ღია ბარათი ცალმხრივად შეყვარებულ გოგოებს

ცალხმრივ სიყვარულზე უნდა დავწერო.
ვიღაცებმა მომწერეს, (ვიღაცებმა კი არა, საკმაოდ ახლობელმა ადამიანებმა) რატომ გიყვარს დეპრესიული პოსტების წერა, რა სიყვარული და ტირილი აგიტყდაო.
საერთოდ მგონია, რომ წერის დროს არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება რეალურად. თუ ტკივილზე მინდა ტკივილზე დავწერ, თუ სიხარულზე მინდა სიხარულზე. მსახიობობას გავს წერა. გადაიცვამ ნიღაბს – ანუ განწყობას და წერ.
ცალმხრივი სიყვარული მძულს. მეზიზღება.
მგონია რომ ავამდყოფობაა. ფსიქოზის რაღაც ფორმა, ანდა აკვიატებული მდგომარეობის ერთ-ერთი სიმპტომი. ყველაზე არაჯანსაღი რამ, რაც კი გრძნობა არსებობს ამ ქვეყანაზე.
მაგრამ, მაინც ხშირად ვწერ ასეთ სიყვარულზე , ანუ აუხდენელზე, ცოცხლად დამარხულზე, მტკივნეულზე, საშინელზე, მომაკვდინებელზე.
ვწერ, იმიტომ, რომ ის არსებობს. იმიტომ, რომ არსებობენ ქალები, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ანნა კარენინასი, ანნა ბოლეინის, ედითის, ცვაიგის რომანიდან “მოუთმენლობა გულისა”, ანდა უცნობის ქალის, მომაკვდინებლად მტკივნეული წერილების ავტორისა, თვითმკვლელობის განაჩენი რომ გამოუტანა თავს.
ახლა მეტი არ მახსენდება. თუმცა ლიტერატურაშიც ბევრნი არიან და ცხოვრებაშიც. უმეტესად ქალები.
რატომ ვიყვარებთ იმ კაცს, რომელსაც არ ვუყვარვართ? ან არ ვუყვარვართ საკმარისად იმისათვის, რომ ჩვენ მოგვიძღვნან სიცოცხლე.
ეს არავინ იცის.
ამას პასუხი არ აქვს. და ამ უპასუხობით კვდებიან ადამიანები.

ქალებს კაცებზე მეტად ემოციური ფსიქიკა აქვთ. უფრო მეტად მძაფრად აღიქვამენ ყველაფერს და ერთადერთის ძიებისკენ არიან მიდრეკილნი. კაცებს კი.. სხვანაირად უმუშავებთ ტვინი. კაცებს, რაც არ უნდა “კარგები” იყვნენ ისინი, მაინც შეუძლიათ სიყვარული გადაანაწილონ. სხვებსაც გაუყონ. მეტ-ნაკლებობით უყვარდეთ ქალები. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი ისე, ზოგი ასე.. და ასე დაუსრულებლად.
ხედავთ რამხელა შეუთავსებლობაა? რამხელა სხვაობაა, რამხელა უფსკრულია.
ვრონსკის რომ გაეგო ანასთვის, ანა აღარ შეუვარდებოდა მატარებელს.
ვრონსკის რომ გაეგო ანას ტკივილი, ხომ გადაარჩენდა. მითუმეტეს მაშინ, როცა ანას ერთადერთი გადარჩენა თავად იყო.
კაცები არ უვარდებიან მატარებელს.
ძალა არ ყოფნით საიმისოდ. არც ძალა, და არც ტკივილი.
მე რა თქმა უნდა მყვარებია ასე. ასე, ამუ უპასუხოდ. ცალხრივად. რა თქმა უნდა ამან ბევრი მასწავლა. და თან მომკლა.
და რადგან ხედავთ რომ ცოცხალი ვარ, ესეიგი ფიზიკურად გადავრჩი.
არ არსებობს წუთი, მატარებლის ბორბლებს შევხედო და ანა არ გამახსენდეს . მერე კი ჩემი ცალმხრივი საწყალი სიყვარული. მაგრამ ვერ შევეჯიბრები მას.
არც მე ვარ ანა, და არც ის არის ვრონსკი.
ამიტომაც ვზივარ ახლა და ბლოგისთვის ახალ პოსტს ვწერ.
ცალმხრივ სიყვარულზე. გაცვეთილ და გადაღეჭილ თემაზე. რომელსაც, კაცები ვერასოდეს გაიგებენ.
მე მიყვარს ტკივილზე წერა.
ეს არის ჩემი პასუხი კითხვაზე -” რა დეპრესიულ პოსტებს წერ..”
და თუ კი ამას კითხულობთ და ფიქრობთ, სამყარო დაიქცა, ფიქრობთ რომ აღარაფერს აქვს აზრი, იცოდეთ, რომ მე მესმის თქვენი. და ისიც იცოდეთ, რომ წიგნებს სწორედ თქვენნაირ (ჩვენნაირ) ქალებზე წერენ.
არაგანსაკუთრებულებზე, გარიყილებზე,
ზედმეტებზე..
იმათზე, ვინც არ აირჩიეს, ვინც ვერ დაინახეს, ვინც ვერასოდეს იცნეს.
ასეთ ქალებზე წერდა ცვაიგი. ასეთი ქალების თვალებშია სევდა ყველაზე მშვენიერი.
ასეთი იყო ანნა.
და მეც ასეთი ქალებისთვის ვწერ. დაე წაიკითხონ და იფიქრონ, აი სადღაც, ვიღაცას მათი ესმის.

ჰო.
მეც არაგანსაკუთრებული ვარ.
მეც არ ამირჩიეს.
არ შემიყვარეს.
და მე მესმის თქვენი.

რამდენი ცუდი ხდება ცხოვრებაში, არა? რამხელა ტრაგედიებით არის სავსე ეს უშველებელი ლურჯი ბურთი, დედამიწას რომ ეძახიან. რამდენს უძლებენ ადამიანები. და ჩვენ ეს გვხვდა წილად, უპასუხოდ გვიყვარდეს. ეს ან დამთავრდება ან არა. ან დავიწყებას მიეცემა , ან არა.

უნდა შევეგუოთ.

(სამაგიეროდ, ამდენი ტანჯვის საფასურად, სამოთხეში მოვხვდებით. :დ )

სიყვარულით, ანა.

Advertisements