ჩვეულებრივი გოგოების კლუბი

12923315_1739223966293636_2580315811502389149_n

ე ჩვეულებრივი გოგო ვარ.

ჩვეულებრივი გოგოების კლუბი რომ არსებობდეს, სწორედ ასე მივესალმებოდით ერთმანეთს- გამარჯობა, მე ანა ვარ, და მე ჩვეულებრივი ვარ.
-გამარჯობა , ანა ! – მომესალმებოდნენ სხვა ჩვეულებრივები.
შუაში იჯდებოდა შუახნის ქალი. სანდომიანი, დამუშავებულ-დაყენებული ღიმილითა და ცარიელი სახით. რომელიც, მე აუცილებლად საზიზღრად მომეჩვენებოდა და მენდომებოდა ამ ქალისთვის პირში მიმეხალა, როგორი აფერისტია და როგორ არადამაჯერებლად გამოსდის ეს მოგონილი სიმშვიდე, ბოლოს მეგინებინა და წამოვსულიყავი. ეს მენდომებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი, მე ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ.

მერე დავიწყებდი :

-ყოველთვის მინდოდა, ჩვეულებრივი გოგო ვყოფილიყავი. მინდოდა მენერვიულა იმაზე, რაზეც გოგოების უმეტესობა ნერვიულობს, მინდოდა მეფიქრა იმაზე, რაზეც ისინი ფიქრობენ და საერთოდაც, ისე მეცხოვრა, როგორც ისინი ცხოვრობენ.
ერთხელ ჯგუფელმა მითხრა “სტრანნი” ხარო. მეწყინა. მერე მეორემ უჟმური დამიძახა. ესაც მეწყინა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უბრალოდ, უმეტესად, მარტო დავდიოდი.

მე მართლა ჩვეულებრივი გოგო ვარ.
ჩვეულებრივი გოგოების კატეგორიაც იყოფა ქვეკატეგორიებად. ერთ-ერთი ასეთია – მოსაწყენი გოგოები. აი მანდ ვარ მეც.
(ღმერთო.. ჯერ ჩვეულებრივი, და ახლა კიდევ მოსაწყენიც. ეს რა უბედურებაა.)

მე ვნერვიულობ ჩემს თმაზე და საერთოდ, ძალიან ვზრუნავ ჩემს გარეგნობაზე. ამით სხვა გოგოებს ვგავარ.
ვტირივარ. არც-ისე ცოტას- ამითაც ვგავარ.
მიყვარს ფილმები სიყვარულზე.
წიგნებიც.
ძალიან ეჭვიანი ვარ.
მოიცა კიდევ რას აკეთებენ გოგოები.. ვეღარ ვიხსენებ მეტს ვერაფერს. რაც არის, მოკლედ ვგავარ მათ.
მაგრამ, უცნაური ისაა, რომ სხვა გოგოებს ვერასოდეს ვუგებ. არადა ხომ ნახეთ, ჩამოვთვალე, რამდენი რამით ვგავარ მათ. მაგრამ მაინც არასოდეს მესმის მათი, მაინც ნერვები მეშლება მათზე, მაინც სულელები მგონია ისინი.( ძალიან ჭკვიანი გოგოების გარდა)
არ მინდა რომ ასე იყოს. მაგრამ ასეა. თითქმის არ მყავს დაქალები. იმ 2 ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც მე მეგობრებს ვეძახი და უბრალოდ მიყვარს. არც სიტყვა “დაქალი ” მომწონს და არც “გოგოშკური” რაღაცები. არ მიყვარს გოგოების გარემოცვა. გოგოების საუბრები, (ვერასოდეს ვერთვები) მოკლედ, არ ვიცი ეს რატომ ხდება.

მე ხომ ძალიან მინდა ჩვეულებრივობა.

