ეკონომიური შოპინგი, ანუ- სად ვიყიდოთ იაფად ?

გაფრთხილება: პოსტი არ არის გათვალისწინებული მათთვის, ვისი წლიური შემოსავალიც აღემატება 60 000 ლარს. ანუ მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის. მათ ისედაც იციან სად, რა  და როგორ იყიდონ.

ეს ხუმრობით. პოსტი კი დაეხმარება მათ, ვისაც არ აქვს საკმარისად მაღალი შემოსავალი უმაღლესი ხარისხის სამოსის შესაძენად, მაგრამ უნდათ რომ არ ჩამორჩნენ ტრენდებს.

👉 მოყვანილი მაგალითები გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე.



1. ბაზრობა არ ნიშნავს იაფს.

შეხედულება იმის შესახებ, რომ ბაზრობაზე ტანსაცმელი იაფია, აბსოლუტურად მცდარია. ბაზრობაზე ნახავთ ყველა ფასიან პროდუქტს. გაბერილ ფასსაც. მთავარია იცოდეთ სად რა ღირს. ჩვეულებრივ , ვაგზალზე, მიწისქვეშა ბაზრობაზე   შეგიძლიათ ნახოთ ტრენდული ტანსაცმელი გაცილებით იაფად ე.წ. პასაჟთან, ანუ დახურულ ბაზრობასთან შედარებით. ვინაიდან , მაღაზიის ქირის თანხა  დიდია ,მაღაზიები პროდუქტს მაღალ ფასად ყიდიან. დახლზე განლაგებული ტანსაცმელი კი იაფია, რადგან მეპატრონეს არ აქვს გადასახდელი დიდი რაოდენობის ქირის თანხა. 

ამიტომ, გამორიცხეთ შოპინგისთვის დახურული ბაზრობა (პასაჟი) , მიწისქვეშა ბაზრობებზე 30% -ით დაბალ ფასად შეიძენთ იგივე პროდუქტს. 

მაგალითისთვის, 40 ლარად აღებულ ჩექმას, მიწისქვეშა ბაზრობაზე ყიდიან 70- ად, პასაჟში 90 -ად და მეტად. ბაზრობის 89 ლარიანი ფეხსაცმელი, პასაჟში 121 ლარი ღირს. 

2. ბრენდულ მაღაზიებში გაცილებით იაფი და ხარისხიანია პროდუქტი.

ეს ასეა. როცა, მაგალითად 200 ლარზე მეტი არ გაგვაჩნია, ვფიქრობთ რომ წავიდეთ ბაზრობაზე, მაგრამ ამ დროს არ ვიცით, რომ შეიძლება გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი შევიძინოთ ბრენდულ კომერციულ მაღაზიაში იგივე ფასად.

რატომ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული ბრენდის სამოსი?

პასუხი მარტივია: ბრენდი, თუნდაც კომერციული, ზრუნავს სახელზე. სახელის გაფუჭებას მათ ყველაფერი ურჩევნიათ. ორ ჩაცმაზე გაფუჭებულ და მუხლებგამობერილ შარვალს არ გაყიდის ბრენდული მაღაზია. ვინაიდან მომხმარებელი მეორედ იქ არ შევა. 

ბაზრობა ამ მხრივ ვერ რეგულირდება. რომელიღაც თურქულ , ჩინურ, ან ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილ ტანსაცმელს არავინ აძლევს გარანტიას. მათ სახელი ვერ გაუფუჭდებათ, ვინაიდან არავინ იცის ვისი დამზადებულია სამოსი.

(ისე კი, ამ სამიდან, აუცილებლად თურქული აირჩიეთ.)

ბრენდული მაღაზია, ყველაზე იაფიანიც კი, უფრო სანდოა ვიდრე ბაზრობა.

მაგალითად: ბაზრობაზე ნაყიდი სპორტული შარვალი 25-30 ლარი ღირს. lc wikiki -ში კი მსგავსი შარვალი 20-25 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ასევე, ე.წ. ბაიკერის ქურთუკები, რომელიც ასეთი ტრენდულია წლების განმავლობაში, არც-ერთ ბაზრობაზე არ არია 100 ლარზე ნაკლებად. 

იგივე ნაირი და უკეთესი მასალის ქურთუკი შეგიძლიათ შეიძინოთ Coton -ში 70 ლარად, ასევე წინა სეზონის მოდელი 40 ლარადაც კი ვნახე რამოდენიმე დღის წინ. 

ასევე lc wikiki -ში უახლესი მოდელები 79 ლარად და 89 ლარად. 

განსხვავება ბაზრობასთან -30 ლარი. და თან-

ბრენდი სანდოა!

