მატარებელი. წერილი.წვიმა.

 

DSC_1856-1
დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და  გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’

ოგიუსტენ

ogiusten

მა გვერდზე გადაიწიე- მეუბნება და გვერდულად მიყურებს.
ვიწევ და ვუღიმი-ასე?
მოდის და ნელა მისწორებს თმას, ისე რომ არ მიყურებს თვალებში- აი ასე!
მეცინება და მიხარია რომ მყავს.

ოგიუსტენი ფრანგია. ჩალისფერი თმა აქვს და ჭაობისფერი თვალები. ფერმკრთალია , მაღალი და გამხდარი ,  სულაც არაა ისეთი, როგორი ბიჭებიც მომწონს. მაგრამ ..დავინახე თუ არა , რომ იტყვიან, დამატყვევა.
ინგლისური კარგად იცის. ჩემზე კარგად. ბევრად კარგად. მე საერთოდაც , საშუალოზე ცუდად ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ, საკმარისად კარგად იმისათვის, რომ ოგიუსტენმა ჩემი გაიგოს.

ბალახზე ვწევართ.  ასე ვოცნებობთ ხოლმე. გულაღმა მწოლიარეები, ცას მიშტერებულები.
თავის ოცნებებზე არასოდეს მიყვება, მეუბნება გაცვდებაო. ცას რომ უყურებ და ოცნებობ , ცა იმახსოვრებს და სადღაც შენი ოცნება იწერებაო.
მჯერა.

ვარსკვლავები არ არის. რომ იყოს ოგიუსტენი მკითხავდა, ვოცოდი თუ არა , რომ წინათ ვარსკვლავებს ციური ნავიგაციისთვის იყნებედნენ. მე ვეტყოდი, რომ არა. და ის მომიყვებოდა ყველაფერს ვარსკვლავების შესახებ. მე ვერაფერს გავიგებდი, მხოლოდ იმას ვიფიქრებდი ,  ბედნიერებაა რომ მყავს – მეთქი.
წამოვჯექი, მის ხელს ვიღებ და ვაკვირდები. მიღიმის.

-მომიყევი შენს გოგოზე- ვეუბნები და  ხელს თვალს არ ვაცილებ.
ცაში იყურება, თვალები უბრწყინავს . მაინც რა მოგიყვე? ჩვეულებრივი გოგოა. შენნაირი ჭკვიანი არაა..
მივხვდი რომ ჩემი გახარება უნდა და იმიტომ მეუბნება.
-მე რა ჭკვიანი ვარ? – მეცინება.
–  ჰო, არც ისე-ისიც იცინის.
-იმასთან ერთადაც უყურებ ხოლმე ცას? -ყელში ბურთი გამეჩხირა.
– არა. ის სხვანაირია. სასწაულების არ სჯერა. მხოლოდ მიზნები აქვს. მხიარულია , სულ იცინის.. შენნაირი მტირალა კი არაა .

მეცინება და თან ტირილი მინდა. მგონია რომ უიმისოდ ვეღარ ვიოცნებებ..
-როდის მიდიხარ? – ვეკითხები , მიუხედავად იმისა რომ პასუხი ვიცი.
-ზეგ.
არ ვეუბნები არ წახვიდე-მეთქი. ვიცი რომ უნდა წავიდეს და ვეღარასოდეს ვნახავ. ნეტავ მეც “გამცვალონ” ასე, რომელიღაც ფრანგ სტუდენტში..
-ხვალ არ გნახავ. ვეუბნები და თვალები ცრემლით მევსება, მინდა ავდგე და გავიქცე..
წამოჯდა – ადამიანები ყოველთვის მიდიან.

დგება და ზემოდან დამყურებს. მეც ვდგები. არ მინდა ჩავეხუტო, მაგრამ მოდის და მეხვევა. ცოტა ხანს. მე ყურები მიგუბდება და ტირილს ვიწყებ.
წავიდა. მე ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მიაქვს თან ყველაფერი, რაც იმ სამყაროდან მქონდა მოპარული, რომელსაც ის ეკუთვნოდა.

-ოგიუსტენ !- არ ვიცი ვფიქრობ თუ ხმამაღლა ვამბობ. ალბათ ვფიქრობ, რადგან არ იხედება.

11 ნოემბერი

ღეს ჩემი ბლოგი ორი წლის გახდა.

