შეხვედრა ავტობუსში


image

ოგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. ყვითლად შეღებილი თმა, ვარდისფერი პომადა. 80 წელს გადაცილებული იქნებოდა. 13 წლის წინანდელი კადრები დამიდგა თვალწინ, როგორ იჯდა როიალთან და მუდამ ერთნაირი, მომღიმარი გამომეტყველებით უკრავდა რახმანინოვსა და ჩაიკოვსკის.
ავტობუსში ამოვიდა, ადგილი დავუთმე. უცნაურია, თითქოს მოველოდი მის ნახვასო. მის სკამთან დავდექი.
თვითონ დამასწრო და გამომელაპარაკა, რუსული აქცენტით მითხრა -მადლობაო, როგორ შეგაწუხეო..
-მე თქვენ გიცნობთ – ვუთხარი და გავუღიმე.
ღიმილით შემომხედა-იცი, მე ინგლისურს ვსწავლობ!
-ძალიან კარგია ! -გავუცინე.
-რას საქმიანობ?- მკითხა ინგლისურად.
მეც ინგლისურად ვუპასუხე რომ ტელეჟურნალატიკას ვსწავლობდი თეატრალურში.
-ოიჰ ,თეატრალური, რა კარგია!
-იცით მე საიდან გიცნობთ? როცა მეხუთე კლასში ვიყავი, 2002 წელს, თქვენ ჩვენი კონცერტმაისტერი იყავით საბალეტო სკოლაში.
-ოო, მართლა? მე ახლაც ვუკრავ , სულ ვუკრავ, აბა!? -მერე ჩაფიქრდა და თითქოს თავისთვის  გაბრაზებულმა განაგრძო- ეხლა ახალი დირექტორია, განა მოცეკვავეა, არა, სხვა. საერთოდ სხვა..მერე უცებ შემომხედა და მკითხა- Are you married ?
-არა, გათხოვილი არ ვარ-გამეცინა.
-ოიჰ, უნდა გათხოვდე!
-თქვენ? შვილები გყავთ? – ვკითხე და მაშინვე ვინანე. მე ხომ ვიცოდი რომ მარტოხელა იყო. ეს არავის უთქვამს, უბრალოდ ვიცოდი. სხვანაირად ვერ იქნებოდა.

ძალიან სევდიანი სახე გაუხდა და თავი დახარა- არა, არ მყავს..მერე უეცრად სახე გაუნათდა- მაგრამ , მე კატა მყავს! ოღონდ არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი- ისევ მოიწყინა.
-მართლა? მეც მყავს კატა! ბიჭია.-გამიხარდა რომ ჩვენს შორის საერთო აღმოვაჩინე.

მე ვუყურებდი ამ ქალს, რომლის სახელიც არასოდეს მცოდნია, და ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მას არ ვიცნობდი.
ერთხელ, შემთხვევით, ელბაქიძის აღმართზე დავინახე..
დღესაც, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდიო, ისე გამოველაპარაკე. ისიც , ისეთი უშუალობით  და აღტაცებით მიყვებოდა..მიყვებოდა ისტორიას, თუ რა უთხრა ერთხელ ვახტანგ ჭაბუკიანმა. ხმას დაუწია და ჩურჩულით, საიდუმლოდ მეუბნებოდა. მე ავტობუსისა და ხალხის ხმაურში, რა თქმა უნდა, არაფერი მესმოდა, მაგრამ არც იყო საჭირო გამეგო სიტყვები, ისედაც ყველაფერს ვხედავდი მის თვალებში.
ეს იყო ძალიან ლამაზი და საიდუმლო ამბავი, რომელიც მან მხოლოდ მე გამანდო.
-თქვენ ცეკვავდით?- ვკითხე ბოლოს.
-მე ვცეკვავდი-სიამაყით აენთო თვალები-ოპერაში! და ახლა..სამი წელია აღარ ვარ იქ-მოიწყინა ისევ.
– კარგად გამოიყურებით, ისევ ისეთი ხართ! -მინდოდა გამეხარებინა.
ამომხედა- I’m tired..დავიღალე.
ფანჯაში გაიხედა და ერთხანს მზერა ერთ წერტილს შეაჩერა. თითქოს ცხოვრების უშორეს მომენტს იხსენებსო.
-ახლა მარტო ცხოვრობთ?- ისევ გავბრაზდი ჩემს თავზე ეს რომ ვკითხე.
გამოერკვა-ჰო , მარტო, But I have so many friends!
-რა კარგია, ეს არის მთავარი! -ვცადე მისი გამხნევება.
სევდანარევი ღიმილით შემომხედა -ოო არა, ეს არ არის მთავარი..
გამიღიმა და წამოდგა.
ეს მისი გაჩერება იყო.
კარებთან იდგა, მოიხედა და მითხრა-You are beautiful!
-თქვენც, თქვენც ძალიან ლამაზი ხართ!- ვუთხარი და ტირილი მომინდა.
რომ ჩავიდა ფანჯრიდან კოცნა გავუგზავნე ,მანაც გამოგიგზავნა.
მის ადგილას დავჯექი და ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს ამ ქალის მთელ ცხოვრებას ჩემს თვალინ ჩაევლო. თითქოს მის შესახებ ვიცოდი ის, რაც არავინ იცოდა.
ამ უცნაურ ქალში იყო რაღაც ძალიან სევდიანად ლამაზი. ეს ის ქალი იყო, რომელიც ყოველთვის უყვართ,  რომელზეც წიგნებს წერენ, რომელსაც შორიდან ეტრეფიან, ლექსებს უძღვნიან.. მაგრამ ისინი, მაინც, სულ მარტონი არიან.

ზოგჯერ ძალიან სევდიანები, მაგრამ ყოველთვის ლამაზები, სულ ლამაზები.
მას რომ ვუყურებდი 16 წლის გოგოს ვხედავდი, კეკლუცს, ბედნიერს..
ყველაფერი იყო ამ ქალში: სცენა, ცეკვა, თეატრი, სიყვარული..ყველაფერი თავისი იდუმალებით.
მისი ქერა თმა, აპრეხილი, რუსული ცხვირი, შეღებილი ტუჩები..წარმოვიდგინე რა ლამაზი ოქნებოდა სცენაზე. სცენის დედოფალი..
და სრულიად მარტო, მთელი ცხოვრება მარტო.
როცა ვუთხარი რომ ძალიან ლამაზი იყო, ეს იმიტომ არ მითქვამს ,რომ მან მითხრა პირველმა. ის მართლაც ლამაზი იყო.
თითქოს არც მოხუცებულა, ისევ პატარა გოგო იყო.
ეს მარტოხელა, კეკლუცი და მხიარული ქალი თან დაატარებდა მთელ ისტორიას, მისტიურ და საიდუმლო ამბებს, რომელიც ყოველთვის ახლავს სცენას.
13 წლის მანძილზე მისი მსგავსი ქალები, ყოველთვის მას მახსენებდნენ. და აი დღეს სრულიად შემთხვევით ვიპოვე ის.
ვინ იცის, კიდევ ვნახავ თუ არა მას ოდესმე. მაგრამ თუ ვნახავ, აუცილებლად ვთხოვ მომიყვეს ყველაფერი, ყველაფერი, რაც არასოდეს არავისთვის უთქვამს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s