3. თუ დიდი ზომის არ ხართ ,შეგიძლიათ ნახევარ ფასად იშოპინგოთ!

ჩემი საყვარელი ადგილი არის მოზარდების განყოფილება. მოზარდებში 30%- ით იაფია ტანსაცმელი. 13 წლის ასაკის ბავშვის ზომა კი ნებისმიერ სტანდარტულ გოგოს მოერგება.

3. Outlet უხარისხოს არ ნიშნავს!

აუთლეტის ხსენებაზე ყველას სიტყვა “ჩამოფასებული” გვახსენდება. მაგრამ ეს მხოლოდ სახელია. აუთლეტი ნიშნავს წინა წლის ან სეზონის მოდელებს. რომელიც დარჩა და მესამედ ფასად იყიდება.

კარგი აუთლეტ განყოფილება აქვს “კოტონს” . ამჟამად ფასდაკლება-70 % -ია  და 120 ლარად ღირებული კლასიკური ჩექმა შეგიძლიათ 35 ლარად შეიძინოთ.

4. არ გაეკაროთ ე.წ.”ბუტიკებს”!

ეს არის ყველაზე მთავარი წესი. არასოდეს, არასოდეს შეხვიდეთ აღმაშენებლის გამზირზე, პეკინზე და სხვა დიდ, ცენტრალურ პროსპექტებზე განლაგებულ პატარა ,კერძო მაღაზიებში.

ისინი მუშაობენ ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომლებიც არ დადიან ბაზრობებზე და შესაბამისად არ იციან რა იყიდება იქ.

მე ჩავატარე პატარა კვლევა. დავიარე პეკინის ბუტიკები და დავრჩი გაოგნებული.  ბათინკი რომელიც ვაგზლის მიწისქვეშა ბაზრობაზე ღირს 55 ლარი, ბუტიკში ღირდა 150 ლარი. 

არა, არ მოგესმათ. სამმაგი ფასი. და ზუსტად იგივე ბათინკი. არა მარტო ერთი, მთელი ციგნების ბაზრობა გადამეშალა თვალწინ. გამყიდველი მატყუებდა , რომ პროდუქტი თურქული იყო და ამიტომ იყო ძვირი. სასაცილო არგუმენტია. რათქმა უნდა იყო თურქული, მაგრამ იგივე თურქული ბათინკი სამჯერ ნაკლები ღირს ბაზრობაზე.

ვინც ბაზრობაზე ნამყოფია მას ვერ მოატყუებენ. ამიტომ- გაიარეთ.

მაგალითად, შარშან დავუშვი ასეთი შეცდომა. აღმაშენებელზე, ბუტიკ “ნატალიში” ვიყიდე ბასანოშკი 60 ლარად. გულმა მიგრძნო და მეორე დღესვე წავედი ბაზრობაზე და ვიპოვე მსგავსი 35 -ად. 

უარყავით ბუტიკები!

5. შოპინგამდე გაიარეთ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე.

სანამ ყიდვას გადაწყვეტთ დაათვალიერეთ ყველაფერი. რომ იცოდეთ  სად რა იყიდება. გაიგეთ ფასები , შეადარეთ ბრენდული მაღაზიისა და ბაზრობის პროდუქტი, იფიქრეთ და შემდეგ იყიდეთ.

6. ტრენდული სამოსის ასარჩევად დაიხმარეთ ინსტაგრამი.

ინსაგრამზე გამოიწერეთ მოდელები და მოდის ბლოგერები. ასევე Fashion გვერდები, რაც ძალიან მრავლადაა. ამოარჩიეთ ბევრ პოსტიანი და არანაკლებ მილიონ ლაიქიანი ექაუნთები და ხშირად ათვალიერეთ პოსტები.

ასე თვალი ადვილად დაიმახსოვრებს მოდურ ტრენდებს და არჩევის დროს ადვილად აარჩევთ სამოსს.

ეს იყო უმარტივესი და ელემენტარული რჩევები ჩემგან ეკონომიური შოპინგისთვის. რომლებიც ნებისმიერ დროს გამოგადგებათ.

კომენტარებში კონკრეტულ კითხვებს ველი!

Advertisements

დაჭრილი ფრთები, ანუ- ამბავი თვითმფრინავის ბიჭებზე

პატარა ვიყავი, ასე 10, 11 წლის, დედა ფილმ “ლაზარეს” მაყურებინებდა ხოლმე. გეგა კობახიძე იმ ფილმში ჩემი ასაკის პატარა ბიჭი იყო. მე მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატარა და ლამაზი ბიჭი შეიძლებოდა ოდესმე აღარ ყოფილიყო..

