წითელპომადიანი ქალი

14045702_1788333141382718_2246103410467225772_n

სიკვდილივით სევდიანი  და სიცოცხლესავით ლამაზი ქალი იყო ელენე.

ამოივლიდა ხოლმე, თავაწეული, მხრებში გაშლილი , ნელი და მძიმე ნაბიჯით. ძველი ჩითის კაბა ეცვა , ყვავილებით დაწინწკლული. ყველა კაბა ერთმანეთს ჰგავდა- მუხლს ქვემოთ, დაღილული და გახამებული საყელოთი.  სწორი ცხვირი ჰქონდა და აფრენილი წარბები. მუდამ წითელი პომადა ესვა. მოწითალო თმას ყოველთვის გადაწეულს და კოსად შეკრულს ატარებდა. და თვალები.. დიდებული თვალები ჰქონდა- ნუშისებრი, თაფლისფერი, საოცრად ნათელი და სევდაჩამდგარი თვალები.

..

მაშინ, 13 წლის გოგოსთვის, საოცრად მიმზიდველი და იდუმალებით მოცული იყო მარტოხელა, მუდამ მარტოდ მოსიარულე ულამაზესი ქალი. 

მისი ხმა მხოლოდ ერთხელ გავიგე- წყლის რიგში -” ბოლო თქვენ ხართ?” – მორიდებით კითხა დედაჩემს. დაბალი ხმა ქონდა, ქალური. რიგში თავდახრილი იდგა, თითქოს მისჯილი აქვს იქ დგომაო, ერთი სული ჰქონდა აევსო პატარა ყვითელი, საღებავგადაცლილი ბალონი და წასულიყო.

