ჩვეულებრივი გოგოების კლუბი


12923315_1739223966293636_2580315811502389149_n
ე ჩვეულებრივი გოგო ვარ.

ჩვეულებრივი გოგოების კლუბი რომ არსებობდეს, სწორედ ასე მივესალმებოდით ერთმანეთს- გამარჯობა, მე ანა ვარ, და მე ჩვეულებრივი  ვარ.
-გამარჯობა , ანა ! – მომესალმებოდნენ სხვა ჩვეულებრივები.
შუაში იჯდებოდა შუახნის ქალი. სანდომიანი, დამუშავებულ-დაყენებული ღიმილითა და ცარიელი სახით. რომელიც, მე აუცილებლად საზიზღრად მომეჩვენებოდა და მენდომებოდა ამ ქალისთვის პირში მიმეხალა, როგორი აფერისტია და როგორ არადამაჯერებლად გამოსდის ეს მოგონილი სიმშვიდე, ბოლოს მეგინებინა და წამოვსულიყავი. ეს მენდომებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი, მე ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ.

მერე დავიწყებდი :

-ყოველთვის მინდოდა, ჩვეულებრივი გოგო ვყოფილიყავი. მინდოდა მენერვიულა იმაზე, რაზეც გოგოების უმეტესობა ნერვიულობს, მინდოდა მეფიქრა იმაზე, რაზეც ისინი ფიქრობენ და საერთოდაც, ისე მეცხოვრა, როგორც ისინი ცხოვრობენ.
ერთხელ ჯგუფელმა მითხრა “სტრანნი” ხარო. მეწყინა. მერე მეორემ უჟმური დამიძახა. ესაც მეწყინა.  და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უბრალოდ, უმეტესად, მარტო დავდიოდი.

მე მართლა ჩვეულებრივი გოგო ვარ.
ჩვეულებრივი გოგოების კატეგორიაც იყოფა ქვეკატეგორიებად. ერთ-ერთი ასეთია  – მოსაწყენი გოგოები. აი მანდ ვარ მეც.
(ღმერთო.. ჯერ ჩვეულებრივი, და ახლა კიდევ მოსაწყენიც. ეს რა უბედურებაა.)

მე ვნერვიულობ ჩემს თმაზე და საერთოდ, ძალიან ვზრუნავ ჩემს გარეგნობაზე. ამით სხვა გოგოებს ვგავარ.
ვტირივარ. არც-ისე  ცოტას- ამითაც ვგავარ.
მიყვარს ფილმები სიყვარულზე.
წიგნებიც.
ძალიან ეჭვიანი ვარ.
მოიცა კიდევ რას აკეთებენ გოგოები.. ვეღარ ვიხსენებ მეტს ვერაფერს. რაც არის, მოკლედ ვგავარ მათ.
მაგრამ, უცნაური ისაა, რომ სხვა გოგოებს ვერასოდეს ვუგებ. არადა ხომ ნახეთ, ჩამოვთვალე, რამდენი რამით ვგავარ მათ. მაგრამ მაინც არასოდეს მესმის მათი, მაინც ნერვები მეშლება მათზე, მაინც სულელები მგონია ისინი.( ძალიან ჭკვიანი გოგოების გარდა)
არ მინდა რომ ასე იყოს. მაგრამ ასეა. თითქმის არ მყავს დაქალები. იმ 2 ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც მე მეგობრებს ვეძახი და უბრალოდ მიყვარს.  არც სიტყვა “დაქალი ” მომწონს   და არც  “გოგოშკური” რაღაცები. არ მიყვარს გოგოების გარემოცვა. გოგოების საუბრები, (ვერასოდეს ვერთვები) მოკლედ, არ ვიცი ეს რატომ ხდება.

მე ხომ ძალიან მინდა ჩვეულებრივობა.

უფრო ადვილია იფიქრო თმაზე, მაკიაჟსა და ტანსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ნეტავ არ გათენდეს.
უფრო ადვილია ილაპარაკო პომადის ფერზე, ვიდრე იმაზე , რომ გაზაფხულია და შენ მაინც გცივა.
უფრო ადვილია თქვა, რომ დიეტაზე ხარ, ვიდრე ყველამ იცოდეს რომ ჭამა, უბრალოდ არ შეგიძლია.
უფრო ადვილია უყურო ფილმებს სიყვარულზე, ვიდრე დაიჯერო, რომ ის არ არსებობს.
უფრო ადვილია, იყო ჩვეულებრივი გოგო, ვიდრე საერთოდ არ იყო.
სხვა გზა , უბრალოდ არ არის.

მე ჩვეულებრივი გოგო ვარ.
და მე მეზიზღება ჩემი მაკიაჟი, თმა , სუნამოს სუნი და ტანსაცმელი.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მეზიზღება ყველა ფილმი და წიგნი სიყვარულზე.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და არ მყავს დაქალები.
მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და მომბეზრდა ეს.
დავიღალე.
მაგრამ მაინც ისე ვიქცევი, როგორიც ისინი იქცევიან. აბა ხომ არ გავგიჟდები.

ვიცი, რომ ამას ბევრი გაიგებს, მეც ასე ვარო იტყვის. კი, ასე არიან გოგოები. ჩვეულებრივები უფრო.

ისე კი,
მართლა ჯობია იფიქრო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ვიდრე იმაზე, რომ ლამისაა მეოთხედი ცხოვრება გადის , შენ კი მეათასე ღამეს ათენებ და მაინც არ იცი ვინ ხარ..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s