სიმართლე მალევე გავიგე. დედამ მომიყვა. თან ტიროდა. 

ეს ამბავი ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მძაფრია. სიტყვა “დახვრიტეს” მაშინ ისე დაუჯერებლად , ისე შემზარავად და ისე შოკისმომგვრელად ჟღერდა, დღემდე მომყვება ის საშინელი განცდა.

ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლებოდა ვინმეს გეგა დაეხვრიტა. დამდგარიყო, დაემიზნებინა იარაღი და ესროლა. სად გეგა და სად სიკვდილი, სად სილამაზე და სად სიკვდილი.. როგორ შეიძლებოდა  ლაზარე მოეკლა ვინმეს.

მითუმეტეს რომ გეგას არავინ მოუკლავს და არც იარაღი ჰქონია..

დღესაც ასე ვფიქრობ.

დღესაც მგონია , რომ ადამიანი მას ვერ მოკლავდა. ის საშინელი საბჭოთა სისტემის მიერ გამხეცებულმა ჯალათებმა მოკლეს. ის ადამიანებიც სისტემის მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც თვითმფრინავის ბიჭები.

ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ გამტაცებლებს ერთნაირი განაჩენი გამოუტანეს. იმას, ვინც ეკიპაჟის წევრებს ესროლა და იმას, ვისაც არ უსვრია, ყველას დახვრეტის განაჩენი ხვდა წილად. და თანაც განაჩენში წერია, რომ ისინი არა მკვლელობისთვის, არამედ გატაცებისთვის დასაჯეს.

ალბათ დღეს ყველა ხვდება ამას, რომ მათი დახვრეტა საბჭოთა კავშირს საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად დასჭირდა და არა სამართლიანობის აღდგენისათვის. მათ ეკიპაჟის წევრების დაჭრისა და მკვლელობისთვის არ დაუხვრეტუათ ბიჭები, მათ ისინი გაქცევისთვის დახვრიტეს.

როგორ თუ გაფრენა მოინდომეს, როგორ თუ თავისუფლება მოინდომეს.. აი ახლა გაფრინდითო და.. ყველანი დახვრიტეს. მათ შორის უდანაშაულო მღვდელი, რომელიც არც ყოფილა თვითმფრინავზე და უბრალოდ ბიჭების მეგობარი იყო. 

ისევ ის კითხვა, ვის შეეძლო ესროლა უდანაშაული სასულიერო პირისთვის, თუ არა თვით სატანას? 

არავის. ადამიანს  არ შეეძლო და არც მინდა დავიჯერო რომ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია.

ბიჭებიდან ერთის ტყვიას შეეწირა ეკიპაჟის წევრი. როგორც ყვებიან აჟიტირებული ისროდა, არც იცოდა რას აკეთებდა. უკვე თვითმფირნავში მყოფს უკან დასახევი გზა აღარ ქონდა. ის მოკლული საბჭოეთის მიერ გამწარებული ადამიანის მსხვერპლია. ისევე როგორც ორი გამტაცებელი ბიჭი, რომელიც ერთმა თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, როცა გაიგო რომ თბილისში ბრუნდებოდნენ, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა , გარედან, სპეცდანაყოფის მიერ ნასროლი ტყვიით.

ყველანი დახვრიტეს. ისე რომ საფლავებიც არ იციან დედებმა. არანაირი წესის აგება, არანაირი გარდაცვლილის პატივისცემა. ადამიანს კი არა, ცხოველსაც ვერ მოექცევი ასე, თუ კი ოდნავ მაინც გაქვს სიკეთის ნატამალი გულში.

მაგრამ სად სოციალიზმი და სად სიკეთე. 

სად სისტემა და სად სიკეთე.

მე დღეს 25 წლის ვარ. სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ. უფრო მეტს ვიდრე სიცოცხლეზე. 

სიკვდილზე როცა ვფიქრობ ხოლმე მარიტა მახსენდება და გეგა. ერთი მოთხრობის პერსონაჟია, მეორე ნამდვილი. ორივე პატარები და ლამაზები იყვნენ. ორივე ჩაკეტილმა აზროვნებამ და ბოროტებამ დახოცა. ჯერ დახოცა, მერე დაიტირა.

“წყეულიმც იყავ აბელ არავიძე”..

ამ სიტყვებით დასტირის ფილმ “მონანიებაში” მკვდარ შვილს მამა, რომელიც საბჭოთა სისტემას შეეწირა, და ბაბუის ცოდვების გამო თავს განაჩენი გამოუტანა. 

ფიქრობენ ამას ის ადამიანები ვინც გეგას ესროლეს? ალბათ კი. ეს იქნება მათთვის დაუსრულებელი ფიქრი.