ახლა მიკვრის , რატომ მახსოვს ყველა დეტალი. ქალზე, რომელიც არავის აინტერისებდა. არავის. მხოლოდ ჩემთვის  ,13 წლის გოგოსთვის იყო ამ ქლის მარტოობა მიმზიდველი.
თუმცა, ესაც ბავშვური ცნობისმოყვარეობა იყო და მეტი არაფერი. მაშინ სხვა არაფერი შემეძლო.
უცნაური იყო, აზრად არასოდეს მომსვლია ოჯახში მეკითხა მის შესახებ. მთელი ცხოვრება ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა, პატარა , ერთსართულიან, წითელი აგურის სახლში. ეზოში ვარდებიანი ბაღჩა ჰქონდა. სკოლაში სიარულისას დილაობით ვაკვირდებოდი ხოლმე, ვარდებს კრეჭდა, ან რწყავდა. გამარჯობის თქმა მერიდებოდა. მაშინ  არ ვიცოდი რატომ. ახლა ვიცი.
ჩემს თვალში რაღაც მიუწვდომელი ჰქონდა მას, რაღაც იდუმალი. ის იყო ისეთი, როგორიც მინდოდა გავმხდარიყავი მე, როცა მისი ასაკის ვიქნებოდი.  მეგონა ყველა ასე აღიქვამდა მას-ლამაზად.  ეს მეგონა საოცნებო მდგომარეობა- ლამაზი ქალი.
ამიტომაც მერიდებოდა მისი, სადღაც მაღლა იყო. ზემოთ. სხვა სამყაროში.
მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის, რამაც მთლიანად დაანგრია ყველაფერი. რამაც ამირ-დამირია წარმოდგენები, ღირებულებები, მაშინდელი ოცნებები და საერთოდაც- ყველა ფიქრი და აზრი.
ბიძაჩემის ერთი მეგობარის ცოლმა, სუფრაზე, ვითომ სხვათაშორის ახსენა, ელენეს რა კარგი ვარდები აქვს, ნერგი მინდა ვთხოვოვო. და, აღარ მახსოვს ვინ, მხოლოდ მახსოვს როგორ იკითხა სტუმართაგან ვიღაცამ – ვის, ბოზ ელენეს? – ჰო. – იყო პასუხი.
-ოო, მოიცა რა, მაგისი არაფერი გინდა შენი ჭირიმე.
და ეს ყველაფერი მშვიდად, აუღელვებლად ითქვა! ვითომც არაფერიო.
სახეზე საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი. ვერ გამეგო რა ხდებოდა. “ვარდები  “, “ელენე”, “ბოზი”, “ბოზი ელენე”, “მაგისი არაფერი გინდა”.. ეს სიტყვები ამერია თავში.
უკვე ვიცოდი რომ ბოზი, ეს იყო ძალიან ძალიან ცუდი რამ, და მას ყველაზე ცუდ ქალებზე ამბობდნენ. მათზე ვინც სხეულს ყიდდა. -“ნუთუ ის ამას აკეთებს” -გამიელვა საშინელმა აზრმა თავში.
სუფრიდან ავდექი, ყელში ბურთი მომებჯინა, მთლიანად მიხურდა სხეული. სხვა ვეღარაფერი მოვისმინე .
ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება , ყველაზე მძიმე დარტყმა- მე აღარ მყავდა მისაბაძი ადამიანი, მე აღარ მყავდა საოცნებო , იდეალი ქალი. ის ცუდი ქალი ყოფილა, ის ცუდი ქალი ყოფილა.. მხოლოდ ამას ვფიქრობდი.
თითქოს რაღაც მიეცხო და დააბინძურა, თითქოს დადაბლდა , მიწაზე დაეცა.
დროთა განმავლობაში შევეჩვიე ამას. ტვინში ჩამიჯდა რომ მე ვცდებოდი, რომ ის არ იყო კარგი, ის არ იყო იდეალური. ტკივილით მაგრამ ამას შევეჩვიე.
ამ ამბიდან მალევე დავტოვე ჩემი ბავშვობის სახლი და დიდ ქალაქში გადმოვედით.
ელენე აღარც გამხსენებია. უმნიშვნელო ბავშვობის მოგონებად იქცა.
მშობლებმა ქალაქში სამსახური დაიწყეს და რამოდენიმე წელიწადს აღარც ჩავსულვარ იქ. ზამთრობით ბებო ,პაპა და ბიძა თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან.
მე გავიზარდე, აღარ ვიყავი 13 წლის. იმასაც მივხვდი რომ სილამაზე საოცნებო არ ყოფილა. სწავლით ვიყავი დაკავებული, ათასგვარ საქმიანობას ვედებოდი, აღარც კი მახსენდებოდა მშობლიური ქალაქი.
ერთ ზაფხულს, ტრენინგების შემდეგ გავიგე რომ ბებო ცუდად ყოფილა. მეორე დღესვე წავედი ტაქსით.
ის გრძნობა დამეუფლა , დიდი ხნის მიტოვებულს და უსაშველოდ ახლობელს რომ დაიბრუნებ. თან უცხოა, თან ახლობელი, და ძალიან ძალიან მტკივნეული..
როგორც კი სახლს მივუახლოვდი, იმ ქუჩას, იმ ჩასახვევს, ტვინში ყველაფერი ამომიტრიალდა, თითქოს ბოლო წლები დაპროგრამებულმა , დაჰიპნოზებულმა გავატარე და ახლა გამომაფხიზლესო.
ბებო მწოლიარე დამხვდა.
მისი ხელი მეჭირა და ყველაფერს ვუყვებოდი , ერთი წამითაც არ ვჩერდებოდი. ვიცინოდით, ვიტირეთ კიდეც.. ბოლოს ის ვკითხე რაც უნდა მეკითხა.
– ბებო, ელენე გახსოვს? ლამაზი ქალი რომ იყო.. როგორ არის?- გული ამომიბრუნდა, მეშინოდა არ გამეგო რომ იქ აღარ ცხოვრობდა ან ..
– არის ბებო, როგორც იყო. როგორ იქნება..
გულზე მომეშვა.
საღამოს ჩავუყევი ქუჩას, მის სახლთან გავჩერდი. ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რიდის, მოკრძალების.
დავაკაკუნე.
ფეხის ხმა არ გამიგია ისე გაიღო კარი. თითქოს კარებში იჯდა მიმსვლელის მოლოდინშიო.
შეცვლილი იყო. წლები დატყობოდა. ახლა უკვე შუახნის იქნებოდა. თვალებთან ნაოჭები გასჩენოდა, კანიც აღარ უბრწყინავდა. მხოლოდ თვალები, თვალები დარჩენოდა უცვლელი- სევდაჩამდგარი და მომღიმარი.
ტუჩებზე შევხედე-წითელი პომადაც უცვლელი იყო.
-გამარჯობა, მე.. მერი ბებოს შვილიშვილი ვარ..
-მობრძანდით, შემოდით.. -ოდნავ დაბნეულს ხმაში სიხარულიც ეტყობოდა.
დივანზე დავჯექი, ოთახს მოვავლე თვალი. ყველაფერი ძველი იყო. ძველი და.. მხოლოდ ერთი სიტყვა თუ აღწერდა ოთახს- მარტოსული.
მტვერდადებული წიგნები, ძველებული, ყვავილებით მოქარგული მძიმე, სქელი ფარდები, მრგვალი საღებავგადაცლილი მაგიდა..
ახლა გამიჩნდა ეს კითხვა , მხოლოდ ახლა- რატომ არის ეს ქალი მარტო, და რატომ უწოდეს ის სიტყვა მაშინ.. იმ დროს ჩემთვის განაჩენის მსგავსი სიტყვა. ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ისმის, მაშინ კი სიკვდილს რომ უდრიდა ჩემთვის.. რატომ გაიმეტეს მარტოობისთვის, რატომ არავის უნდოდა ის, რა დააშავა ასეთი?
..
ჩაი დამალევინა. სხვა არაფერი ქონდა.

