დაბრუნება


6905718-city-fence-street-close-up-trees
ყველაფერი ისევ ისე იყო. კაკლის ხეებიც, მატარებლის სადგურიც.. იცოდა ხოლმე თქმა, აქ არაფერი იცვლება, დრო არ გადისო. ახლა უცნაურად გაყინული მოეჩვენა ქუჩაც, ნაძვებიც, ჰაერიც კი.

განა რამდენი წელი გავიდა? ათი წელი რა ბევრია.. ცხოვრებისთვის არაფერია ათი წელი.  ერთი ამოსუნთქვაა და მეტი არაფერი.

ჭიშკარს, გაღებისას, ისევ ისეთი ჭრიალი გაჰქონდა, როგორც მაშინ. შეამჩნია და ამ ჭრიალის გაგონებისას, თითქოს, გული ყელში მოებჯინაო. თვალწინ გაუარა ამ სახლში გატარებულმა ყოველმა წუთმა. ერთიანად ამოუტივტივდა გონებაში.

აღარც კი ახსენდებოდა ბოლო დროს თავისი ბავშვობა. ან კი როგორ გაახსენდებოდა , როცა წუთიც არ ჰქონდა თავისუფალი. წარმატება  ყოველთვის ასე წარმოედგინა, უნდოდა ყველაფერი მოესწრო და ასწრებდა კიდეც.

ახლა, საკუთარ სახლს ისე უყურებდა, თითქოს არ ჰქონდა უფლება შესვლისო.

-ბებოოო!  -გაბმულად დაიძახა. თუმცა იცოდა, არავინ გასცემდა პასუხს.

ყელში ისევ ის ბურთი მოებჯინა. გაახსენდა, რომ ამას ცრემლები მოჰყვება ხოლმე.

ამიტომაც გაურბოდა ამ სახლს და  ესეც იცოდა.

როგორ დაცარიელებული დაუხვდა ეზო. წეღან თუ ისევ ისეთი მოეჩვენა ყველაფერი, ახლა აღმოაჩინა, რომ რაღაც გამქრალიყო, რაღაც ისე ვეღარ იყო.

ძველ ხის სკამზე ჩამოჯდა,  მაგიდას ხელი გადაუსვა.

ის ნაცნობი გრძნობა დაეუფლა. ბავშვობა ამოუტივტივდა. თითქოს  არ იცნობდა ამ ბავშვს,  ეს პატარა ბიჭი ეუცხოვა, სულ სხვა ადამიანს იხსენებდაო თითქოს.

გაეღიმა.

როგორ ვერ ჩამოვიდა ერთხელ მაინც..თუმცა, არც კი უფიქრია. მეტიც, გაურბოდა მოგონებებს ამ ასფალტაყრილ ქუჩაზე . გონებაში ერთი სიტყვა უტრიალებდა – “წარმატება” და ეგონა ეს ბედნიერებასაც ნიშნავდა.

პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა. ასე ამბობდნენ სხვები.

ისე კი , სიყვარული სხვანაირი წარმოედგინა, მაგრამ მიიღო ისეთი,როგორიც შეხვდა და მეტს არც არაფერს  ითხოვდა.

სიყვარულზეც იშვიათად ფიქრობდა, ისევე, როგორც ამ სახლზე. სიყვარულიც ისევე გადაისროლა გონების უშორეს კუნჭულში, როგორც ეს სახლი.

თვალწინ გაურბინა ყველაფერმა.

ყვავილებიანმა კაბამ, მისმა ცრემლებმა, საკუთარმა გაქცევამ, მერე წარმატებამ..

ახლა კი, დაიღალა და წამოვიდა.

ქუჩა ისევ აქ დახვდა. ნაძვებიც, თეთრი ჭიშკარიც. თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო და თან არც იყო. ეუცნაურა ეს გრძნობა.

რა ძნელია დაუბრუნდე იმას, რაც შენ თვითონ უარჰყავი, დაივიწყე. ტირილი მოუნდა.

ახლა ის ბავშვი, მოგონებებიდან, უფრო ახლობელი გახდა მისთვის, თითქოს შეერწყნენ ერთმანეთს.

“-რა ცოტაა ათი წელი და თან რა ბევრია.”

გაიფიქრა, თითქოს აღმოჩენა გააკეთაო და დამტვერილ მაგიდას ხელი გადაუსვა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s