……

ეს ამბავი 1983 წლის  18 ნოემბერ მოხდა.

ახლა 2017 წელია. 

ყველანი გავიზარდეთ. ყველამ გააგრძელა ცხოვრება. დროც შეიცვალა, ხალხიც , იმდენსაც აღარ ფიქრობენ იმ ამბავზე. ალბათ ტკივილიც გაუნელდათ..

სეზონებიც იცვლებიან და ნომბერი კიდევ ბევრჯერ მოვა. ყველა და ყველაფერი შეიცვლება.

თვითმფრინავის ბიჭების გარდა. 

დროსა და სივრცეში გაჭედილი ბიჭების გარდა, ფრთებდაჭრილი ბიჭების გარდა.

“ლაზარე” დიდი ხანია აღარ მინახავს. 25 წლის ვარ უკვე. გეგა ისევ პატარა ბიჭია. დიდი მეოცნებე თვალებით. სევდიანი თვალებით. 

იმ ჩიტივით, ხულიგანი ბიჭები ქვებს რომ ესვრიან და ფრენას შეაწყვეტინებენ. 

და სხვა რა უნდა ვთქვა. 

მაინც გაფრიდნენ ! მაინც. 

სასჯელად ქცეული სილამაზე

ალბათ ბედისწერაა სილამაზე. ნამდვილი, თვითმყოფადი, თავისთავად დაბადებული სილამაზე. არაფერი რომ სჭირდება, არანაირი გადაკეთება, არაფერი ზედმეტი.. უბრალოდ რომ იბადება და არის. ყვავის, ანათებს, აცოცხლებს ირგვლივ ყველაფერს. გაზაფხულს რომ ჰგავს, ახლადაყვავებულ იას, მზის სხივს, ოცნებას, ვარკვლავებით მოჭედილ ცას..რომ შეხედავ და ღმერთის არსებობას დაიჯერებ.

ასეთი იყო ლიკა. რომ გინდა მისი მსგავსი იპოვო და არ შეგიძლია. არ გამოდის.. და ამ დროს , ამ სილამაზესთან სიკვდილი მოდის! სიკვდილი. საშინელი, ცივი სიკვდილი. ზიხარ და ფიქრობ, რანაირად, როგორ, რატომ. სად სიკვდილი, სად სილამაზე. რა უნდა ასეთ სილამაზესთან მარტოობას, ტკივილს, ცრემლს, ტანჯვას და.. სიკვდილს. რა უნდა , რა ადგილი აქვს მასთან ამ ყველაფერს?

ამაზე პასუხი არ გაქვს. არც არავის აქვს. არ არსებობს პასუხი. 

რომი შნაიდერი გამახსენა ლიკას გარდაცვალებამ. ვარკსკვლავი რომი. თან როგორ გავდნენ ერთმანეთს. შველივით თვალებით, ფაიფურის კანით, როცა იღიმოდნენ, თითქოს მზე ამოვიდაო. სათაყვანებელი ქალები, იმისთვის შექმნილები-გიყვარდეს, ბოლომდე გიყვარდეს. და ამ დროს ტკივილი და ტანჯვა მოდის, და აქრობს მათ. ფიზიკურად ანადგურებს.  შენ კი ზიხარ და ვერ ხვდები, რატომ ისინი, რატომ ეს სილამაზის გამოვლინებები, რატომ ეს ოცნებად ქცეული ქალები.. პასუხი კი არ არსებობს.

ალბათ,მართლაც ბედისწერაა სილამაზე. პასუხს გთხოვს რაღაც და ვიღაც, არ გეპატიება, არ შეგრჩება.

სევდად გექცევა, ტკივილად გექცევა.

მარტოობად, სინანულად.

მაგრამ, მაინც დარჩები. ლეგენდად და ამბად დარჩები. ტკივილნარევი ღიმილით გაგიხსენებენ. ბედისწერააო იტყვიან.

“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის.. თუ, დროებით მიეფარება, ვინ იცის..”

ყველაფერი ცხვირის ოპერაციის შესახებ

 

 

ცხვირის ოპერაცია ის საკითხია, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი მესიჯი მომდის სოციალურ ქსელებში. უკვე წინასწარ ვხვდები,როცა ცხვირის შესახებ მწერენ. მეც უკვე დაზეპირებული პასუხებით  შეიარაღებული ვუხსნი მათ  ყველაფერს.
ეს იმდენად ხშირად ხდება და ინტერესი იმდენად დიდია , გადავწვიტე ერთი ვრცელი პოსტი მივუძღვნა ამ თემას.
პოსტში დაწვრილებით წაიკითხავთ ყველაფერს, ყველაზე გავრცელებული ოპერაციის- რინოპლასტიკის შესახებ.
მაშ ასე !