უფრო ადვილია იფიქრო თმაზე, მაკიაჟსა და ტანსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ნეტავ არ გათენდეს.
უფრო ადვილია ილაპარაკო პომადის ფერზე, ვიდრე იმაზე , რომ გაზაფხულია და შენ მაინც გცივა.
უფრო ადვილია თქვა, რომ დიეტაზე ხარ, ვიდრე ყველამ იცოდეს რომ ჭამა, უბრალოდ არ შეგიძლია.
უფრო ადვილია უყურო ფილმებს სიყვარულზე, ვიდრე დაიჯერო, რომ ის არ არსებობს.
უფრო ადვილია, იყო ჩვეულებრივი გოგო, ვიდრე საერთოდ არ იყო.
სხვა გზა , უბრალოდ არ არის.

მე ჩვეულებრივი გოგო ვარ.
და მე მეზიზღება ჩემი მაკიაჟი, თმა , სუნამოს სუნი და ტანსაცმელი.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მეზიზღება ყველა ფილმი და წიგნი სიყვარულზე.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და არ მყავს დაქალები.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მომბეზრდა ეს.
დავიღალე.
მაგრამ მაინც ისე ვიქცევი, როგორიც ისინი იქცევიან. აბა ხომ არ გავგიჟდები.

ვიცი, რომ ამას ბევრი გაიგებს, მეც ასე ვარო იტყვის. კი, ასე არიან გოგოები. ჩვეულებრივები უფრო.

ისე კი,
მართლა ჯობია იფიქრო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ლამისაა მეოთხედი ცხოვრება გადის , შენ კი მეათასე ღამეს ათენებ და მაინც არ იცი ვინ ხარ..

Advertisements

მხიარული გოგო რომ ვყოფილიყავი

image

მხიარული, ხალისიანი, სოცოცხლით სავსე რომ ვყოფილიყავი -მეთქი, ვფიქრობ ხოლმე.  როგორც იტყვიან -პოზიტიური. ნეტავ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება?

ასეთი რომ არ ვიყო, როგორიც ვარ. ასეთი “ძნელი”, ასეთი რთულად ასატანი, ასეთი არასასურველი, ასეთი უსაშველო.
მაშინ ,ალბათ , მართლა კარგად იქნებოდა ყველაფერი.

იმასაც ვფიქრობ ხოლმე, არაფერს ვაშავებ მეთქი. არადა, მართლაც, რას ვაშავებ? ხალხი იმასაც კი ფიქრობს და ამბობს, რა კარგი გოგოაო. მაგრამ მე ხომ ვიცი არა? ახლოს, სულ ახლოს რომ გამიცნობენ, აღარავის უნდა ეს ჩემი ტრაგიკულობა, ჩემი ტირილები, ჩემი დრამები..
მე კიდევ, რა ვქნა, მსუბუქად ვერ შევხედავ. ვერ “გავატარებ” , ვერ “დავიკიდებ” , ვერ ვიტყვი-მერე რა -მეთქი. იმათ კიდევ, უნდათ რომ ვთქვა. უნდათ, რომ არაფერზე არ ვიდარდო. მე ეს არ გამომდის, ვერ გამომდის. იმიტომ რომ ასეთი ვარ. იმათიც მესმის. ყველაფერზე ნერვიულობა ვის გაუგიაო. ჰოდა, ალბათ, არც არავის გაუგია. მართლები არიან.
და ამიტომაც მიდიან ხოლმე.
ყველა მიდის.
ჰოდა
და მე ჩემს ტირილებთან, ტრაგედიებთან და უსაშველო რაღაცებთან ერთად ვრჩები და მერე ამ რაღაცებზე ვწერ.

ხომ არიან ისეთი გოგოები, მხიარულები, სიცოცხლით სავსეები, ხალისიანები. ადვილად რომ გამოსდით ყველაფერი..ყველას რომ მოსწონთ და ცხოვრება უხარიათ. აი ასეთი რომ ვყოფილიყავი-მეთქი, ვფიქრობ ხოლმე. ვფიქრობ რა, ხანდახან გავიფიქრებ ხოლმე. ცოტა ხანს. სულ ცოტა ხანს . ერთი წუთით.