-ბავშვობაში ძალიან მომწონდით- დავიწყე. – ძალიან ლამაზი იყავით.. მართლა.
-მადლობა ჩემო კარგო, მადლობა..
– გათხოვილი არ ყოფილხართ?- ვკითხე და ვინანე. ისედაც ვიცოდი რომ სულ მარტო იყო.
თავი დახარა, ჩაი მოსვა- ერთხელ მიყვარდა.- მიპასუხა და გამიღიმა.

-ერთხელ მიყვარდა. მაგრამ ..არ შეიძლებოდა. ჰოდა, ბავშვის ამბის მერე წავიდა.
-ბავშვის?- ..
– ჰო, ბავშვი გარდამეცვალა, ორი წლისაც არ იყო.. ამის მერე საბოლოოდ დაბრუნდა იქ, საიდანაც მოვიდა.
ცოლთან. – ხმადაბლა ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა არავის გაეგო. და თან მაგიდას ალაგებდა.
–  ცოლმა რომ გაიგო ერთმანეთი გვიყვარდა მიჩივლა, ქურდობა დამაბრალა, პოლიცია მოვიდა და ის ყელსაბამი ამოიღეს, მისმა ქმარმა რომ მაჩუქა. წამიყვანეს. – ასე მომაძახა- ბოზი და ქურდი ხარო. ყველას ესმოდა..
მოვკვდი, მაგრამ არ წავედი აქედან! შერცხვენილი ვიყავი მაგრამ არ წავედი..
იმის გამო ვერ წავედი. მიყვარდა და ვერ წავედი.
იმის მერე მოვიდა, პატიებას მთხოვდა სასამართლოზე რომ არ აღიარა ჩემი სიყვარული. მეფიცებოდა მიყვარხარო. ვუყვარდი.. უბრალოდ სუსტი იყო.
მერე..ბავშვის ამბავი მოხდა. ფილტვების ანთებით მომიკვდა.
მე მაბრალებდნენ, ვერ მოუარაო. ის ზამთარი შეშის გარეშე გავატარეთ.
-გაჩუმდა. რამოდენიმე წამს ტუჩებზე მიიდო მომუჭული ხელი.

ეს არის და ეს.-  ადგა . კედელზე დაკიდულ ტილოზე ხელები შეიწმინდა და გამიღიმა.
– თქვენ ძალიან ლამაზი ხართ. ახლაც ძალიან ლამაზი ხართ.. მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
-მადლობა ჩემო კარგო, მადლობა. -მომიახლოვდა და ხელი ხელზე დამადო. – გამომიარე ხოლმე როცა აქეთ იქნები, მე სულ აქ ვარ. არსად წავალ..

წამოვედი.
სიკვდილივით სევდიანი იყო იმ საღამოს მისი ეზო, და თვითონ ისევ სიცოცხლესავით ლამაზი.
ვერ ვპატიობდი ჩემ თავს ,მაშინ რომ სხვების სიტყვების გამო გული ავიცრუე ამ ქალზე, ჩემთვის იდეალურ ქალზე.
და თან ბედნიერი ვიყავი, რომ არ ვცდებოდი. ის უფრო დიდებული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
უფრო დიდებული და უფრო ძლიერი!
ძლიერი საიმისოდ რომ გაეძლო ყველა სიტყვისა და ყველა უგულო გამოხედვისთვის, ყველა მარტოობისთვის და არ წასულიყო, არ მიეტოვებინა ის, ვინც უყვარდა.
ძლიერი საიმისოდ რომ ეპატიებინა კაცისთვის სისუსტე , და არ შეეძულებინა ის,
ძლიერი საიმისოდ რომ მის თვალებში არ ჩამქრალიყო ნაპერწკალი, და მის ტუჩებზე არ გამქრალიყო წითელი პომადის კვალი.
მართლაც დიდებული ქალი იყო ელენე. სიკვდილივით დიდებული და სიცოცხლესავით ლამაზი..

Advertisements