შარშან ვწერდი, რომ ერთი წელი, ცოტა იყო ცხოვრებისთვის, მაგრამ ბევრი იმისათვის, რომ ეს ცხოვრება აერია და ოცნებები თავდაყირა დაეყენებინა.
ახლა მგონია ,რომ ცხოვრების არევისთვის ერთი წუთიც საკმარისია.
image

ახლა იმასაც ვფიქრობ, რომ უფრო რთულადაა ყველაფერი , ვიდრე შარშან მეგონა.
უფრო რთულადაა , უფრო გაუგებრად, უფრო ცუდად.. და საერთოდ ყველაფერი “უფროა”  წელს.
შარშან ვწერდი, რომ ვერაფერი ვისწავლე ამ ერთ წელში-მეთქი.
წელს დავწერ რომ ვისწავლე, მაგრამ რა ვისწავლე ეს აღარ ვიცი. ეს ალბათ გაზრდაა უფრო.
შარშან ისიც კი მეგონა, რომ არასოდეს მომინდებოდა გაზრდა. მაგრამ , ახლა, მგონია რომ დავიღალე ბავშვობით.
ხედავთ? მეც ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას ვიტყოდი ოდესმე, მაგრამ ჰო. ზოგჯერ მეც მინდა დიდი ვიყო, ზრდასრული, (საშინელი სიტყვა არაა?)

შარშან არ ვიცოდი არც ნამდვილი ტირილი და არც ნამდვილი სიხარული. ახლა ვიცი.
ისევ მგონია რომ დრო ყველაფერს ცვლის და ისევ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი.
ისევ მგონია რომ ჩემს სოფელში ყველაფერი მაინც კარგად არის.
ისევ ყველა ლამპიონზე მეტად ის ლამპიონები მიყვარს , და ისევ მგონია რომ სანამ მათ დავითვლი, ბავშვად დავრჩები.
დღიურს ისევ ვწერ, მაგრამ ახლა უფრო ცოტაა დასაწერი.
ზამთარი აღარ მინდა. მცივა და ცუდია სიცივე. თან ამხელა ქალაქში.

შარშან ვწერდი, რომ ერთი წელი ცოტა იყო ცხოვრებისთვის, მაგრამ ბევრი, იმისთვის, რომ ეს ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა.
ახლა მგონია რომ ამისთვის ერთი წუთიც საკმარისია.

ზამთარი. წვიმა. ფანჯრები.

არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ მგონია, რომ ყველა სევდა ზამთარში ახსენდება ადამიანს.

ადრე ვწერდი რომ ზამთარი მიყვარდა. ახლაც მგონია რომ მიყვარდა, მიყვარდა ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ყველაფერი კარგად იყო.
წარმოიდგინეთ, რომ გიყვარდათ ადამიანი, ძალიან გიყვარდათ. მაგრამ იმდენი ცუდი მოგონება დაგიგროვათ, იმდენად გატკინათ, რომ ახლა აღარც გიყვართ და ვეღარც ივიწყებთ. სადღაც შუაში ხართ გაჩხერილი და ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან.
image
ასეა ჩემთვის ზამთარიც. ადრე ზამთარი ჩემი იყო და მეც ზამთრის ვიყავი. მაგრამ, ახლა,  როცა ვიცი რომ ერთ თვეში მოვა, მოვა მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი იდუმალებით, სითეთრით, სიცივითა და მარტოობით, მეშინია მისი.
წარმოგიდგენიათ? მეშინია იმის , რაც ადრე ძალიან მიყვარდა.
ასეც ხდება ალბათ. აი წვიმა. ადრე წვიმაც მიყვარდა. დავდიოდი, თვალებს ვხუჭავდი და სახეს ცას ვუშვერდი. მიხაროდა წვიმა. გაქცეულ გამვლელებს ამაყად გადავხედავდი ხოლმე- ნახეთ! მე წვიმის არ მეშინია! ბედნიერი ვარ რომ ვსველდები, რომ მცივა, და არც-ერი წამით არ ავუჩქარებ ფეხს!
იცით , როგორ მიყვარდა წვიმა ?
და ახლა, ამ წუთას, იცით როგორ მეშინია მისი ?
იცით როგორ მინდა გამოტოვოს ღმერთმა ზამთარი..მარტო წელს..
ზოგჯერ ისე გვინდა ადამიანებს მზე, ისე გვინდა სითბო ,ისე გვინდა რაღაც ათბობდეს, ზამთრის გამოტოვებაც კი შეიძლება ვინატროთ..
რას არ იტყვის არა ადამიანი? რას არ ინატრებს და რას არ მიედმოედება..
ფანჯრები დახურულია. მოპირდაპირე სახლს ვუყურებ. ფანჯარაში სინათლე მკრთალად ანათებს. ვფიქრობ, რომ შეიძლება იმ ფანჯრიდანაც უყურებს ვიღაც ჩემს ფანჯრებს, და ამის შესახებ არც მე ვიცი, და არც მან.
იქნებ მასაც ეშინია ზამთრის.
რას არ იფიქრებს ადამიანი..