Continue reading

წითელპომადიანი ქალი

14045702_1788333141382718_2246103410467225772_n

სიკვდილივით სევდიანი  და სიცოცხლესავით ლამაზი ქალი იყო ელენე.

ამოივლიდა ხოლმე, თავაწეული, მხრებში გაშლილი , ნელი და მძიმე ნაბიჯით. ძველი ჩითის კაბა ეცვა , ყვავილებით დაწინწკლული. ყველა კაბა ერთმანეთს ჰგავდა- მუხლს ქვემოთ, დაღილული და გახამებული საყელოთი.  სწორი ცხვირი ჰქონდა და აფრენილი წარბები. მუდამ წითელი პომადა ესვა. მოწითალო თმას ყოველთვის გადაწეულს და კოსად შეკრულს ატარებდა. და თვალები.. დიდებული თვალები ჰქონდა- ნუშისებრი, თაფლისფერი, საოცრად ნათელი და სევდაჩამდგარი თვალები.

..

მაშინ, 13 წლის გოგოსთვის, საოცრად მიმზიდველი და იდუმალებით მოცული იყო მარტოხელა, მუდამ მარტოდ მოსიარულე ულამაზესი ქალი. 

მისი ხმა მხოლოდ ერთხელ გავიგე- წყლის რიგში -” ბოლო თქვენ ხართ?” – მორიდებით კითხა დედაჩემს. დაბალი ხმა ქონდა, ქალური. რიგში თავდახრილი იდგა, თითქოს მისჯილი აქვს იქ დგომაო, ერთი სული ჰქონდა აევსო პატარა ყვითელი, საღებავგადაცლილი ბალონი და წასულიყო.

