დიდი გოგოები ტყემალს არ იპარავენ


მ ტყემლის ხის ქვეშ ვზივარ, 15 წლის წინ რომ ვიპარავდი ხოლმე. ახლა მოპარვა აღარ მჭირდება. აღარც შეიძლება. დიდი გოგოები მეზობლის ტყემალს არ იპარავენ.
აღარც დამალობანას თამაშობენ და აღარც გარაჟების სახურავებზე დარბიან თხილის დასაკრეფად.

ხანდახან, ძალიან მინდა ხოლმე ვიყვირო, რომ მე დიდი გოგო არ ვარ! რომ არ მინდა დიდი გოგოსავით მოვიქცე, და საერთოდაც, არ მინდა ზრდასრული ვიყო!
ცუდია დიდობა.. დიდებს აღარაფერი ეპატიებათ. დიდები იმაზე ფიქრობენ სხვები რას იტყვიან და ამის გამო ვერასოდეს აკეთებენ იმას, რაც უნდათ.
მეცოდებიან დიდები. ზრდასრულები.

რა საშინელი სიტყვაა “ზრდასრული.”. ეს ნიშნავს , რომ რაღაც დამთავრდა. რაღაც დასრულდა. დასრულებული კი ყველაფერი ცუდია.
პირველად რომ თოვლში თამაშზე ვთქვი უარი- ცივა მეთქი, მაშინ ვიფიქრე , რომ რაღაც დამთავრდა .
ბოლოს კი, ეს მაშინ გავიფიქრე, ტყემლის მოპარვის რომ შემრცხვა.
იმ ადგილას ყოფნა, სადაც ბავშვი იყავი, ყოველთვის სევდიანია.
ახლა ვზივარ იქ, სადაც 15 წლის უკან ვიჯექი. 10 წლის , იდაყვებგადაყვლეფილი და ფეხებდაკაწრული. დაფლეთილი კედები და ჩემი ძმის მაიკა მეცვა. ფანჯრიდან დედა მეძახდა ქვაზე ნუ ზიხარ, გაცივდებიო. მაგრამ არ მადარდებდა. თმა ცხენის კუდად მქონდა შეკრული, კედელზე ცარცით რაღაცას ვწერდი და მჯეროდა, ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად მჯეროდა, რომ არასოდეს გავიზრდებოდი.
ახლაც იმავე ქვის კედელზე ვზივარ, 25 წლის ვარ. იმ ათი წლის ანას სულ ცოტათიც კი არ ვგავარ. ისე მაცვია, როგორც გოგოს შეეფერება. კედები 8 წელია აღარ ჩამიცვამს. გარშემო ყველაფერი იგივეა. თითქოს სპეციალურად არ იცვლება. მხოლოდ მე ვარ სხვა. მე ვარ სხვანაირი. მე ვარ გაზრდილი.
ვუღალატე ჩემს თავს და მაინც გავიზარდე. ამას არაფერი ეშველება.
..
სახლიდან მეძახიან , ქვაზე ნუ ზიხარ, გაცივდებიო.
არ მადარდებს.
მხოლოდ ეს დარჩა ისე, როგორც იყო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s