12 წლის ბიჭი


12 წლის ბიჭი ხომ გინახავთ? ნამდვილი 12 წლის ბიჭი. მზისგან გაშავებული წვრილი მკლავებითა და გადატყავებული მუხლებით. ის არასოდეს იღლება , არასოდეს არაფერი ეზარება. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ამქვეყნად ვერაფერი შეაშინებს. არასოდეს აინტერისებს იმ ტანსაცმლის ფასი, რომელიც აცვია; არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შარვალი და მაისური ექნება . აქვს ერთი ბურთი და კედები, რომელსაც წლის დასაწყისში ყიდულობენ.

image

ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე დგება და მარტო მიდის ტბაზე, მისი სახლიდან სამი კილომეტრის დაშორებით. გზაში ტყის გავლაც უწევს, მაგრამ, რა თქმა უნდა  არ ეშინია. მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ არ დაიჯერებთ, მაგრამ მას მართლაც არაფრის ეშინია.

ჯდება ტბის პირას და გაჰყურებს მეორე ნაპირს . იქით ნაპირას, შუაში, ჭაობებია. დასავლეთით უნდა იცურო, ნაპირს რომ მიადგე. მერე ტყე იწყება, მაღალი ნაძვებით სავსე ტყე.
ბიჭი ჯდება ნაპირზე და წარმოიდგენს – აი შევიდა წყალში , მიცურავს , უსვამს ხელებს და წყალს მიაპობს, იღლება, მაგრამ არ ეპუება, მიცურავს, დროდადრო ზურგზე წვება და ისვენებს, მერე ისევ მიცურავს.. სამი საათი, ოთხიც.. აი გამოჩნდა მეორე ნაპირი, ტყე..
ბიჭი მიუყვება ტყეს. დაბურულია, მზის სხივიც ვერ ატანს,  მგლების ყმუილი ესმის..მიდის ბიჭი და თავგადასავალს ეძებს, ისეთს, ჯერ რომ არავის გადახდენია თავს!
იქნებ ურჩხულებთან ბრძოლამაც მოუწიოს? ან იდუმალ ქოხს გადააწყდეს სადმე, ან სულაც..ჰო , ამასაც კი ფიქრობს, იქნებ სასახლე აღმოაჩინოს? კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით. სასახლე , მარმარილოს კიბეები რომ ამშვენებს..

გაკვეთილები ეწყება. უკანა გზაზე უკვე მზე აჭერს. მაისურს იხდის და ზემოთ , ცაში იყურება. მერე ქვას იღებს და წყალში მოსხლეტით ისვრის. კარგად გამოუვიდა. ეღიმება.
მიაბიჯებს. თავდაჯერებულად, აუჩქარებლად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ისე, ნამდვილი ბიჭი რომ უნდა დადიოდეს.
გზაში , როგორც ყოველთვის,  ღობიდან მეზობლის ბაღში ძვრება და აწითლებულ ვაშლს გეახლებათ. ესაა მისი საუზმე.

ბიჭი ყოველ დილას მიდის სახლიდან , ჯდება ტბის პირას და ნამდვილი ოცნებით ოცნებობს, დიდი ოცნებით.. და თქვენ გგონიათ ვინმეს გაუმხელს ? გგონიათ თავის სამყაროში ვინმეს შეუშვებს? – არა. არასოდეს !

ერთი ბურთი აქვს , ყოველ დღე ერთი და იგივე მაისური და შორტი აცვია, მის წვრილ მკლავებს და მუხლებს რომ შეხედოთ ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მას ვერასოდეს, ვერაფერი შეაშინებს!

Advertisements

2 thoughts on “12 წლის ბიჭი

  1. ძალიან, ძალიან მომეწონა ❤ მინდა რომ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, ისევ 12 წლისები დავრჩეთ. ისევ შეგვეძლოს ოცნება, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს და ლამაზად აღვიქვათ სამყარო.

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s