ახლა მიკვრის , რატომ მახსოვს ყველა დეტალი. ქალზე, რომელიც არავის აინტერისებდა. არავის. მხოლოდ ჩემთვის  ,13 წლის გოგოსთვის იყო ამ ქლის მარტოობა მიმზიდველი.
თუმცა, ესაც ბავშვური ცნობისმოყვარეობა იყო და მეტი არაფერი. მაშინ სხვა არაფერი შემეძლო.
უცნაური იყო, აზრად არასოდეს მომსვლია ოჯახში მეკითხა მის შესახებ. მთელი ცხოვრება ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა, პატარა , ერთსართულიან, წითელი აგურის სახლში. ეზოში ვარდებიანი ბაღჩა ჰქონდა. სკოლაში სიარულისას დილაობით ვაკვირდებოდი ხოლმე, ვარდებს კრეჭდა, ან რწყავდა. გამარჯობის თქმა მერიდებოდა. მაშინ  არ ვიცოდი რატომ. ახლა ვიცი.
ჩემს თვალში რაღაც მიუწვდომელი ჰქონდა მას, რაღაც იდუმალი. ის იყო ისეთი, როგორიც მინდოდა გავმხდარიყავი მე, როცა მისი ასაკის ვიქნებოდი.  მეგონა ყველა ასე აღიქვამდა მას-ლამაზად.  ეს მეგონა საოცნებო მდგომარეობა- ლამაზი ქალი.
ამიტომაც მერიდებოდა მისი, სადღაც მაღლა იყო. ზემოთ. სხვა სამყაროში.
მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის, რამაც მთლიანად დაანგრია ყველაფერი. რამაც ამირ-დამირია წარმოდგენები, ღირებულებები, მაშინდელი ოცნებები და საერთოდაც- ყველა ფიქრი და აზრი.
ბიძაჩემის ერთი მეგობარის ცოლმა, სუფრაზე, ვითომ სხვათაშორის ახსენა, ელენეს რა კარგი ვარდები აქვს, ნერგი მინდა ვთხოვოვო. და, აღარ მახსოვს ვინ, მხოლოდ მახსოვს როგორ იკითხა სტუმართაგან ვიღაცამ – ვის, ბოზ ელენეს? – ჰო. – იყო პასუხი.
-ოო, მოიცა რა, მაგისი არაფერი გინდა შენი ჭირიმე.
და ეს ყველაფერი მშვიდად, აუღელვებლად ითქვა! ვითომც არაფერიო.
სახეზე საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი. ვერ გამეგო რა ხდებოდა. “ვარდები  “, “ელენე”, “ბოზი”, “ბოზი ელენე”, “მაგისი არაფერი გინდა”.. ეს სიტყვები ამერია თავში.
უკვე ვიცოდი რომ ბოზი, ეს იყო ძალიან ძალიან ცუდი რამ, და მას ყველაზე ცუდ ქალებზე ამბობდნენ. მათზე ვინც სხეულს ყიდდა. -“ნუთუ ის ამას აკეთებს” -გამიელვა საშინელმა აზრმა თავში.
სუფრიდან ავდექი, ყელში ბურთი მომებჯინა, მთლიანად მიხურდა სხეული. სხვა ვეღარაფერი მოვისმინე .
ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება , ყველაზე მძიმე დარტყმა- მე აღარ მყავდა მისაბაძი ადამიანი, მე აღარ მყავდა საოცნებო , იდეალი ქალი. ის ცუდი ქალი ყოფილა, ის ცუდი ქალი ყოფილა.. მხოლოდ ამას ვფიქრობდი.
თითქოს რაღაც მიეცხო და დააბინძურა, თითქოს დადაბლდა , მიწაზე დაეცა.
დროთა განმავლობაში შევეჩვიე ამას. ტვინში ჩამიჯდა რომ მე ვცდებოდი, რომ ის არ იყო კარგი, ის არ იყო იდეალური. ტკივილით მაგრამ ამას შევეჩვიე.
ამ ამბიდან მალევე დავტოვე ჩემი ბავშვობის სახლი და დიდ ქალაქში გადმოვედით.
ელენე აღარც გამხსენებია. უმნიშვნელო ბავშვობის მოგონებად იქცა.
მშობლებმა ქალაქში სამსახური დაიწყეს და რამოდენიმე წელიწადს აღარც ჩავსულვარ იქ. ზამთრობით ბებო ,პაპა და ბიძა თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან.
მე გავიზარდე, აღარ ვიყავი 13 წლის. იმასაც მივხვდი რომ სილამაზე საოცნებო არ ყოფილა. სწავლით ვიყავი დაკავებული, ათასგვარ საქმიანობას ვედებოდი, აღარც კი მახსენდებოდა მშობლიური ქალაქი.
ერთ ზაფხულს, ტრენინგების შემდეგ გავიგე რომ ბებო ცუდად ყოფილა. მეორე დღესვე წავედი ტაქსით.
ის გრძნობა დამეუფლა , დიდი ხნის მიტოვებულს და უსაშველოდ ახლობელს რომ დაიბრუნებ. თან უცხოა, თან ახლობელი, და ძალიან ძალიან მტკივნეული..
როგორც კი სახლს მივუახლოვდი, იმ ქუჩას, იმ ჩასახვევს, ტვინში ყველაფერი ამომიტრიალდა, თითქოს ბოლო წლები დაპროგრამებულმა , დაჰიპნოზებულმა გავატარე და ახლა გამომაფხიზლესო.
ბებო მწოლიარე დამხვდა.
მისი ხელი მეჭირა და ყველაფერს ვუყვებოდი , ერთი წამითაც არ ვჩერდებოდი. ვიცინოდით, ვიტირეთ კიდეც.. ბოლოს ის ვკითხე რაც უნდა მეკითხა.
– ბებო, ელენე გახსოვს? ლამაზი ქალი რომ იყო.. როგორ არის?- გული ამომიბრუნდა, მეშინოდა არ გამეგო რომ იქ აღარ ცხოვრობდა ან ..
– არის ბებო, როგორც იყო. როგორ იქნება..
გულზე მომეშვა.
საღამოს ჩავუყევი ქუჩას, მის სახლთან გავჩერდი. ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რიდის, მოკრძალების.
დავაკაკუნე.
ფეხის ხმა არ გამიგია ისე გაიღო კარი. თითქოს კარებში იჯდა მიმსვლელის მოლოდინშიო.
შეცვლილი იყო. წლები დატყობოდა. ახლა უკვე შუახნის იქნებოდა. თვალებთან ნაოჭები გასჩენოდა, კანიც აღარ უბრწყინავდა. მხოლოდ თვალები, თვალები დარჩენოდა უცვლელი- სევდაჩამდგარი და მომღიმარი.
ტუჩებზე შევხედე-წითელი პომადაც უცვლელი იყო.
-გამარჯობა, მე.. მერი ბებოს შვილიშვილი ვარ..
-მობრძანდით, შემოდით.. -ოდნავ დაბნეულს ხმაში სიხარულიც ეტყობოდა.
დივანზე დავჯექი, ოთახს მოვავლე თვალი. ყველაფერი ძველი იყო. ძველი და.. მხოლოდ ერთი სიტყვა თუ აღწერდა ოთახს- მარტოსული.
მტვერდადებული წიგნები, ძველებული, ყვავილებით მოქარგული მძიმე, სქელი ფარდები, მრგვალი საღებავგადაცლილი მაგიდა..
ახლა გამიჩნდა ეს კითხვა , მხოლოდ ახლა- რატომ არის ეს ქალი მარტო, და რატომ უწოდეს ის სიტყვა მაშინ.. იმ დროს ჩემთვის განაჩენის მსგავსი სიტყვა. ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ისმის, მაშინ კი სიკვდილს რომ უდრიდა ჩემთვის.. რატომ გაიმეტეს მარტოობისთვის, რატომ არავის უნდოდა ის, რა დააშავა ასეთი?
..
ჩაი დამალევინა. სხვა არაფერი ქონდა.

