ჩემს სოფელში ერთი ქალი ცხოვრობს


image

ჩემს სოფელში ერთი ქალი ცხოვრობს. გიჟ თამრიკოს ეძახიან.
ყველა ასე იცნობს.

ამოუყვება დილაადრიან ცენტრალურ ქუჩას. ამოუყვება და დადის ასე უსასრულოდ. ზევით და ქვევით, ზევით და ქვევით..დაღამებამდე.

ერთ გამვლელს არ დატოვებს უყურადღებოდ, ყველას ეხმიანება. გაშლის ხელებს და ლაპარაკობს. ლაპარაკობს სულ, დაუსრულებლად.
ხან ყვირის, ხან ჩხუბობს, ხან გლანძღავს, ხან კომპლიმენტებით გამკობს.
ბავშვობაში მეშინოდა კიდეც მისი. ახლა აღარ. რამდენჯერაც შემხვდება ღიმილი გადაეკვრება ხოლმე სახეზე. რა კეთილი ყოფილა მეთქი- გავიფიქრე.

აივლიან და ჩამოივლიან ასაკიანი ქალები და კაცები. ყველას გამოეხმაურება  თამრიკო. ისინიც გაასავსავებენ ხელებს და ერთსა და იმავეს იმეორებენ- ნწ ნწ, რა გოგო იყოო, ეს რა დაემართაო, ეს როგორ მოუვიდაო, რა ლამაზი იყო, რა ჭკვიანიო. თურმე ნუ იტყვით და ოქროს მედალზე დაუმთავრებია სკოლა! მერე ასეთივე წარმატებით უმაღლესი. იმდენ ბიჭს მოსწონდა თურმე.. ერთ-ერთი გამორჩეული გოგო ყოფილა.
იმასაც ამობენ, დედის სიკვდილის მერე მარტო დარჩა და იმის მერე დაემართა ასეო; ზოგი ამბობს- სამსახურს არ აძლევდნენ არსად, გამოაგდეს კიდეც, მაშინ პატრონი უნდა გყოლოდაო. ისიც გავიგე, დასცინოდნენ და ჭორებს უგორებდნენო.
ზოგი რას ამბობს ზოგი რას, ყველა რაღაცას ამბობს.

თამრიკო კი დადის აქეთ-იქით, აღმა და დაღმა, ზევით და ქვევით.
დადის თავის სიგიჟეებითა და ათასგვარი უსაშველობებით, დადის , დაატარებს მთელი ქვეყნის დარდებსა და უსამართლობას, ყველა მარტოობას რაც კი არსებობს ამქვეყნად, თან დააქვს გათენებული და არგათენებული ღამეები, თავის ტრაგედიებითა და ყველა სიკვდილით, რაც კი გამოუვლია,  დადის და თავის თავს ეძებს.

ვერ მივა თამრიკო იმ ქალებთან, მის დანახვაზე მუხლებზე რომ ხელებს ირტყამენ, რა გოგო გაგიჟდაო.  ვერ მივა , ვერ შეაჯანჯღარებს და ვერ ეტყვის- მაშინ სად იყავი, მარტოობისგან და უსამართლობისგან საკუთარ თავს რომ ვკარგავდიო.
ვერ ეტყვის თამრიკო.
ვერ ეტყვის, რატომ ვერ გადამარჩინეთ, რატომ ვერ მიშველეთო, საკუთარი თავი ხელიდან რომ მეცლებოდა, მაშინ სად იყავითო! მარტო რომ დავრჩი, ბრძოლა რომ აღარ შემეძლო, მაშინ სად იყავითო..
ვერ ამბობს ამას თამრიკო.
ამას მე ვამბობ. მაგრამ მხოლოდ ვამბობ და მეტი არაფერი.
***
გაგიჟება ადვილია.
გადარჩენაა ძნელი.

გიჟ თამრიკოს ყველა იცნობს. დიდიც და პატარაც. კაციც და ქალიც.
დადის თამრიკო ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთი და იგივე ტანსაცმლით.
უყურებენ სინანულით ქალები, ზოგჯერ გამოელაპარეკებიან კიდეც.
ის კი დაყვება ქუჩებს, იქნებ სადმე საკუთარი თავი იპოვოს, წლების წინ წართმეული და უგზო უკვლოდ დაკარგული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s