დამალობანა გინდა?

– დამალობანა გინდა?
და ისე , როგორც ადრე,
დრო დავაბრუნოთ გინდა?
ეზო , სხივებით სავსე..

რა დრო გასულა უკვე..
თითქოს ათასი წელი..
ეს დრო დაეტყოთ ქუჩებს,
ხეებს შეცვლიათ ფერი..

და იმ თამაშებს მომწყვეტს
დიდი ქალაქი ისევ,
მეც დავივიწყებ ნებით,
ან სულ არც მახსოვს იქნებ..

ციგით დავეშვათ მოდი !
ან , სულაც, ცასთან ახლოს
იმ ჰორიზონტებს ვდიოთ..
..სულ არაფერი გახსოვს?..

გთხოვ..სანამ ჩვენი ქუჩა
ფოთლებით არის სავსე..
-დამალობანა გინდა?
ჰო, ისე, როგორც ადრე..

Advertisements

“თუ კი ერთხელ გაიზრდები, ვერასოდეს დაბრუნდები უკან !”

tumblr_n5k21cNqHm1sbnhoho1_500
“თუ კი შენ ერთხელ გაიზრდები, ვეღარასოდეს დაბრუნდები უკან! ” 
პიტერ პენმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა, ამიტომაც დარჩა სამუდამოდ ბავშვობაში.
და ეს ბავშვობა რა ცოტაა, რა შეუმჩევლად გადის აქ, ჩვენთან.
რა მალე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ გავიზარდეთ, რომ დიდები ვართ, დიდების სამყაროში აღმოვჩნდით, იქ სადაც ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, იქ სადაც იბრძვიან, იქ სადაც იტყუებიან, სადაც ოცნებებს ივიწყებენ, სადაც წვიმაში აღარ დარბიან, სადაც ხეზე ასვლა , ფეხბურთის თამაში, სახლში ფანჯრიდან გადასვლა , მეზობლის ტყემლის მოპარვა,
მწვერვალებიდან ციგით დაშვება, ბებიის გაბრაზება და სხვა ყველაფერი კარგი, სირცხვილად ითვლება.
სადაც არ შეიძლება დაგეზაროს, არ შეიძლება გადაიფიქრო, არ შეიძლება თქვა , რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ! სადაც დიდი ხანია დაავიწყდათ როგორია, იყო უდარდელი.
დიდების სამყაროში ხომ სისულელეა, სასწაულების გჯეროდეს.
თუმცა, მათ დიდი ხანია აღარ უნახავთ სასწაულები, თავგადასავლებიც აღარ ახსოვთ.. არ ახსოვთ ის მოგზაურობები, მეკობრეებით სავსე დიდი გემები, არ ახსოვთ სასახლეები, მარმარილოს კიბეებით, კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით, წითელი სამხრეები რომ ამშვენებდათ.. არც ხმლების შეჯახების და მარაოების დავარდნის ხმა ესმით..
ვერც გაიგებენ, ეს ხომ ბავშვობაში ხდება.. რომელიც როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სავსეა დიდი თავგადასავლის მოლოდინით.
..და ნეტავ რა იქნებოდა ყველანი ბავშვებად რომ დავრჩენილიყავით..
რა იქნებოდა, აღარ მეძახდნენ სახლიდან, როცა გარაჟის სახურავზე, თხილის მოსაპარად დავრბივარ..
რა იქნებოდა ,ჩემს გარშემო არავის სჭირდებოდეს ხვეწნა იმის გამო, რომ დამალობაანა ითამაშოს..
რა იქნებოდა, ისევ გვჯეროდეს. რომ ქუჩის ბოლოს მიტოვებული სახლი, მოჩვენებებით და მთელი საიდუმლოებებით არის სავსე.
ვინ იცის, როგორ ელოდებიან დიდებს ტომ სოიერი და ჰეკი ფინი. მათ კი ათასში ერთხელაც კი არ ახსენდებათ..
ალბათ ეს ცხოვრების ბრალია.
და ნეტავ რა უნდა ვქნათ ჩვენ..
“თუ კი გაზრდა ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ავალ ხეზე, მაშინ მე არასოდეს, არასოდეს გავიზრდები!” -პიტერ პენი

იქ

BeFunky_null_4.jpg  რთი დღეც და გავუყვები ჩემი სოფლის გზას.. ისიც ისევ ისეთი დამხვდება როგორიც იყო, ისევ ისეთი ჩუმი და ცარიელი. ისევ იგუგუნებს ღამით მატარებელი და ისევ აიკლებენ ძაღლები ყეფით ყველაფერს. ერთ დილას კი ისევ დამხვდება გადათეთრებული ჩემი ქუჩა, და ისევ ვიფიქრებ რომ ეს ქუჩა, ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