-ბავშვობაში ძალიან მომწონდით- დავიწყე. – ძალიან ლამაზი იყავით.. მართლა.
-მადლობა ჩემო კარგო, მადლობა..
– გათხოვილი არ ყოფილხართ?- ვკითხე და ვინანე. ისედაც ვიცოდი რომ სულ მარტო იყო.
თავი დახარა, ჩაი მოსვა- ერთხელ მიყვარდა.- მიპასუხა და გამიღიმა.

-ერთხელ მიყვარდა. მაგრამ ..არ შეიძლებოდა. ჰოდა, ბავშვის ამბის მერე წავიდა.
-ბავშვის?- ..
– ჰო, ბავშვი გარდამეცვალა, ორი წლისაც არ იყო.. ამის მერე საბოლოოდ დაბრუნდა იქ, საიდანაც მოვიდა.
ცოლთან. – ხმადაბლა ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა არავის გაეგო. და თან მაგიდას ალაგებდა.
–  ცოლმა რომ გაიგო ერთმანეთი გვიყვარდა მიჩივლა, ქურდობა დამაბრალა, პოლიცია მოვიდა და ის ყელსაბამი ამოიღეს, მისმა ქმარმა რომ მაჩუქა. წამიყვანეს. – ასე მომაძახა- ბოზი და ქურდი ხარო. ყველას ესმოდა..
მოვკვდი, მაგრამ არ წავედი აქედან! შერცხვენილი ვიყავი მაგრამ არ წავედი..
იმის გამო ვერ წავედი. მიყვარდა და ვერ წავედი.
იმის მერე მოვიდა, პატიებას მთხოვდა სასამართლოზე რომ არ აღიარა ჩემი სიყვარული. მეფიცებოდა მიყვარხარო. ვუყვარდი.. უბრალოდ სუსტი იყო.
მერე..ბავშვის ამბავი მოხდა. ფილტვების ანთებით მომიკვდა.
მე მაბრალებდნენ, ვერ მოუარაო. ის ზამთარი შეშის გარეშე გავატარეთ.
-გაჩუმდა. რამოდენიმე წამს ტუჩებზე მიიდო მომუჭული ხელი.

ეს არის და ეს.-  ადგა . კედელზე დაკიდულ ტილოზე ხელები შეიწმინდა და გამიღიმა.
– თქვენ ძალიან ლამაზი ხართ. ახლაც ძალიან ლამაზი ხართ.. მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
-მადლობა ჩემო კარგო, მადლობა. -მომიახლოვდა და ხელი ხელზე დამადო. – გამომიარე ხოლმე როცა აქეთ იქნები, მე სულ აქ ვარ. არსად წავალ..

წამოვედი.
სიკვდილივით სევდიანი იყო იმ საღამოს მისი ეზო, და თვითონ ისევ სიცოცხლესავით ლამაზი.
ვერ ვპატიობდი ჩემ თავს ,მაშინ რომ სხვების სიტყვების გამო გული ავიცრუე ამ ქალზე, ჩემთვის იდეალურ ქალზე.
და თან ბედნიერი ვიყავი, რომ არ ვცდებოდი. ის უფრო დიდებული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
უფრო დიდებული და უფრო ძლიერი!
ძლიერი საიმისოდ რომ გაეძლო ყველა სიტყვისა და ყველა უგულო გამოხედვისთვის, ყველა მარტოობისთვის და არ წასულიყო, არ მიეტოვებინა ის, ვინც უყვარდა.
ძლიერი საიმისოდ რომ ეპატიებინა კაცისთვის სისუსტე , და არ შეეძულებინა ის,
ძლიერი საიმისოდ რომ მის თვალებში არ ჩამქრალიყო ნაპერწკალი, და მის ტუჩებზე არ გამქრალიყო წითელი პომადის კვალი.
მართლაც დიდებული ქალი იყო ელენე. სიკვდილივით დიდებული და სიცოცხლესავით ლამაზი..

