ცისფერკაბიანი ქალი


image

აშინაც გაზაფხული იყო. გვიანი გაზაფხული და უკვე იგრძნობოდა ჰაერში მოახლოებული ზაფხულის  მძიმე და ცხელი სუნი.

ეკლესია ხალხით იყო გაჭედილი. წირვა უკვე მთავრდებოდა.
ხალხმრავლობისა და სიცხის გამო ჰაერი არ მყოფნიდა და კარებთან გამოვედი.

სწორედ მაშინ დავინახე ის.

შემოსასვლელთან იდგა. ოდნავ შეშფოთებული და დაღლილი სახით. აშკარად უნდოდა ადრე მოსულიყო და წუხდა, რომ დაიგვიანა.
კარებთან გაჩერდა. ერთი ბავშვი ხელში ეჭირა, მეორე ხელჩაკიდებული ჰყავდა.
მაღალი იყო. ზედმეტად გამხდარი და ფერმკრთალი. ჰაეროვანი, თითქოს გამჭვირვალე. ცისფერი, ძალიან წვრილი კაპილარები ეტყობოდა თეთრ ხელებზე და საფეთქლებთან.
სწორი, თხელი ცხვირი და მაღალი ღაწვები ჰქონდა. არანაირი მაკაჟის კვალი არ ეტყობოდა.
დავარდნილი, ქერა თმა მხრებს უფარავდა.
ასე, 30 წლამდე იქნებოდა.
ვერ იტყოდით მასზე ძალიან ლამაზს, ვერც ეშხიანს, ვერც მიმზიდველს, მაგრამ ის მაინც დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ მაშინაც მეგონა და ახლაც მგონია, რომ, ამ ქალს მარტო მე ვხედავდი.
ჰო, ასე იყო.
ამდენი ხალხიდან არავინ უყურებდა მას, მე კი მივშტერებოდი ხან მას, ხან მის საოცარ ბავშვებს.
არა, უნდა გენახათ ეს ბავშვები! ზღაპრის წიგნიდან გადმოსულებს ჰგავდნენ : გრძელი ქერა კულულებით, ლურჯი თვალებით, ლამაზი, საზეიმო კაბებით..
თვითონ მისი კაბა? ყველაზე უცნაური სწორედ ეს კაბა იყო, რამაც ყველაზე მეტად დამამხსოვრა მისი თავი..
ეს იყო რაღაც მერი პოპინსისეული, თუ ოდრი ჰეპბერნისეული :
ნაზი, სადა, დახვეწილი, ოდნავ ფერდაკარგული, მაგრამ მაინც ლამაზი , ღია ცისფერი კაბა, მაქმანებიანი სარჩულით.
კაბა წვივებს ნახევრამდე უფარავდა. მის ქვეშ კი, ასევე მოცისფრო კოლჰოტი ეცვა, ნაქარგებით.
ფეხსაცმელმა არანაკლებ გამაკვირვა: ომისდროიდნელ ფილებში რომ გინახავთ, ანდა ბებიების გარდერობში, დახურული,საშუალოქუსლიანი, აჟურებით გაწყობილი, ესაც მოცისფრო ფერის.

ამ ქალში, უკიდეგანო უბრალოებასთან ერთად, რომელსაც მისხალი თავმომწონებობაც კი არ ახლდა, ასევე იყო რაღაც არისტოკრატულის მსგავსი. მის სახეზე ერთდროულად იკითხებოდა თავშეკავება, ქალურობა, სინაზე, რიდი და..ამავე დროს სიძლიერე.

უფრო საოცარი ამ ყველაფერში კი ის იყო, რომ არც ეს ქალი და არც ბავშვები, იმ დღემდე იმ ეკლესიაში არასოდეს მინახავს. თვალიც არ მომიკრავს.
მათ არც არავინ გამოცნაურებია, ესეიგი არავინ იცნობდა..ან, არ შეუმჩნევიათ..
როგორ მოხვდნენ იქ, დილით, მაინცდამაინც იქ, სადაც არასოდეს ყოფილან?
რა აღარ წარმოვიდგინე გონებაში :
აი, მარტოხელა ქალი ბავშვებით, ჩაკეტა თავის პატარა სახლი, ვარდებიანი ბაღითა და მოჩუქურთმებული ჭიშკრით, შეამოწმა სახლთან მდგარი ძველებური საფოსტო ყუთი და გამოუყვა ქუჩებს..სრულიად უცხო უბანში აღმოჩნდა და ტაძარში გამოუწია გულმა..
ან იქნებ ქმარს ეჩხუბა და ასე უმისამართოდ წამოვიდა, იქნებ აქ რაიმე ნუგეშს ეძებს?
თან მის თვალებს რომ შეხედოთ..ცისფერი თუ მომწვანო, ნუშისებრი თვალები.. ისეთი სევდა იკითხება, შიშნარევი სევდა..
გინახავთ ოდესმე შიშნარევი სევდა? ესაა ყველაზე უმწეო გამოხედვა ამქვეყნად, როცა მეტი გზა აღარ გაქვს, როცა აღარ იცი რა ქნა, საით წახვიდე, მაგრამ მაინც არ ეცემი, მაინც არ იმჩნევ..

მას მერე, ის ქალი ეკლესიაში აღარ მინახავს, არც მის შორიახლოს და არც სადმე სხვაგან.
ხანდახან გამახსენდება ხოლმე და ისევ მგონია, რომ მარტო მე ვხედავდი. ან იქნებ მარტო ჩემთვის იყო უცნაური? რატომ არ უკვირდათ სხვებს, ქალი წინა საუკუნის ჩაცმულობით, რომელიღაც ზღაპრიდან ანდა საოცრებათა ქვეყნიდან მოსული?

მალევე დამთავრდა წირვა, ხალხი აირია და ქალიც გაქრა.
ვეძებდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. წამებში გაქრა.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა.
ბერვჯერ მიფიქრია, მასზე დამეწერა..

არ ვიცი ვინ იყო, საიდან მოვიდა, ნამდვილი იყო თუ მე მომეჩვენა, მაგრამ, ერთი ვიცი- თვალებით ამბავს დაატარებდა, ისტორიას, საიდუმლოეებით და სევდით მოცულს..

კიდევ ბევრჯერ გამახსენდება ეს წიგნიდან გადმოსული, გზააბნეული ცისფერკაბიანი ქალი წინა საუკუნიდან, რომელიც, ახლა, ვინ იცის რომელ ქუჩას მიუყვება, ან იქნებ, სულაც, ოქროს რიკულებიან მარმარილოს კიბეებზე დააბიჯებს, ვინ იცის..
 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s