12 წლის ბიჭი

12 წლის ბიჭი ხომ გინახავთ? ნამდვილი 12 წლის ბიჭი. მზისგან გაშავებული წვრილი მკლავებითა და გადატყავებული მუხლებით. ის არასოდეს იღლება , არასოდეს არაფერი ეზარება. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ამქვეყნად ვერაფერი შეაშინებს. არასოდეს აინტერისებს იმ ტანსაცმლის ფასი, რომელიც აცვია; არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შარვალი და მაისური ექნება . აქვს ერთი ბურთი და კედები, რომელსაც წლის დასაწყისში ყიდულობენ.

image

ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე დგება და მარტო მიდის ტბაზე, მისი სახლიდან სამი კილომეტრის დაშორებით. გზაში ტყის გავლაც უწევს, მაგრამ, რა თქმა უნდა  არ ეშინია. მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ არ დაიჯერებთ, მაგრამ მას მართლაც არაფრის ეშინია.

ჯდება ტბის პირას და გაჰყურებს მეორე ნაპირს . იქით ნაპირას, შუაში, ჭაობებია. დასავლეთით უნდა იცურო, ნაპირს რომ მიადგე. მერე ტყე იწყება, მაღალი ნაძვებით სავსე ტყე.
ბიჭი ჯდება ნაპირზე და წარმოიდგენს – აი შევიდა წყალში , მიცურავს , უსვამს ხელებს და წყალს მიაპობს, იღლება, მაგრამ არ ეპუება, მიცურავს, დროდადრო ზურგზე წვება და ისვენებს, მერე ისევ მიცურავს.. სამი საათი, ოთხიც.. აი გამოჩნდა მეორე ნაპირი, ტყე..
ბიჭი მიუყვება ტყეს. დაბურულია, მზის სხივიც ვერ ატანს,  მგლების ყმუილი ესმის..მიდის ბიჭი და თავგადასავალს ეძებს, ისეთს, ჯერ რომ არავის გადახდენია თავს!
იქნებ ურჩხულებთან ბრძოლამაც მოუწიოს? ან იდუმალ ქოხს გადააწყდეს სადმე, ან სულაც..ჰო , ამასაც კი ფიქრობს, იქნებ სასახლე აღმოაჩინოს? კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით. სასახლე , მარმარილოს კიბეები რომ ამშვენებს..

გაკვეთილები ეწყება. უკანა გზაზე უკვე მზე აჭერს. მაისურს იხდის და ზემოთ , ცაში იყურება. მერე ქვას იღებს და წყალში მოსხლეტით ისვრის. კარგად გამოუვიდა. ეღიმება.
მიაბიჯებს. თავდაჯერებულად, აუჩქარებლად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ისე, ნამდვილი ბიჭი რომ უნდა დადიოდეს.
გზაში , როგორც ყოველთვის,  ღობიდან მეზობლის ბაღში ძვრება და აწითლებულ ვაშლს გეახლებათ. ესაა მისი საუზმე.

ბიჭი ყოველ დილას მიდის სახლიდან , ჯდება ტბის პირას და ნამდვილი ოცნებით ოცნებობს, დიდი ოცნებით.. და თქვენ გგონიათ ვინმეს გაუმხელს ? გგონიათ თავის სამყაროში ვინმეს შეუშვებს? – არა. არასოდეს !

ერთი ბურთი აქვს , ყოველ დღე ერთი და იგივე მაისური და შორტი აცვია, მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მას ვერასოდეს, ვერაფერი შეაშინებს!

