დაჭრილი ფრთები, ანუ- ამბავი თვითმფრინავის ბიჭებზე


პატარა ვიყავი, ასე 10, 11 წლის, დედა ფილმ “ლაზარეს” მაყურებინებდა ხოლმე. გეგა კობახიძე იმ ფილმში ჩემი ასაკის პატარა ბიჭი იყო. მე მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატარა და ლამაზი ბიჭი შეიძლებოდა ოდესმე აღარ ყოფილიყო..

სიმართლე მალევე გავიგე. დედამ მომიყვა. თან ტიროდა. 

ეს ამბავი ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მძაფრია. სიტყვა “დახვრიტეს” მაშინ ისე დაუჯერებლად , ისე შემზარავად და ისე შოკისმომგვრელად ჟღერდა, დღემდე მომყვება ის საშინელი განცდა.

ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლებოდა ვინმეს გეგა დაეხვრიტა. დამდგარიყო, დაემიზნებინა იარაღი და ესროლა. სად გეგა და სად სიკვდილი, სად სილამაზე და სად სიკვდილი.. როგორ შეიძლებოდა  ლაზარე მოეკლა ვინმეს.

მითუმეტეს რომ გეგას არავინ მოუკლავს და არც იარაღი ჰქონია..

დღესაც ასე ვფიქრობ.

დღესაც მგონია , რომ ადამიანი მას ვერ მოკლავდა. ის საშინელი საბჭოთა სისტემის მიერ გამხეცებულმა ჯალათებმა მოკლეს. ის ადამიანებიც სისტემის მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც თვითმფრინავის ბიჭები.

ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ გამტაცებლებს ერთნაირი განაჩენი გამოუტანეს. იმას, ვინც ეკიპაჟის წევრებს ესროლა და იმას, ვისაც არ უსვრია, ყველას დახვრეტის განაჩენი ხვდა წილად. და თანაც განაჩენში წერია, რომ ისინი არა მკვლელობისთვის, არამედ გატაცებისთვის დასაჯეს.

ალბათ დღეს ყველა ხვდება ამას, რომ მათი დახვრეტა საბჭოთა კავშირს საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად დასჭირდა და არა სამართლიანობის აღდგენისათვის. მათ ეკიპაჟის წევრების დაჭრისა და მკვლელობისთვის არ დაუხვრეტუათ ბიჭები, მათ ისინი გაქცევისთვის დახვრიტეს.

როგორ თუ გაფრენა მოინდომეს, როგორ თუ თავისუფლება მოინდომეს.. აი ახლა გაფრინდითო და.. ყველანი დახვრიტეს. მათ შორის უდანაშაულო მღვდელი, რომელიც არც ყოფილა თვითმფრინავზე და უბრალოდ ბიჭების მეგობარი იყო. 

ისევ ის კითხვა, ვის შეეძლო ესროლა უდანაშაული სასულიერო პირისთვის, თუ არა თვით სატანას? 

არავის. ადამიანს  არ შეეძლო და არც მინდა დავიჯერო რომ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია.

ბიჭებიდან ერთის ტყვიას შეეწირა ეკიპაჟის წევრი. როგორც ყვებიან აჟიტირებული ისროდა, არც იცოდა რას აკეთებდა. უკვე თვითმფირნავში მყოფს უკან დასახევი გზა აღარ ქონდა. ის მოკლული საბჭოეთის მიერ გამწარებული ადამიანის მსხვერპლია. ისევე როგორც ორი გამტაცებელი ბიჭი, რომელიც ერთმა თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, როცა გაიგო რომ თბილისში ბრუნდებოდნენ, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა , გარედან, სპეცდანაყოფის მიერ ნასროლი ტყვიით.

ყველანი დახვრიტეს. ისე რომ საფლავებიც არ იციან დედებმა. არანაირი წესის აგება, არანაირი გარდაცვლილის პატივისცემა. ადამიანს კი არა, ცხოველსაც ვერ მოექცევი ასე, თუ კი ოდნავ მაინც გაქვს სიკეთის ნატამალი გულში.

მაგრამ სად სოციალიზმი და სად სიკეთე. 

სად სისტემა და სად სიკეთე.

მე დღეს 25 წლის ვარ. სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ. უფრო მეტს ვიდრე სიცოცხლეზე. 

სიკვდილზე როცა ვფიქრობ ხოლმე მარიტა მახსენდება და გეგა. ერთი მოთხრობის პერსონაჟია, მეორე ნამდვილი. ორივე პატარები და ლამაზები იყვნენ. ორივე ჩაკეტილმა აზროვნებამ და ბოროტებამ დახოცა. ჯერ დახოცა, მერე დაიტირა.

“წყეულიმც იყავ აბელ არავიძე”..

ამ სიტყვებით დასტირის ფილმ “მონანიებაში” მკვდარ შვილს მამა, რომელიც საბჭოთა სისტემას შეეწირა, და ბაბუის ცოდვების გამო თავს განაჩენი გამოუტანა. 

ფიქრობენ ამას ის ადამიანები ვინც გეგას ესროლეს? ალბათ კი. ეს იქნება მათთვის დაუსრულებელი ფიქრი.

……

ეს ამბავი 1983 წლის  18 ნოემბერ მოხდა.

ახლა 2017 წელია. 

ყველანი გავიზარდეთ. ყველამ გააგრძელა ცხოვრება. დროც შეიცვალა, ხალხიც , იმდენსაც აღარ ფიქრობენ იმ ამბავზე. ალბათ ტკივილიც გაუნელდათ..

სეზონებიც იცვლებიან და ნომბერი კიდევ ბევრჯერ მოვა. ყველა და ყველაფერი შეიცვლება.

თვითმფრინავის ბიჭების გარდა. 

დროსა და სივრცეში გაჭედილი ბიჭების გარდა, ფრთებდაჭრილი ბიჭების გარდა.

“ლაზარე” დიდი ხანია აღარ მინახავს. 25 წლის ვარ უკვე. გეგა ისევ პატარა ბიჭია. დიდი მეოცნებე თვალებით. სევდიანი თვალებით. 

იმ ჩიტივით, ხულიგანი ბიჭები ქვებს რომ ესვრიან და ფრენას შეაწყვეტინებენ. 

და სხვა რა უნდა ვთქვა. 

მაინც გაფრიდნენ ! მაინც. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s