მერე ჩავალ ეზოში, შევხედავ კედელზე ამოკაწრულ ჩემს სახელს, და მერე, როგორც 12 წლის, ისე ვითამაშებ თოვლში, ნამდვილი თამაშით ვითამაშებ, როგორც 12 წლის ბავშვები თამაშობენ.. და ვიფიქრებ, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც მე სოფელს ვეძახი, და რომელშიც არაფერი ხდება, ყველაფერი მაინც ძალიან, ძალიან  კარგად არის, მაშინაც კი, როცა არაფერია კარგად.
მერე წავალ ჩემს ნაძვებთან, იქ ვიპოვი ჩემს ხელებდაკაწრულ და მუხლებგადაყვლეფილ ბავშვობას, ვიპოვი სახლობანას და ყველა დამალობანას, რაც კი ოდესმე მითამაშია..ვიპოვი, და ვიფიქრებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სხვაგან, აქ , მაინც , ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად კარგად.

ბევრი ფული

                                  faceless-girl-photography-sunset-Favim.com-163926

ბევრი ფული ჩემი მთავარი საოცნებო საგანი, მიზანი და მისაღწევი მწვერვალი არასოდეს ყოფილა. შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი ფული არასოდეს მქონია და არ ვიცი როგორია ის.
ან შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი კარგი და ბედნიერი რაღაც ისედაც ხდება ჩემს ცხოვრებაში.
რატომ არ მჭირდება ბევრი ფული?
იმიტომ, რომ მყავს ადამიანები, რომლებთანაც ძვირფასი საჩუქრების გარეშე მივალ, ისინიც ასე მოვლენ, და მე არ შემრცხვება  ამის. არც მათ.
იმიტომ რომ მაქვს ადგილი, სადაც წასვლისთვისაც არ მჭირდება მანქანა, არ მჭირდება კარგად გამოვიყურებოდე  და საერთოდ არაფერი მჭირდება  ძვირადღირებული.
იმიტომ, რომ ალბათ ჯერ ბოლომდე ვერ გავიაზრე რატომაა საჭირო ფული. და როცა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საჭიროა, უცებ ხდება რაღაც, რაც მავიწყებს. მაგალითად, დამალობანას თამაში ჩემს სოფელში.
თუმცა, ყოველთვის სოფელში არ ვარ .. და არსებობს სხვა ადგილები , სადაც ფულია საჭირო. ჩვენც ვმუშაობთ, ვსწავლობთ, და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ფული ვიშოვოთ..
თუმცა, მე მაინც ვერ ვხვდები, რატომაა საჭირო ბევრი ფული.
ცოტა მეცოდებიან კიდეც ის ადამაინები, რომელიც ფულის გამო ტირიან, დარდობენ და ნერვიულობისგან გაჩენილი ნაოჭების გასწორებაში ისევ ფულს ხარჯავენ, მერე ისევ ტირიან და ასე უსასრულოდ.
ბევრი ფული მაშინ მინდა ხოლმე, როცა ქუჩაში მწოლიარე ადამაინებს ვხედავ. ალბათ ამ დროს ყველას უნდა ბევრი ფული. ოდნავ ბევრი მაინც.
მაშინაც მინდა ხოლმე, როცა სიცივეში, გარეთ მყოფ ძაღლებს და კატებს ვხედავ. (ეს ჩემი ყველაზე  სუსტი წერტილია). მინდა გავხსნა დიდი თავშესაფარი, სადაც ყველა უპატრონო ცხოველს წავიყვან, ვაჭმევ გავათბობ და ბედნიერს გავხდი.
ამ დროს დიდი სახლიც მინდა ხოლმე მქონდეს. სამსართულიანი დიდი სახლი, სადაც უამრავი ცხოველი დაეტევა.
ბევრი ფული მინდა მქონდეს, რომ ჩემს მშობლებს ოცნებები ავუხდინო, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს ჩემი ოცნებებისთვის.
ბევრი ფული მაშინაც მინდა მქონდეს, როცა ვხედავ, რომ ნიჭიერ და უფულო ბავშვებს ვერავინ ხედავს. მინდა მილიარდელი ვიყო, რომ ისინი ყველას, მთელ მსოფლიოს ვაჩვენო.
ვაღიარებ, ბევრი ფული მაშინაც მინდა, როცა ბევრ ფეხსაცმელს ვხედავ. თუმცა ამას ალბათ ეშველება. 🙂