შეხვედრა ავტობუსში

image

ოგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. ყვითლად შეღებილი თმა, ვარდისფერი პომადა. 80 წელს გადაცილებული იქნებოდა. 13 წლის წინანდელი კადრები დამიდგა თვალწინ, როგორ იჯდა როიალთან და მუდამ ერთნაირი, მომღიმარი გამომეტყველებით უკრავდა რახმანინოვსა და ჩაიკოვსკის.
ავტობუსში ამოვიდა, ადგილი დავუთმე. უცნაურია, თითქოს მოველოდი მის ნახვასო. მის სკამთან დავდექი.
თვითონ დამასწრო და გამომელაპარაკა, რუსული აქცენტით მითხრა -მადლობაო, როგორ შეგაწუხეო..
-მე თქვენ გიცნობთ – ვუთხარი და გავუღიმე.
ღიმილით შემომხედა-იცი, მე ინგლისურს ვსწავლობ!
-ძალიან კარგია ! -გავუცინე.
-რას საქმიანობ?- მკითხა ინგლისურად.
მეც ინგლისურად ვუპასუხე რომ ტელეჟურნალატიკას ვსწავლობდი თეატრალურში.
-ოიჰ ,თეატრალური, რა კარგია!
-იცით მე საიდან გიცნობთ? როცა მეხუთე კლასში ვიყავი, 2002 წელს, თქვენ ჩვენი კონცერტმაისტერი იყავით საბალეტო სკოლაში.
-ოო, მართლა? მე ახლაც ვუკრავ , სულ ვუკრავ, აბა!? -მერე ჩაფიქრდა და თითქოს თავისთვის  გაბრაზებულმა განაგრძო- ეხლა ახალი დირექტორია, განა მოცეკვავეა, არა, სხვა. საერთოდ სხვა..მერე უცებ შემომხედა და მკითხა- Are you married ?
-არა, გათხოვილი არ ვარ-გამეცინა.
-ოიჰ, უნდა გათხოვდე!
-თქვენ? შვილები გყავთ? – ვკითხე და მაშინვე ვინანე. მე ხომ ვიცოდი რომ მარტოხელა იყო. ეს არავის უთქვამს, უბრალოდ ვიცოდი. სხვანაირად ვერ იქნებოდა.

Continue reading

“თუ კი ერთხელ გაიზრდები, ვერასოდეს დაბრუნდები უკან !”

tumblr_n5k21cNqHm1sbnhoho1_500
“თუ კი შენ ერთხელ გაიზრდები, ვეღარასოდეს დაბრუნდები უკან! ” 
პიტერ პენმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა, ამიტომაც დარჩა სამუდამოდ ბავშვობაში.
და ეს ბავშვობა რა ცოტაა, რა შეუმჩევლად გადის აქ, ჩვენთან.
რა მალე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ გავიზარდეთ, რომ დიდები ვართ, დიდების სამყაროში აღმოვჩნდით, იქ სადაც ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, იქ სადაც იბრძვიან, იქ სადაც იტყუებიან, სადაც ოცნებებს ივიწყებენ, სადაც წვიმაში აღარ დარბიან, სადაც ხეზე ასვლა , ფეხბურთის თამაში, სახლში ფანჯრიდან გადასვლა , მეზობლის ტყემლის მოპარვა,
მწვერვალებიდან ციგით დაშვება, ბებიის გაბრაზება და სხვა ყველაფერი კარგი, სირცხვილად ითვლება.
სადაც არ შეიძლება დაგეზაროს, არ შეიძლება გადაიფიქრო, არ შეიძლება თქვა , რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ! სადაც დიდი ხანია დაავიწყდათ როგორია, იყო უდარდელი.
დიდების სამყაროში ხომ სისულელეა, სასწაულების გჯეროდეს.
თუმცა, მათ დიდი ხანია აღარ უნახავთ სასწაულები, თავგადასავლებიც აღარ ახსოვთ.. არ ახსოვთ ის მოგზაურობები, მეკობრეებით სავსე დიდი გემები, არ ახსოვთ სასახლეები, მარმარილოს კიბეებით, კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით, წითელი სამხრეები რომ ამშვენებდათ.. არც ხმლების შეჯახების და მარაოების დავარდნის ხმა ესმით..
ვერც გაიგებენ, ეს ხომ ბავშვობაში ხდება.. რომელიც როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სავსეა დიდი თავგადასავლის მოლოდინით.
..და ნეტავ რა იქნებოდა ყველანი ბავშვებად რომ დავრჩენილიყავით..
რა იქნებოდა, აღარ მეძახდნენ სახლიდან, როცა გარაჟის სახურავზე, თხილის მოსაპარად დავრბივარ..
რა იქნებოდა ,ჩემს გარშემო არავის სჭირდებოდეს ხვეწნა იმის გამო, რომ დამალობაანა ითამაშოს..
რა იქნებოდა, ისევ გვჯეროდეს. რომ ქუჩის ბოლოს მიტოვებული სახლი, მოჩვენებებით და მთელი საიდუმლოებებით არის სავსე.
ვინ იცის, როგორ ელოდებიან დიდებს ტომ სოიერი და ჰეკი ფინი. მათ კი ათასში ერთხელაც კი არ ახსენდებათ..
ალბათ ეს ცხოვრების ბრალია.
და ნეტავ რა უნდა ვქნათ ჩვენ..
“თუ კი გაზრდა ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ავალ ხეზე, მაშინ მე არასოდეს, არასოდეს გავიზრდები!” -პიტერ პენი