი წლის დეპრესიები ჩამოვიბერტყე, მთელი ცხოვრების ტკივილები დავიფერთხე, ყველა სიკვდილი დავივიწყე. (ჩემიც).
მერე ჭამა დავიწყე, წონაში მოვიმატე, დავიწყე წერა, მუსიკის მოსმენა, მაკიაჟის კეთება. გავირუჯე, ვივარჯიშე, გავიღიმე და..
როცა სარკეში ჩავიხედე , მივხვდი, რომ წლების წინანდელი მხიარული, ბედნიერი, ძლიერი ანა ვიყავი. და ეს საკუთარი თავის დაკარგვა დროებითი იყო.
მივხვდი, რომ როგორც არ უნდა მოკვდე, ყოველთვის ადგები, თუ კი ეს გინდა!
და არავინ თქვას რომ ადამიანი როდისმე საბოლოოდ დაეცემა. ზღვარი არ არსებობს. ზღვარი შენ ხარ!
და როცა ფიქრობ რომ მორჩა, როცა ფიქრობ რომ ვეღარ ადგები, როცა ფიქრობ რომ მოკვდები, სწორედ მაშინ გეძლევა ძალა გაახილო თვალები და წამოდგე. უფრო ძლიერი, ათასჯერ ძლიერი.
დასასრული არ არსებობს. მთავარია დავაფასოთ, ის რაც გვაქვს. სანამ ცოცხლები ვართ, სანამ კარგად ვართ. ესაა მთავარი.

და ცხოვრება გავაგრძელე.

‘უნდა ადგე, ტკივილები დაიფერთხო და თავიდან დაიბადო.
რადგან, სხვა გამოსავალი, უბრალოდ არ არსებობს.’