შემოდგომა, თბილისი და ახალი ოცნებები <3

20161019_143442

ახალი აღმაშენებლის გამზირი

საერთოდ არ მიყვარს შემოდგომა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონზე მოვევლინე ქვეყანას.
სხვა შემოდგომებთან შედარებით , ეს შემოდგომა რაღაცით საინტერესო გამოდგა.
დავამთავრე მაგისტრატურა და სამსახურს ვეძებ.  -_-
მაქვს ახალი ოცნებები და მიზნები.
უფრო მეტს ვწერ ვიდრე ვწერდი.
ვხატავ.
ვკერავ.
პიანინოზე აღარ ვუკრავ :/ (არ ვიცი რატომ, ალბათ მივხვდი რომ არ გამომდის)
მიყვარს სეირნობა უფრო მეტად, ვიდრე მიყვარდა.
გავხდი მობილიზებული და მოწესრიგებული, რაც აქამდე ძალიან მაკლდა.
გავხდი მშვიდი და წყნარი, გადავეჩვიე ჩხუბს.
მივხვდი, რომ შენთვის უნდა იცხოვრო, არავისზე დამოკიდებული არ იყო და აკეთო ის, რაც გსიამოვნებს!
წელს უფრო გავიზარდე.
და მალე, 11 ნოემბერს, როცა ტრადიციულად დავწერ, რომ ჩემი ბლოგი 4 წლის გახდა, და რომ კიდევ ერთი წელი გავიდა, მეცოდინება, რომ უფრო დიდი ვარ, უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი წლის წინ, ორი, ან კიდევ უფრო მეტი წლის წინ.
ესაა ცხოვრება. დრო გადის და სეზონები იცვლებიან. ჩვენ კი უნდა გავუძლოთ. ყველა ტკივილს, ყველა ბრძოლას, ყველა ცუდად დამთავრებულ ამბავს.
იმიტომ, რომ ესაა ცხოვრება.
მეტი არაფერი.
თქვენ კი, ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ !

ჩემი უცნაური არდადეგები

ES 3
ცნაური გამოვიდა წელს ჩემი არდადეგები.
ნახევარი ზაფხული  ავად ვიყავი, მეორე ნახევარს კი თბილისში ვატარებ. ეს პირველად ხდება. აქამდე თბილისში არასოდეს გამიტარებია ზაფხული.
უცნაურია იმითაც, რომ ამ ყველანაირად არეულმა წელმა ძალიან შემცვალა და ამ ზაფხულმა დააგვირგვინა ეს ცვლილებები. გავიზარდე, გარდატეხა მოხდა.
უცნაურია ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემი კარგი განწყობა.
ასეა. უცნაურია ჩემთვის კარგი განწყობა, რადგან, ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში, თითქმის დამავიწყდა კიდეც, როგორია იყო მხიარული და ბედნიერი.
უცნაურია, რომ მხოლოდ ამ ზაფხულს მივხვდი,  ბედნიერი მაშინ იქნები, თუ შენ გადაწყვეტ ამას.
უცნაურია ჩემი ბედნიერი სიზმრებიც.
ისიც, რომ ახალ-ახალი რაღაცები აღმოვაჩინე საკუთარ თავშიც და გარშემოც.
მაგალითად ის, რომ შეიძლება ცუდად იყო, და ბედნიერად მოაჩვენო თავი შენს ირგვლივ ყველას, იმიტომ, რომ მათ არ იდარდონ. და ეს ისეთი კარგია, შენ თვითონაც კარგად ხდები.
კიდევ აღმოვაჩინე ჩემეული ‘დაფასების თეორია’. ეს მდგომარეობს იმაში, რომ გვიხაროდეს ის, რაც გვაქვს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ვიწექი საწოლში 39.5 გრადუსი სიცხით, პირდაპირი მნიშვნელობით გული ხელით მეჭირა, ვფიქრობდი და არ მჯეროდა, რომ იყო დრო როცა სარკესთან მაკიაჟს ვიკეთებდი და ფოტოებს ვიღებდი, რომ იყო დრო, როცა წიგნს ვკითხულობდი, ვსწავლობდი, ვწერდი..როცა ყველაფერი კარგად იყო. და მე ამას ვერ ვხვდებოდი.
ჰოდა ახლა მივხვდი. ახლა ვიცი და მინდა ყველას ვუთხრა, სათითაოდ ვუთხრა, დააფასეთ ის, რომ ხართ! რომ დადიხართ, რომ იღიმით, რომ ყოველ დილით თვალს ახელთ. იმიტომ, რომ ესაა მთავარი !
ეს მასწავლა ჩემმა უცნაურმა ზაფხულმა . მე შევიცვალე. და ამავე დროს ყველაზე უფრო ჩემი თავი ვარ ახლა .